ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
სათასო ნახევარფინალის პირველი მატჩი მართლაც დინამიკური, ამაღელვებელი მომენტებით, ვაჟკაცური ორთაბრძოლებით სავსე გამოდგა და ყოველივე ეს მოხდა აპრილისთვის კურიოზულ ქარბუქიან, სუსხიან, წვიმიან ამინდში, გაჟღენთილ მოედანზე, რამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი კორექტივებიც შეიტანა თამაშში.

შეტევაზე ორიენტირებულმა ორივე გუნდმა პირველ ათწუთიან მონაკვეთშივე გაცვალა სახიფათო მომენტი: ჯერ დავით კირკიტაძის დარტყმა მოიგერია კუთხურზე მინდია ბობღიაშვილმა, მერე გიორგი მანწკავას აუღო გიორგი სომხიშვილმა.

უფრო აქტიურები მასპინძლები იყვნენ, რასაც მოჰყვა კიდეც შედეგი მე-16 წუთზე. ამაში ლომის წილი დაიდო კირკიტაძემ, რომლის გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ საჯარიმო მოედანში ხელით ითამაშა ქემოკლიძემ.

პენალტი მისთვის ჩვეული სიდინჯით და სიზუსტით დავით ოდიკაძემ დაარტყა მეკარისათვის მიუწვდომელ დაბალ კუთხეში - 1:0.

თამაშს უხეში არ ეთქმოდა, მაგრამ ხშირი იყო ჯარიმები, რაშიც "დამნაშავე", ფეხბურთელებზე მეტად, ამინდი იყო. ერთ-ერთი ასეთი ჯარიმისას გიორგი რეხვიაშვილმა საკმაოდ შორიდან უძლიერესად დაარტყა კარში. ბობღიაშვილს წამის მეათედებში დაუგვიანდა ნახტომი და - 2:0.

VideoSportall.Ge
23.04.13. ჩიხურა - სიონი 2:0


ეს ბოლნისელთა კარის დარაჯის ერთადერთი შეცდომა იყო და, საერთოდ, თუ ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გავიდა, ეს ორივე მეკარის დამსახურებაა. მათ თითქმის უიმედო მომენტებშიც იყოჩაღეს.

Sportall.Ge22-ე წუთზე ნიკა კვასხვაძეს არ გაატანინა ბობღიაშვილმა, 43-ე წუთზე კი ირაკლი კლიმიაშვილს - სომხიშვილმა.

იგრძნეს რა, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე "ვა-ბანკზე" წავიდნენ სტუმრები. 46-ე წუთზე რევაზ ქემოკლიძის ძალიან სახიფათო დარტყმა ოდნავ ასცდა კარს; 50-ე წუთზე გიორგი ცხადაიას უძლიერესი დარტყმა გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე საჩხერელთა გოლკიპერმა.

64-ე და 66-ე წუთებზე ბესიკ დეკანოიძისა და ვაჟა ლომაშვილის დარტყმებს გოლები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ბობღიაშვილმა კვლავაც ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

მე-80 წუთზე კი შეცვლაზე შემოსული რევაზ გოცირიძე, უბრალოდ, ვალდებული იყო, გაეტანა, თუმცა ამ შემთხვევაშიც იმარჯვა მეკარემ, რომელიც კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო მომდევნო ეპიზოდებშიც, როცა დავით ბოლქვაძე და ნიკა კვასხვაძე ცდილობდნენ გოლის გატანას.

თამაშის დამთავრებას თითქმის აღარაფერი აკლდა, როცა სერგი ორბელაძეს შეეძლო, თავისი გუნდისათვის ესოდენ საჭირო გოლი გაეტანა, მაგრამ გიორგი სომხიშვილი კვლავაც შეუვალი იყო.

ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" საგრძნობლად შეიმოკლა გზა ფინალამდე, თუმცა საპასუხო მატჩს ინტრიგა მაინც შერჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხურა ჩემპიოოოოონ... გენაცვალეთ ბიჯებო ეგრე გააგრძელეთ და ტასი ჩვენიაააა
fc chikhura (kaliebi)
16:50 24-04-2013
0

სიახლეები პოპულარული