"ჩიხურა" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს დაუპირისპირდება და შეიძლება ითქვას, რომ ფინალს ფავორიტი ჰყავს, თუმცა ზოგი ფინალი ისეთია, მოულოდნელად რომ ვითარდება პერიპეტიები.
მატჩის წინა დღეს "ჩიხურამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. სოსო ფრუიძემ ფეხბურთელები დიდად არ დატვირთა, მატონიზირებელ ვარჯიშში ტაქტიკური ელემენტები ვერ დავინახეთ.
რაც შესამჩნევი იყო, "ჩიხურას" ფეხბურთელების სილაღე გახლდათ, ფინალის ვერმოგების შემთხვევაში ხომ
ვარჯიშამდე "ჩიხურას" დამრიგებელმა ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართა.
- ცხადია, ფინალშიც წარმატების მიღწევა გვსურს, გავალთ მოედანზე და თავისუფლად ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. "დინამო" ყველანაირად შეეცდება, რომ ამ სეზონში დუბლი შეასრულოს. "ჩიხურას" სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ფინალის შემდეგ შევხვდები კლუბის ხელმძღვანელობას და დავსახავთ გეგმას.
- "ჩიხურა" ფინალს უდანაკარგოდ ვერ შეხვდება...
- ამ მატჩისთვის არ გვეყოლებიან დავით ოდიკაძე და გიორგი რეხვიაშვილი (ისინი "დინამო თბილისისგან" ინათხოვრა "ჩიხურამ" და შეთანხმების თანახმად, თავიანთი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვთ - რედ.), კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნიკა კვასხვაძის თამაში, მას ტრავმა აწუხებს.
ამ ფინალისთვის დისკვალიფიცირებულნი იყვნენ დავით ბოლქვაძე და ედიკ საჯაია, მაგრამ "დინამომ" გვიშუამდგომლა ფეხბურთის ფედერაციასთან და ამ ფეხბურთელებს ფინალში თამაშის ნება დართეს. ცხადია, რომ არა "დინამოს" პოზიცია, ეს მოთამაშეები ფინალში არ გვეყოლებოდნენ.
- მეტოქეზე რას გვეტყოდით, უფრო რა განაპირობებს "დინამოს" ძალას - ცალკეული ფეხბურთელების ოსტატობა თუ გუნდური თამაში?
- "დინამოს" მართლაც კარგი შემსრულებლები ჰყავს, განსაკუთრებით, შეტევაში ინდივიდუალურად კარგი თამაშით აღწევს ეს გუნდი წარმატებას.
- და ასეთ მოწინააღმდეგესთან რის ხარჯზე შეუძლია "ჩიხურას" წარმატების მიღწევა?
- ვნახოთ, ვიბრძოლებთ, დაცვაში არ ჩავჯდებით, შეტევაში აქტიურად თამაშს ვაპირებთ; თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.
- ისეთი შეგრძნებაა, თითქოს "დინამოს" უკვე მოგებული აქვს ეს ფინალი...
- მე არ მაქვს ასეთი შეგრძნება. "დინამოსთან" თამაშის არანაირი კომპლექსი არ გაგვაჩნია. ამ სეზონში "დინამოს" უკვე მეხუთედ ვეთამაშებით. ის ამოცანა, რაც სეზონის წინ გვქონდა, უკვე შევასრულეთ. ასე რომ, ამ შეხვედრაში თავისუფლად ვიმოქმედებთ.
- საჩხერიდან მოდიან გულშემატკივრები "ჩიხურას" მხარდასაჭერად?
- გულშემატკივრები ჩამოვლენ. გარდა ამისა, თბილისში ბევრი საჩხერელი ცხოვრობს და მათი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.
- პრემიერ-მინისტრი არ აპირებს საქომაგოდ მოსვლას?
- არა მგონია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს