სათასო ევოლუცია

AutoSharing Option
ჩემპიონატში 20 ნოემბრამდე შესვენებაა, თუმცა ჩვენი ფეხბურთელების "მოსვენება" სად გაგონილა: დღეს, საქართველოს თასის მერვედფინალებია!

სათასო გათამაშებას მუდამ გარკვეული თავისებურება ახასიათებს; ყოველ შემთხვევაში, ევროპის თითქმის ყველა წამყვან ლიგაში უკვე ჩვეულებრივ ამბად აიღქმება ის ფაქტი, როცა მეორე თუ მესამე (!) დივიზიონის გუნდები, თასის გათამაშებაში ფინალამდეც რომ მიაღწევენ-ხოლმე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თასის გათამაშებაში (თანაც, ნებისმიერ სტადიაზე) უამრავი სენსაციური შედეგი ფიქსირდება. ასეთ ტენდენციას გარკვეული "ახსნაც" მოეძებნება: წამყვანი საფეხბურთო ლიგების წამყვანი გუნდები პრიორიტეტს ჩემპიონატს ანიჭებენ, საიდანაც ჩემპიონთა ლიგაზე გადიან; ეს კი, რაღა თქმა უნდა,
ფინანსურად მომგებიანია, აღარაფერს ვამბობთ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს და ჯერაც გადაუჭრელ პრობლემაზე, - გადატვირთული კალენდარი რომ ჰქვია.

მაგალითისთვის ინგლისური პრემიერლიგა და იქაური გრანდები გამოდგება: "ჩელსი", "მანჩესტერი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ და ძალიან დიდი ალბათობით, ამ პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობას გაზაფხულზეც გააგრძელებენ. დავუმატოთ ამას საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი, ინგლისის ასოციაციის თასი (მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი) და ლიგის თასი; მოკლედ, ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ აგვისტოდან მაისის ბოლომდე ფეხბურთელებს კვირაში, სულ მცირე, ორი-სამი მატჩის ჩატარება უწევთ. ამის გამოც არის, რომ იგივე "ჩელსის", "არსენალისა" თუ "მანჩესტერის" მწვრთნელები სათასო შეხვედრებში, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობით ასპარეზობენ.

სხვათა შორის, უეფას მესვეურებს თასების მფლობელთა თასის გათამაშების გაუქმებისკენ სწორედ ამანაც უბიძგა: წლიდან წლამდე, თითქმის ყველა წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში სათასო მატჩები უფრო და უფრო ნაკლებად პრესტიჟული ხდებოდა. თუმცა, ბევრგან, ბოლო დროს სასიკეთო ტენდენციაც შეინიშნება: თასის ყოველი ეტაპის გადალახვისას გუნდების ბიუჯეტში სოლიდური თანხა შემოდის; ანუ, შედარებით "ღარიბ" გუნდებს დამატებითი მოტივაციაც ეძლევათ, რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით... ჩვენამდე "ვერ მოუღწევია". ან, რომელ ფინანსურ დაინტერესებაზეა ლაპარაკი (თანაც, მერვედფინალში), როცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო... სუპერთასიც ვერ გაგვითამაშებია! უფრო მეტიც: საქართველოს თასის ბოლო გათამაშების ფინალურ შეხვედრაზე საპრიზო ფონდი საერთოდ არ ყოფილა...


ვეღარ იცუღლუტებთ
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის წინა ხელმძღვანელობამ თასის გათამაშების პრესტიჟის ასამაღლებლად რამდენჯერმე შეცვალა ტურნირის სქემაც; ერთი პერიოდი, თუ გახსოვთ, ჯგუფური ეტაპებიც იყო, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც კურიოზულ სიტუაციებზე, როცა ჩემპიონატის მატჩებში დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელები განზრახ (!) იღებდნენ გაფრთხილებებს, მომდევნო თამაში რომ გამოეტოვათ. ეს "მომდევნო თამაში კი... სათასო მატჩი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ჩემპიონატის შეხვედრებზე გადაიტანდნენ. და აი, ახალი სეზონიდან ჩვენს ფეხბურთელებს ეს "ცუღლუტობა" აღარ გამოუვათ: ჩემპიონატში მიღებული ყვითელი ბარათები... თასის გათამაშებაში აღარ ვრცელდება! ჰოდა, ამ პერიოდიდან უკვე ვეღარ ვიხილავთ იმ მართლაც კომიკურ სცენებს, არცთუ იშვიათად რომ ვხედავდით ჩვენს სტადიონებზე: როცა ესა თუ ის ფეხბურთელი ლამის... ეხვეწებოდა არბიტრს, გინდა თუ არა, გაფრთხილება მომეციო...

საქართველოს 2010/2011 წლების დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში უმაღლესი ლიგის გუნდები 1/16 ფინალიდან ჩაებნენ. ოღონდ, მხოლოდ 6 გუნდი იყო და ექვსივემ წარმატებით დაძლია ეს ბარიერი: "სიონმა", "ბაიამ", "სამტრედიამ", "ტორპედომ", "კოლხეთმა", "სპარტაკმა". ისიც სიახლე იყო, რომ უმაღლესი ლიგის ექვსივე გუნდი სტუმრად თამაშობდა (იგივე სიტუაციაა მერვედფინალშიც) და ასეთ პრინციპს თასის ადრეულ ეტაპებზე უკვე წლებია მთელ რიგში უცხოურ ქვეყნებში (გერმანია, ბელგია, რუსეთი) მისდევენ. ისე, 1/16 ფინალი კი ვახსენეთ, მაგრამ, კვლავაც და კვლავაც ობიექტური მიზეზის გამო, წყვილი... 12 იყო! ანუ, ამ თორმეტ წყვილში გამარჯვებულებს "ოლიმპი", "ზესტაფონი", "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" (ევროტურნირებზე მონაწილეობდნენ და საქართველოს თასის პირველ ეტაპზე განთავისუფლებული იყვნენ) დაემატათ და მერვედფინალისთვის "საჭირო კვოტაც" შეივსო. იმასაც შეგახსენებთ, რომ როგორც წინა ეტაპზე, მერვედფინალშიც ერთრაუნდიანი პაექრობებია. ანუ, ყველა მეოთხედფინალისტი დღეს გამოვლინდება: ძირითადი დრო თუ ფრედ დამთავრდება, 30-წუთიანი ორი დამატებითი ტაიმი დაინიშნება; დამატებითი დროც თუ ფრედ დამთავრდა ("ოქრო-ვერცხლის გოლები" აღარ არსებობს), მაშინ უკვე პენალტების სერიამ უნდა გამოავლინოს მეოთხედფინალისტთა ვინაობა. ამიტომაც არის, რომ თითქმის ყველა დღევანდელი მატჩი შედარებით ადრე, 13 საათსა და 30 წუთზე იწყება. გამონაკლისი მხოლოდ ერთი შეხვედრაა: ქუთაისის "ტორპედოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩი 18 საათზე დაიწყება.


სიურპრიზების მოლოდინი
მერვედფინალებში მხოლოდ ორი წყვილია, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ქუთაისში, ხელოვნური განათების ქვეშ ჩატარდება. სხვათა შორის, ამ სეზონში "ტორპედო" და "ბაია" ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ და პირველი შეხვედრა თუ ზუგდიდური გუნდის გამარჯვებით (1:0) დამთავრდა, მეორე მატჩი ანალოგიური ანგარიშით ქუთაისელებმა მოიგეს. ამას გარდა, მართლაც საინტერესოა, როგორი გაგრძელება ექნება ახალი მწვრთნელის გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედოს" წაუგებელ სერიას, უკვე 7 მატჩია რომ გრძელდება. აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ და არანაკლებ შთამბეჭდავ სერიაზე: უკვე 5 მატჩია, მეტოქეებს "ტორპედოს" კარში გოლი ვერ გაუტანიათ!

უმაღლესი ლიგის გუნდებისგან შედგენილი მეორე წყვილიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: "სპარტაკმა" გორში, "ქართლის" სტადიონზე უნდა უმასპინძლოს "სამტრედიას". ერთი შეხედვით, ამ გუნდების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს, სათასო ბატალიები ნაკლებად უნდა აწუხებდეთ: "სპარტაკისა" და "სამტრედიას" უმთავრესი მიზანი ხომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთი გუნდი უარს არ იტყვის მეოთხედფინალში გასვლაზე...

აი, დანარჩენ ექვს წყვილში კი პირველი ლიგის გუნდები უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებს უმასპინძლებენ და, სულ მცირე, ორი-სამი სენსაციური შედეგიც რომ დაფიქსირდეს, არავის გაუკვირდეს. ბოლოს და ბოლოს, თასის შარშანდელი გათამაშება გავიხსენოთ, როდესაც მეოთხედფინალში პირველი ლიგის ერთდროულად სამი წარმომადგენელი ("მერანი", "ჩიხურა", "კოლხეთი") გავიდა. ეგ კი არა, მარტვილის "მერანმა" სულაც ნახევარფინალამდე მიაღწია! ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერანმა" შარშანდელი შემადგენლობის ბირთვი შეინარჩუნა და უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. საერთოდაც, "მერანს" საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს (გამოცდილებიც არიან, პერსპექტიული ახალგაზრდებიც და... ლეგიონერებიც), ფინანსურადაც არ უჭირს და, აქედან გამომდინარე, ბოლნისის "სიონს" მეტად რთული მატჩი ელოდება.

საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს "ჩიხურასა" და "დინამოს" დაპირისპირებაც: სტუმრებს მოედანზე პირველად გაიყვანენ თამაზ სამხარაძე და გელა ჭანტურია, რომლებსაც არ დაავიწყდებოდათ საჩხერეში ბოლო ვიზიტი. შეგახსენებთ, რომ თასის წინა გათამაშებაში "ჩიხურამ" ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა მერვედფინალში რუსთავის "ოლიმპი" დაამარცხა. "ჩიხურას" გამოცდილ მწვრთნელს სოსო ფრუიძეს და მის შეგირდებს არანაკლებ რთული მეტოქე ჰყავდათ მეოთხედფინალშიც, როცა თბილისის "დინამოსთან" ორმატჩიანმა დაპირისპირებამ მოუწიათ. პირველი მატჩი, საჩხერეში რომ ჩატარდა, 1:1 დამთავრდა. ასევე ფრედ, ოღონდ, 0:0 მორჩა განმეორებითი შეხვედრა და "დინამო" ნახევარფინალში მხოლოდ და მხოლოდ, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა. აი, ამჯერად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არანაირ "სტრატეგიულ გათვლებს" აზრი აღარ ექნება - ყველა მეოთხედფინალისტი დღეს უნდა გაირკვეს!

მარტვილის "მერანის" მსგავსად უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია "გაგრაც", დღეს ფოთის "კოლხეთს" რომ უნდა უმასპინძლოს. სხვათა შორის, პირველ ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, "გაგრას" ხელმძღვანელობამ გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად, შეინარჩუნა (დონეცკის "შახტარში" გადასულ თორნიკე ოქრიაშვილს თუ არ ჩავთვლთი) და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, უმაღლეს ლიგაში პირველივე ცდაზე რომ არ გადმოვიდნენ. ალბათ, ბევრს გაუკვირდა, რომ გუნდში მუშაობა კვლავაც გააგრძელა გამოცდილმა უკრაინელმა სპეციალისატმა ანატოლი პისკოვეცმა; ისიც აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის გარდა "გაგრაში" ორი უკრაინელი ფეხბურთელიც თამაშობს: მიკოლა ნაკონეჩნი და ვლადიმირ ორდინსკი.

რამდენიმე "ნაცნობი" ფეხბურთელია თბილისის "ლოკომოტივში", მრავალწლიანი პაუზის შემდეგ რომ დაუბრუნდა პირველ ლიგას. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მწვრთნელის, ლაშა ჭაღიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში ამ სეზონშივე ალბათ, ვერ დაბრუნდება; სამაგიეროდ, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დღეს სერიოზულზე-სერიოზული გამომცდელი ეყოლებათ რუსთავის "ოლიმპის" სახით - ქვეყნის ჩემპონი და წლევანდელი გათამაშების ერთპროვნული ლიდერი ამ წყვილში რომ უპირობო ფავორიტია, ვფიქრობთ, ამ ფაქტს ბევრი მტკიცება არ სჭირდება. აი, ორ დარჩენილ წყვილში კი ასე გადაჭრით იმავეს ვერ ვიტყოდით: ბათუმის "დინამოს" ტრადიციებზე (განსაკუთრებით, თასის გათამაშებებში) საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამჯერად გუნდი პირველ ლიგაშია და ლიდერებსაც ბევრით არ ჩამორჩება. რაც მთავარია, ამირან გოგიტიძის გუნდს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ნებისმიერი მეტოქისათვის და ამ შემთხვევაში, "ზესტაფონს" იოლი მატჩი არ ელოდება. თუმცა, იმერული კლუბის დანავსულ პერიოდსაც ბოლო ხომ უნდა მოეღოს, არადა, უკვე არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც გავიმეორებთ: "ზესტაფონს" რომ შემადგენლობა ჰყავს, საქართველოში ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის...

დაბოლოს, საქართველოს თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებულ "ვიტ ჯორჯიაზეც": მერაბ კოჭლაშვილის გუნდს შორეული და... რთული სტუმრობა ელის წალენჯიხაში. ერთი შეხედვით, მასპინძელთა შანსები დიდად არ უნდა შეფასდეს, მაგრამ "სქურის" შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვთ.

მოკლედ, საინტერესო მერვედფინალური მატჩები გველოდება და აი, ამის მერე კი, უკვე ნამდვილად " დაისვენებენ თუ "მოისვენებენ" ჩვენი ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, არბიტრებიც! ისე, რახან მსაჯები ვახსენეთ, ბარემ, იმედიც გამოვთქვათ, რომ დღევანდელი სათასო მატჩები უექსცესოდ და უსკანდალოდ დასრულდეს...


გაგრა-კოლხეთი (ფოთი) 13:30 სთ. მერანის სტადიონი
არბიტრი: გ. დოგრაშვილი
ასისტენტები: კ. გაბრიაძე, დ. ჩიგოგიძე
დამხმარე მსაჯი ხ. გაგნიძე

ტორპედო (ქუთაისი) - ბაია (ზუგდიდი) 18:00 სთ.
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
ასისტენტები: ზ. ფიფია, ზ. ჯვარიძე
დამხმარე მსაჯი თ.გვანცელაძე

ჩიხურა (საჩხერე) - დინამო (თბილისი) 13:30 სთ.
არბიტრი: ლ. სილაგავა
ასისტენტები: ნ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი
დამხმარე მსაჯი ა.ნონიკაშვილი

დინამო (ბათუმი) - ზესტაფონი 13:30 სთ.
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ასისტენტები: ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია
დამხმარე მსაჯი მ.ურუშაძე

ლოკომოტივი (თბილისი) - ოლიმპი (რუსთავი) 13:30 სთ. საგურამოს ბაზა
არბიტრი: ი.ურუშაძე
ასისტენტები: ზ. მენთეშაშვილი, ი. მაჩიტიძე
დამხმარე მსაჯი ჯ.ხორავა

მერანი (მარტვილი) - სიონი (ბოლნისი) 13:30 სთ.
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ასისტენტები: ი. კაკაბაძე, კ. ბერაძე
დამხმარე მსაჯი კ.ჭაჭუა

სქური (წალენჯიხა) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 13:30 სთ.
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ასისტენტები: ლ. მიქელაძე, გ. ჩიგოგიძე
დამხმარე მსაჯი ო. ხეცაძე

სპარტაკი (ცხინვალი) - სამტრედია ( სამტრედია) 13:30 სთ.
არბიტრი: ლ.კვარაცხელია
ასისტენტები: ზ. ბერულავა, ლ.ვარამიშვილი
დამხმარე მსაჯი მ.ბეუქლიშვილი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული