ბაია უპატრონოდ უსამართლობაა

AutoSharing Option
უსამართლობაა, ისეთ მებრძოლ და სიმპათიურ გუნდს, როგორიც ზუგდიდის "ბაიაა", პატრონი რომ არ ჰყავს. ზუგდიდელები ქუთაისში ისევ ნასესხები ფულით ჩავიდნენ და ფინანსურად "საპირისპირო პოლუსზე" მყოფ "ტორპედოს" დიდი ბრძოლა გაუმართეს. სტუმრები მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ და ძირითად დროში უკეთესი საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, აქ კი ქუთაისელთა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა და 111-წუთზე ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით ტორპედოელებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. სხვათა შორის, საბანაძემ "ბაიას" ამას წინათ ჩემპიონატშიც გაუტანა და მისი გოლი მაშინაც გამარჯვების
მომტანი აღმოჩნდა.

შეხვედრის საწყის წუთებში მოედანზე ხისტი ბრძოლა გაჩაღდა. გუნდები ცენტრის დაუფლებას ცდილობდნენ და ერთმანეთს უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ. შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ესწრებოდა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკვირდებოდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს. 14-ე წუთზე მათ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ეხვაია მარჯვნიდან საჯარიმოში შეიჭრა და საპირისპირო მხარეს მყოფი წურწუმია მეკარესთან პირისპირ დატოვა. გოლი გარდაუალი ჩანდა, მაგრამ მიგინეიშვილმა წურწუმიას დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ტორპედოელები ძირითადად კვარაცხელიასა და საბანაძის მისამართით მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს - 17-ე წუთზე თარხნიშვილის დარტყმა ასცდა მიზანს, ათიოდე წუთში კი გურულის გამჭოლ გადაცემას საბანაძემ ვერ მიუსწრო. ტაიმის მიწურულს უხეშობამ იმატა და ამას ფეხბურთელებს შორის მცირე წაკამათებაც მოჰყვა, თუმცა არბიტრმა კრიჭაშვილმა მხარეები მალევე დააშოშმინა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. 52-ე წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი თარხნიშვილმა კარგი პოზიციიდან შეუჩერებლივ დაარტყა, მაგრამ ააცილა. ათიოდე წუთში სტუმრებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს, ეხვაიამ კვეკვესკირი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ნიკას მიზანმა უმტყუნა. ქუთათურთაგან თარხნიშვილს და ჩიკვილაძეს შეეძლოთ თავის გამოჩენა, ორივე თავური დარტყმით ცდილობდა მეტოქის დამწუხრებას, თუმცა უშედეგოდ. მატჩის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში ფარულავა წაიქცა და მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრს დარღვევა არ დაუფიქსირებია.

დამატებითი დროის მე-5 წუთზე ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ მიეცათ გოლის გატანის რეალური შანსი. ლომიამ კვეკვესკირი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ზედმეტად წინ გაიგდო და მიგინეიშვილმა დარტყმა აღარ დაანება. სამაგიეროდ, 111-ე წუთზე შანსი ხელიდან არ გაუშვა ნიკა საბანაძემ. მას შემდეგ, რაც დათუნაიშვილის დარტყმა მცველებმა იქვე მოიგერიეს, ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ბურთი დაუცველ კარში შეაგორა და "ტორპედოს" გამარჯვება მოაპოვებინა.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "პირველ რიგში, მინდა, "დინამოსთან" მატჩის შემდეგ ამტყდარ აჟიოტაჟზე გავაკეთო კომენტარი. ფეხბურთელებმა იმ მაჩში თავი დადეს და ქულა დამსახურებულად მოიპოვეს. ის, რომ თითქოს ტოტალიზატორი იყო ჩარეული ამ მატჩის შედეგში, ჩვენი გუნდის შეურაცხყოფაა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, "ტორპედოს" თუ არ ვჯობდით, არც არაფერში ჩამოვუვარდებოდით. მასპინძლებს გოლამდე კარში ერთხელაც არ დაურტყამთ, ჩვენ კი რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ."

გია გიგატაძე (ტორპედო): "ძალიან რთული თამაში იყო. "ბაია" კარგი გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით."


ტორპედო-ბაია 1:0
10.11.10. ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
1:0 საბანაძე (111)

ტორპედო (4-4-2): მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, თარხნიშვილი, გურული (46. მ. გიგაური), საბანაძე (114. ლომაშვილი), ვ. კვარაცხელია (65. გ. ჩხეტიანი).
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, ნ.კვასხვაძე, კემუხტაშვილი
მწვრთნელი: გ. გიგატაძე.

ბაია (4-5-1): ზარქუა, კანდელაკი, კვესიეშვილი, ლ. აკობია, რ. ონიანი, კვეკვესკირი, გუგუჩია (100. კუკავა), ვართაგავა, შ. ლომია (115. ჩანგელია), წურწუმია (112. სამუშია), ეხვაია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, აფაქიძე, რიგვავა, ქვარცხავა.
მწვრთნელი: ე. ქომეთიანი.

გაფრთხილება: კანდელაკი (42), გუგუჩია (45), დათუნაიშვილი (77).

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული