საქართველოს თასი. 1/8-ფინალის წინათქმა: ველოდოთ სენსაციებს?

AutoSharing Option
30 ოქტომბერს საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართება და როგორც ამ გათამაშებას "სჩვევია", გარკვეულ სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.

ყოველ შემთხვევაში, ინტრიგა ნამდვილად იქნება: რვა წყვილიდან ხომ, ფაქტობრივად, მხოლოდ სამშია გარკვეული მეოთხედფინალისტის ვინაობა, დანარჩენ ხუთ წყვილში კი ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი და სადმე დამატებითი დრო ან პენალტების სერიაც რომ დაინიშნოს, არც ეს უნდა გაუკვირდეს ვინმეს.

ისე, მართლაც საინტერესოა, თუ როგორი "წარმომადგენლობა" ეყოლებათ მეოთხედფინალში უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს.

დღესდღეობით კი ასეთი სიტუაციაა: 16 მერვედფინალისტიდან 5 პირველ ლიგას წარმოადგენს, 11 კი - უმაღლესს (მხოლოდ
"ზუგდიდი" გამოეთიშა გათამაშებას 1/16-ფინალში). მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

30.10. თბილისი. "დინამო არენა". 14:00
დინამო (თბ)-კოლხეთი (ხ)
პირველი მატჩი: 9:0
დისკვალიფიკაცია: უსტარიცი (დინამო)

ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი მართლაც მშვენიერ ფორმაში ხვდება სათასო პაექრობას: დუშან უჰრინის გუნდმა ზედიზედ რვა მატჩი მოიგო.

ამ სერიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი პირველი მერვედფინალური შეხვედრაც იყო, ხობის ნაცვლად, ფოთში რომ ჩატარდა და სადაც, ფაქტობრივად, გაირკვა კიდეც ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა.

მოგეხსენებათ, რომ "დინამოს" ჩეხი თავკაცი მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გათვალისწინებით ახდენს ძირითად შემადგენლობაში როტაციას; თუმცა პირველ მერვედფინალში რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, სხვადასხვა მიზეზით ძირითადში იშვიათად რომ ჩნდებიან (გიორგი მიქაბერიძე, პატრიკ ვუო, გიორგი შაშიაშვილი, ირაკლი ლექვთაძე).

ჰოდა, ზოგმა მათგანმა გაამართლა კიდეც: მიქაბერიძემ (ისე, როგორც დარკო გლიშიჩმა და ჩისკომ) დუბლი შეასრულა, ვუომ კი ერთ გოლს 2 საგოლე პასი მიუმატა.

აი, რაც შეეხება ხობის "კოლხეთს", პირველი ლიგის ამ "სტაჟიან" წევრზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მერვედფინალის წილისყრისას ყველაზე მეტად ამ გუნდს არ გაუმართლა...

30.10. ფოთი. "ფაზისი". 14:00
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი

პირველი მატჩი: 0:2

ამ წყვილის ფავორიტმა "მეტალურგმა" პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში სავსებით საკმარისი "ჰანდიკაპი" შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ 30 ოქტომბერს თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გარკვეული როტაციაც მოახდინოს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "მეტალურგმა", ოთხ დღეში თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!..

პირველ ლიგაში მოასპარეზე "კოლხეთი", როგორც მოსალოდნელი იყო, თავის ზონაში ერთპიროვნული ლიდერია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფშიც აუცილებლად მოხვდება.

"კოლხეთი" რომ ურიგო ფეხბურთს არ თამაშობს, "მეტალურგთან" პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშიც დავრწმუნდით და ფოთელთა საუკეთესო ბომბარდირმა დათა სიჭინავამ ორჯერ ხარიხასაც გაარტყა ბურთი.

30.10. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 15:00
ზესტაფონი-სიონი
პირველი მატჩი: 0:1

აი, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი წყვილი; თანაც, პირველი მატჩი ისეთი ანგარიშით დამთავრდა, 30 ოქტომბერს მასპინძლებს მხოლოდ მოგება (თანაც - სასურველი ანგარიშით) რომ ესაჭიროებათ.

თუმცა, გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა მაინც მასპინძლებს უნდა ჰქონდეთ.

"ზესტაფონი" ამ ბოლო დროს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს და ნელ-ნელა უახლოვდება ლიდერთა ჯგუფს, მაშინ, როცა "სიონის" საქმეები უკან და უკან მიდის. ალბათ, ამის "გამოძახილიც" იყო ბოლნისელთა გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებაც: როგორც უკვე იცით, მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი კიკნაძემ დატოვა და მის ნაცვლად 30 ოქტომბერს "სიონს" გიორგი ლოლაძე დამოძღვრავს.

სხვათა შორის, ჩემპიონატის უახლოეს ტურში, 3 ნოემბერს რომ უნდა ჩატარდეს, "ზესტაფონმა" სწორედ "სიონს" უნდა უმასპინძლოს.

30.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
მერანი-გურია
პირველი მატჩი: 2:1

უმაღლესლიგელთა კიდევ ერთი საინტერესო წყვილი, სადაც ასევე ძნელია ფავორიტის გამოცნობა და ეს იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელშეცვლილ და საკადრო პრობლემებით "დახუნძლულ" მარტვილელებს, ერთი შეხედვით, იოლი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი - პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.

თუმცა იმ პირველი მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ "მერანმა" ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში წააგო, "გურია" კი, ყველასათვის მოულოდნელად, კვლავაც ზედა ექვსეულშია "მოკალათებული"...

30.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00
სპარტაკი-ტორპედო
პირველი მატჩი: 2:2

აი, კიდევ ერთი წყვილი, სადაც ერთმანეთს უმაღლესი ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან; აქვე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პირველი მერვედფინალური მატჩებიდან მეტ-ნაკლებად ყველაზე მოულოდნელი შედეგი ხომ ქუთაისში დაფიქსირდა: წყვილის ფავორიტად მიჩნეული "ტორპედო" ორჯერ აგებდა "სპარტაკთან", თუმცა საბოლოოდ, მაინც ფრედ დაამთავრა შეხვედრა.

იმ საინტერესო პაექრობაში ორმა შემტევმა გამოიჩინა თავი: ნიკა საბანაძემ ("ტორპედო") და ვახტანგ ფანცხავამ ("სპარტაკი") დუბლი შეასრულეს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში დღევანდელი მეტოქეები 1-ელ სექტემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "მიხეილ მესხზე" ჩატარებული შეხვედრის ბედი "ტორპედოს" ცენტრალური მცველის, გიორგი ხიდეშელის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

30.10. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
დინამო (ბთ)-დილა
პირველი მატჩი: 0:1

ძველი მეტოქეები დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობენ, თუმცა ბათუმელებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, უმაღლეს ლიგაში პირველ ექვსეულში მოსახვედრადაც რომ იბრძოლებდნენ!

ამირან მუჯირს, სევასტი თოდუას, გიორგი მანწკავას, მიხეილ ალავიძეს, ბესიკ ჩიმაკაძეს, გიგა ჟვანიასა და ირაკლი ჩირიკაშვილს, ვფიქრობთ, წარდგენა არ სჭირდებათ, ისე, როგორც "დინამოს" მთავარ მწვრთნელს - კობა ჟორჟიკაშვილს.

თუმცა, ძნელი სათქმელია, თუ რამხელა მნიშვნელობას მიანიჭებენ ზღვისპირელები... თასის გათამაშებას: ბათუმის "დინამოს" უმთავრესი მიზანი ამ სეზონში ხომ პირველ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა და მერე, პლეი ოფში მოხვედრაა!

30.10. ქუთაისი. "ცენტრალური". 14:00
ჩიხურა-ლოკომოტივი
პირველი მატჩი: 3:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი (ჩიხურა)

30.10. მცხეთა. "მცხეთა-პარკი". 14:00
ვიტ ჯორჯია-შუქურა
პირველი მატჩი: 0:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული