სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა.

ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...

* * *
ცხინვალის "სპარტაკმა" დასანანი მარცხი განიცადა - ორჯერ წაიყვანა ანგარიში, პენალტების სერიაშიც დაწინაურდა, ქუთაისის "ტორპედომ" კი გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ეროვნულ ჩემპიონატში "ტორპედო" მოწინავეთა შორისაა, "სპარტაკი" კი მაჩანჩალაა, თუმცა 30 ოქტომბერს ნამდვილად არ იგრძნობოდა ასეთი სხვაობა - ტიპური სათასო დაპირისპირება ვიხილეთ.

მასპინძლებმა სწრაფი გოლი მოახერხეს - ჩაფიძემ მარცხნიდან ჩააწოდა, თუხარელი კი ჰაერში კარგად გაიწვართა, დასწრებაზე ითამაშა და თავით გადაგზავნა ბურთი კარში.

Sportall.Ge"ტორპედო" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, "სპარტაკმა" კი კონტრშეტევაზე გადააწყო თამაში. ქუთაისელები უტევდნენ, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.

"სპარტაკმა" კურიოზული გოლი გაუშვა - კვეკვესკირმა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ცუდად დაუხვედრა თავი, ბურთს ოდნავ შეეხო და საკუთარ კარში გადაგზავნა.

ქუთაისელებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, როცა კაპანაძე მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი ნანიევმა მოიგერია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა "სპარტაკმა" საჩუქარი ვერ შეირგო - ქვილითაიამ ბურთი შონიას ჩააბარა. სპარტაკელთა კაპიტანმა ქუთაისელთა მეკარის გაბითურება მოინდომა, თუმცა დრიბლინგით ისე გაერთო, საბოლოოდ ქვილითაიას მაინც ვერ აჯობა. "სპარტაკი" ხელმეორედ დაემუქრა მოწინააღმდეგეს და კვეკვესკირის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ისევ ქვილითაიას ნადავლი გახდა.

1:1 "ტორპედოს" ხელს არ აძლევდა და უტევდა, თუმცა - ქაოტურად, გააზრებული კომბინაციების გარეშე. სტუმრები, ცოტა არ იყოს, დაძაბულად მოქმედებდნენ და არაფერი გამოსდიოდათ. ამასობაში კი საოცარი გოლიც ვიხილეთ - შონიამ შორიდან ისეთი "დააქუხა", თქვენი მოწონებული - 2:1.

ფსიქოლოგიური უპირატესობაც უკვე "სპარტაკის" მხარეს იყო. ჩაფიძეს შეეძლო გოლის "გამოდნობა", როცა მარცხნიდან შეიჭრა "ტორპედოს" საჯარიმოში, მაგრამ ქვილითაიამ ბურთი შორეულ კუთხეში არ შეუშვა.

"ტორპედოს" დალაგებული იერიშები ვერ დავინახეთ, თუმცა ქუთაისელებს მონდომებას ვერ დაუწუნებდით. სტუმრები გოლის გატანას "სტანდარტული" სიტუაციიდან თუ მოახერხებდნენ - ამის წაკითხვა ძალიან ადვილი იყო. ასეც მოხდა - შეცვლაზე შესულმა ახვლედიანმა ჯარიმიდან ისე "მოჭრა" ბურთი, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ვერც "ცოცხალმა კედელმა" იხსნა და ვეღარც ნანიევმა.

დამატებითი დროის პირველ ტაიმში "ტორპედომ" შტურმისმაგვარი მოუწყო "სპარტაკს", მომდევნო 15 წუთში კი თანაბარი თამაში იყო. რამდენჯერმე ეფექტურად გაისარჯა გიორგი თექთურმანიძე, თუმცა საგოლე მომენტი არც ერთ გუნდს არ შეუქმნია.

წინა სეზონში პირველლიგელმა "სპარტაკმა" თასის მერვედფინალში პენალტების სერიით აჯობა "ვიტ ჯორჯიას". მაშინ "სპარტაკის" კარში ნადირაძე იდგა, რომელმაც სამი 11-მეტრიანი მოიგერია. სპარტაკელთა დამრიგებელმა არ გარისკა და ძირითადი დროის ბოლოს ის არ შეიყვანა შეცვლაზე...

ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო და დრამატული მატჩი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, "ტორპედომ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ამაში ყისმათიც დაეხმარა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში
მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული