მატჩი მართლაც საინტერესო, დაძაბული და, რაც მთავარია, სანახაობრივი გამოდგა. მაღალი ტემპი, ლამაზად გათამაშებული კომბინაციები, არაერთი საგოლე მომენტი და
ზესტაფონელებს შეტევისას ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ის-ის იყო, გულშემატკივართა უკმაყოფილება მწიფდებოდა, როცა ფეროელებმა სტუმრებისგან კარგი საჩუქარი მიიღეს. რუსთაველთა მარჯვენა მცველმა ღონღაძემ ყოვლად უწყინარ სიტუაციაში უკან დააბრუნა ბურთი, რომელიც გელაშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მოულოდნელი საჩუქარი შეირგო. გოლმა მასპინძლებზე კარგად იმოქმედა. ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. განსაკუთრებით ფეროელთა ნახევარდაცვის კარგი თამაშია აღსანიშნავი. დაუშვილი, ძარია, გრიგალაშვილი და აფციაური ცენტრის ბატონ-პატრონები გახდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკოლოზ გელაშვილის კარგი თამაში, რომელიც ფორმის პიკს უახლოვდება და ამ მატჩში დუბლთან ერთად სხვა მხრივაც გამორჩეული იყო.
მეორე ტაიმი რუსთაველთა დიდი უპირატესობით დაიწყო და სტუმრებს ზედიზედ მიეცათ გოლის გატანის შანსი. თუმცა რუსთაველებმა სახიფათო შეტევები ლოგიკურად ვერ დააგვირგვინეს და ამისთვის დაისაჯნენ. ზესტაფონელთა მეორე გოლამდე ჯაფარიძემ კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა, ამ ეპიზოდში სტუმრები კი გადარჩნენ, მაგრამ 64-წუთზე მაინც დაისაჯნენ - გელაშვილმა მარჯვენა ფლანგზე გრიგალაშვილს გადააწოდა, მისი ძლიერი დარტყმა ბედიაშვილმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან პირველი აფციაური გაჩნდა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 2:0.
76-ე წუთზე საკამათო ეპიზოდი მოხდა. საჯარიმოში შეჭრილი მოდებაძე ხიდეშელთან ორთაბრძოლისას წაიქცა, ჩანდა, რომ მცველმა მას ფეხი დაუდო, რუსთაველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და მოდებაძე ყვითელი ბარათით დასაჯა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საკამათო ეპიზოდი მატჩის დებიუტშიც იყო, ოღონდ საპირისპირო კართან.
მატჩის ბოლო ათმა წუთმა გია გეგუჩაძის შეგირდების სრული უპირატესობით ჩაიარა. ალექსი ბენაშვილი მოედანზე გამოსვლისთანავე შეტევაში ჩაერთო, საჯარიმოში შეიჭრა და კარგად გახსნილ გელაშვილს დუბლი გააფორმებინა - 3:0.
"ზესტაფონმა" 3:0 გამარჯვებით ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ... შარშანდელი ზესტაფონელებს ჩვენზე უკეთ ემახსოვრებათ - შინ "ვიტ ჯორჯიას" 3:0 დამარცხების შემდეგ სტუმრად დამატებით დროში 0:4 წააგეს და თასს სწორედ ამ ეტაპიდან გამოეთიშნენ. მოკლედ, ზესტაფონელებს საკმაო ფორის მიუხედავად, მოდუნების უფლება არა აქვთ. რუსთაველებმა რამაზ მუმლაძის ხელში პირველი მარცხი იწვნიეს და განმეორებითი მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ქვემოქართლელები "ფარ-ხმალს" ასე იოლადაც არ დაყრიან და, ალბათ, რუსთავშიც არანაკლებ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ.
ზესტაფონი-ოლიმპი 3:0
01.12.10. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 3000 მაყურებელი
გოლები: 1:0 გელაშვილი (31) 2:0 აფციაური (64) 3:0 გელაშვილი (81.ბენაშვილის პასით)
ზესტაფონი ოლიმპი
(4-1-4-1) (4-4-1-1)
რ. კვასხვაძე ბედიაშვილი
ალადაშვილი თ. ღონღაძე
გ. ონიანი ა. კვახაძე
ხიდეშელი რეხვიაშვილი
ელიავა ჯაფარიძე
დაუშვილი გეწაძე (66. გ.ჭელიძე)
აფციაური ქავთარაძე
ძარია რაზმაძე
ბაბუნაშვილი დ. ბოლქვაძე
გრიგალაშვილი ი. მოდებაძე
გელაშვილი ბერიაშვილი
მწვრთნელი:გ.გეგუჩაძე მწვრთნელი: რ.მუმლაძე
ზესტაფონი
79. ძარია - ბენაშვილი
57. ბაბუნაშვილი - გორგიაშვილი
86. გელაშვილი - დვალი
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ფიფია, წინამძღვრიშვილი
ოლიმპი
66. გეწაძე - გ. ჭელიძე
სათადარიგოები: ჭანტურია, ხურციძე, ქემოკლიძე, დობროვოლსკი
გაფრთხილება: ალადაშვილი (70), მოდებაძე (76), გელაშვილი (80), ქავთარაძე (82)
არბიტრი: ლ.სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"