მეტალურგი-დინამო 0:2 - ჩისკომ სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
...სეზონის განახლებას რუსთავი არცთუ სახარბიელო კლიმატური პირობებით შეხვდა, თუმცა გვარიან სიცივესა თუ მცირე წვიმას ფეხბურთელებისათვის ხელი არ შეუშლია; ჰო, იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდი მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა, ფეხბურთელებს არც მონდომება დაეწუნებოდათ და არც "დამძიმებულნი" გამოიყურებოდნენ.

თანაც, წინასწარვე ვვარაუდობდით, რომ ტურნირის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მეოთხედფინალურ შეხვედრაში რომელიმე გუნდს გამოკვეთილ-გამორჩეული უპირატესობა არ უნდა ჰქონოდა და ასეც მოხდა. თუმცა, გავუსწრებთ მოვლენებს და იმასაც ვიტყვით, რომ ამ მატჩის (და, ალბათ, საერთოდ - ამ წყვილის) ბედი სტუმართა ცალკეულ ფეხბურთელთა ოსტატობამ
(გნებავთ, საშემსრულებლო ოსტატობამ) გადაწყვიტა!

აბა, ოსტატობაზე მეტი რა უნდა დავარქვათ ჩისკოს მიერ შეგდებულ გოლს - დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა მოედნის ცენტრის სიახლოვიდან შენიშნა თუ არა ოდნავ პოზიციადაკარგული მასპინძელთა მეკარე, დაახლოებით 40 მეტრიდან, ცაციათი, მართლაც სუპერდარტყმით ბურთი "მეტალურგის" კარის "ცხრიანს" დაუმიზნა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
...სეზონის პირველ მატჩს ორივე გუნდი გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდა: ტრავმების გამო "მეტალურგს" კოკა სეფიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე და მამუკა ტორონჯაძე აკლდა, სტუმრებს კი - გიორგი ლორია, ირაკლი მოდებაძე, ოთარ კაკაბაძე, დავით ხურცილავა, ნიკა დაუშვილი, პლუს დისკვალიფიცირებული გიორგი რეხვიაშვილი.

Sportall.Geთუმცა, "დინამოს" რომ ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, ამ მატჩმაც დაამტკიცა: ორი მეკარის არყოფნაში "დინამოს" კარს ომარ მიგინეიშვილი იცავდა და ჩინებულადაც!

აი, თუნდაც ის მომენტი გავიხსენოთ, როცა პირველ ტაიმში გიორგი სეთურიძე თავით, რთული ტრაექტორიით გზავნიდა ბურთს "დინამოს" კარისკენ, მაგრამ მიგინეიშვილმა ჩინებული რეაქციით საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ამ ეპიზოდის გარდა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქე ვერ ანერვიულეს; სამაგიეროდ, "დინამოს" ჰქონდა ერთი-ორი კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა მე-10 წუთზე შექმნეს, როცა ჩისკოს ჩინებული პასის შემდეგ გიორგი მერებაშვილი "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ შეეძლო გოლის გატანა... გიორგი გველესიანს - დიახ, "დინამოს" ცენტრალური მცველი ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ერთ ეპიზოდში არაზუსტად დაარტყა, მეორე ჯერზე კი გრიგოლ ბედიაშვილს ვერ აჯობა.

რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, "მეტალურგის" გამოცდილმა მეკარემ, ერთი შეხედვით, უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელიც შეიქნა: მის ნაცვლად კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე ნიკა შერმადინი გამოჩნდა.

...მთლიანობაში, პირველ ტაიმში "დინამო" შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და ეს ფაქტი, ალბათ, არც არავისთვის უნდა ყოფილიყო გასაკვირი: "მეტალურგი" ხომ, ფაქტობრივად, ახალი გუნდია და ფეხბურთელების შეთამაშებასაც გარკვეული დრო სჭირდება.

თუმცა ვარლამ კილასონიას შეგირდებმა მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ყველას "მიანიშნეს", რომ უბრძოლველად არაფრის დათმობას აპირებდნენ. ეგ კი არა, საგრძნობლად გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს: გიორგი ქავთარაძისა და გიორგი ჩირგაძის წამოწყებულ იერიშს "მოჭრილი" დარტყმით მერაბ გიგაური აგვირგვინებდა, მაგრამ საკუთარი მცველებისგან დაფარულმა ომარ მიგინეიშვილმა მაინც შეძლო ბურთის მოგერიება.

სხვათა შორის, გიგაურის მსგავსად "მეტალურგის" კიდევ ერთი ახალწვეული, გიორგი სეთურიძეც ბევრს აქტიურობდა; ასევე გამოსარჩევია ვარლამ კილასონია-უმცროსის გააზრებული თამაში დაცვაში. თუმცა ერთ ეპიზოდში "მეტალურგის" მცველებს გიორგი გველესიანი "გაეპარათ", თუმცა, მასპინძელთა საბედნიეროდ, ეს დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.

საერთოდაც, მეორე ტაიმი სანახაობრივად ბევრად უკეთესი გამოდგა და ამაში გარკვეული წვლილი ორივე გუნდის მწვრთნელების მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც შეიტანა.

თუმცა, არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ჩისკოს ის მართლაც სუპერგოლი რომ არ გაეტანა!

ამ გოლის შემდეგ "მეტალურგი" ისევ გააქტიურდა, მაგრამ ამით ხეირი ვერ ნახა: გიორგი სეთურიძისა და გიორგი ქავთარაძის თავური დარტყმები არაზუსტი იყო, მერაბ გიგაურის საშუალო მანძილიდან "გასროლილი" კი კვლავაც უშეცდომოდ მოასპარეზე ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია.

...მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი იწურებოდა, ინდივიდუალური ოსტატობით ამჯერად ირაკლი ძარიამ რომ გაიბრწყინა და მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად სასარგებლოდ მოთამაშე დინამოელთა "საყრდენმა" ძლიერი და ზუსტი დარტყმით მატჩის და, ალბათ, ამ წყვილის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობიაშვილი დინამოში
m.m/
13:04 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული