დილიდანვე სტადიონისკენ!

AutoSharing Option
... ჩემპიონატის პირველი ეტაპი კი დავასრულეთ, მაგრამ 2010 წლის საფეხბურთო სეზონი კვლავაც გრძელდება: დღეს და ხვალ საქართველოს თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებია; ანუ, სწორედ დღეს და ხვალ გაირკვევა ის ოთხი იღბლიანი გუნდი, მომავალი წლის გაზაფხულზე ორ ნახევარფინალურ წყვილს რომ შეადგენს. იმედი დავიტოვოთ, რომ იმ დროისთვის ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ სასიკეთოდ იქნება შეცვლილი, - უპირველეს ყოვლისა, თასის გათამაშებაში... საპრიზო ფონდის დაწესებას (უფრო ზუსტად, აღდგენას) ვგულისხმობთ. რა დასამალია, რომ ასეთი სტიმულერებით ოთხივე ნახევარფინალისტის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ფინალში გასასვლელად ბევრად უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ.

ეს ყველაფერი
გაზაფხულზე უნდა მოხდეს, მაგრამ მანამდე ხომ თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებია ჩასატარებელი, საკმარისზე მეტ ინტრიგას რომ გვპირდება. მით უფრო, რომ პირველი მატჩები ისეთი შედეგებით დამთავრდა, ჯერჯერობით ვერც ერთ გუნდზე ვიტყვით: გინდა თუ არა, უკვე ნახევარფინალშიაო; ამის მიზეზი კი არახალია: სათასო მატჩების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ გათამაშების ნებისმიერ ეტაპზე სიურპრიზები ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ეგ კი არა, ხშირად ისეც მომხდარა, როცა ამა თუ იმ გუნდს თასის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად პირველ მატჩში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობაც არ ჰყოფნის-ხოლმე.

პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინ "კმაყოფილება" გამოვთქვით... კლიმატური პირობების გამო და იმედი დავიტოვოთ, რომ უამინდობა არც ხვალ და ზეგ შეუშლით ხელს ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. შესაძლოა, ვინმემ თამაშების დაწყების დრო (სამი შეხვედრა 13 საათზე დაიწყება, ერთიც - 17 საათზე) საკმაოდ ნაადრევად მიიჩნიოს, მაგრამ თასის განმეორებით მატჩებში ხომ ორი დამატებითი ტაიმისა თუ პენალტების სერიის ალბათობაც საკმაოდ დიდია. ანუ, ამ მხრივ, გასაკვირვი არაფერი არავისთვის უნდა იყოს და აქვე, ბარემ თასის გათამაშების რეგლამენტსაც შეგახსენებთ. თანაც, საქართველოს 2010-11 წლების დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის XXI გათამაშების დებულებით, კერძოდ, IV პუნქტით ვიხელმძღვანელებთ.

მეოთხედფინალური თამაშები ორი შეხვედრის ჯამში თუ ფრედ დამთავრდა, გამარჯვებული გამოვლინდება:

ა) ორი შეხვედრის ჯამში მეტი გატანილი ბურთების რაოდენობით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ორი შეხვედრის ჯამში გატანილი ბურთების რაოდენობა ერთნაირია, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელმაც მეტი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგის მოედანზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდმა ბურთების თანაბარი რაოდენობა გაიტანა როგორც შინ, ასევე გასვლაზე, ამ შემთხვევაში ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი დაინიშნება;
დ) იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში ორივე გუნდი ერთნაირი რაოდენობის ბურთებს გაიტანს, გამარჯვებულად სტუმართა გუნდი ცხადდება;
ე) იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში არ იქნა გატანილი ბურთები, დაინიშნება პენალტების სერია (ფიფას წესების გათვალისწინებით).


ოლიმპი-ზესტაფონი
(პირველი მატჩი - 0:3)
მეოთხედფინალური წყვილებიდან, რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს ჩვენი ქვეყნის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირება იწვევს. ჯერ ის ვთქვათ, რომ წინა სეზონის მსგავსად, ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად ამჯერადაც "ოლიმპი" და "ზესტაფონი" რჩებიან. მართალია, პირველი ეტაპის გამარჯვებული გია გეგუჩაძის გუნდი გახდა, მაგრამ "ზესტაფონმა" "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით მოიპოვა - "ოლიმპთან" შედარებით ერთით მეტი მოგება აქვს. რაც შეეხება ამ სეზონის ურთიერთშეხვედრებს, ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:0) დასრულდა: პირველ წრეში "ზესტაფონმა" გაიმარჯვა, მეორეში - "ოლიმპმა". აი, სათასო დაპირისპირება კი, ბევრისთვის მოულოდნელად, "სხვანაირი" გამოდგა: "ზესტაფონმა" ძლიერი მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა! სხვათა შორის, ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით გადაიცემებოდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გამოდგა. ამასთან, ცოტა არ იყოს, უცნაური ხასიათიც ჰქონდა ამ მეოთხედფინალურ დაპირისპირებას: ოლიმპმა" სეზონში ერთ-ერთი კი არა, ალბათ, მართლაც საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, უამრავი მომენტი შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ დიდი ანგარიშით დამარცხდა!

რას ვიზამთ, ფეხბურთში ხშირად ხდება ასეთი ფაქტები: გუნდი არასანახაობრივი თამაშით სასურველ შედეგს აღწევს, ამავე დროს კი, შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთი უჩვენოს, მაგრამ მწარე მარცხი იგემოს! აი, ასე მოხდა "ზესტაფონი"-"ოლიმპის" პირველ სათასო მეოთხედფინალში, ნიკოლოზ გელაშვილის "დუბლითა" და თორნიკე აფციაურის გოლებით მასპინძელთა გამარჯვებით რომ დამთავრდა. სხვათა შორის, სტუმართა თავკაცის, რამაზ მუმლაძისთვის "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მარცხი იყო, ამას "სამტრედიასთან" ფრეც მოჰყვა და გამოცდილ სპეციალისტსაც ის ხუთდღიანი იმერული "ვოიაჟი" თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" მეოთხე პაექრობაში გია გეგუჩაძეს მესამე მეტოქე-კოლეგასთან მოუწევს დაპირისპირება: ჯერ, თემურ მახარაძე იყო, შემდეგ - რამაზ მუმლაძე, ახლა კი - თორნიკე მაისურაძე.

ამ უკანასკნელს დღეს მართლაც სერიოზული გამოცდა ელის - ახალგაზრდა სპეციალისტს თავის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში... სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სათასო მატჩებში მსგავსი პრეცედენტები არაერთხელ მომხდარა, მაგრამ "ზესტაფონი" ამჟამად ისეთ ფორმაში იმყოფება, ვფიქრობთ, რუსთაველებს ნახევარფინალის საგზურის მოპოვება გაუჭირდებათ. ეგაც რომ არ იყოს, ძნელად სავარაუდოა, სტუმრებს შარშანდელის მსგავსი ფიასკო შეემთხვათ: "ზესტაფონმა" პირველი მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" 3:0 მოიგო, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ცნობისათვის - ეს ამბავი მაშინაც მეოთხედფინალურ სტადიაზე მოხდა...


სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
(პირველი მატჩი - 1:2)
დღევანდელი მეორე სათასო მატჩიც არანაკლებ ინტერესს იწვევს და ამ შემთხვევაში ვერც ერთ გუნდზე ვიტყვით, რომელია ამ წყვილში ფავორიტი და რომელი - აუტსაიდერი. ანუ, დავანებოთ იმას თავი, თუ რომელ ადგილზე იმყოფებიან დღევანდელი მეტოქეები პირველი ეტაპის საბოლოო ცხრილში; არც იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ "ვიტ ჯორჯია" თასის მფლობელის რანგში ასპარეზობს, ხოლო "სპარტაკს" ამ სეზონში მოკრძალებული მიზნები აქვს. ბოლოს და ბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ბოლო დროს "სპარტაკის" თამაშში აშკარა პროგრესი შეიმჩნევა და ყველაფერი ეს იმის მერე დაიწყო, გუნდის მთავარ მწვრთნელად ბადრი კვარაცხელია რომ დაინიშნა. ახალმა თავკაცმა გუნდის შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისა - ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაურა, ზოგს ამპლუა შეუცვალა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად "სპარტაკმა" ნელ-ნელა ასე საჭირო ქულების მოგროვებაც დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მატჩი სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" იყო, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად "სპარტაკის" გამარჯვებით რომ დამთავრდა. ჩემპიონატის იმ შეხვედრაში გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი "სპარტაკის" ახალწვეულმა, 22 წლის ვალერი ბოლქვაძემ გაიტანა; ფეხბურთელმა, დღევანდელი მეტოქეების პირველი სათასო დაპირისპირების დროს მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა რომ გახლდათ. ბოლქვაძემ მართლაც გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა: დიდოსტატური პასებით თანაგუნდელები დასარტყამ პოზიციაზე გაჰყავდა, თვითონაც არაერთხელ დაემუქრა მეტოქის კარს ეფექტურად შესრულებული საჯარიმოებით, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მეკარე გიორგი ძაძამიაც უშეცდომოდ თამაშობდა. საერთოდაც, დღევანდელი მეტოქეების პირველი სათასო დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა; პირველ ტაიმში "ვეტერინარები" უკეთ თამაშობდნენ და გიგა ბეჭვაიას პენალტით გატანილი გოლი ლოგიკურიც იყო;

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, მაგრამ ორმხრივი იერიშებისას ისევ "ვიტ ჯორჯიამ" იხეირა: თავი ამჯერად ლაშა კასრაძემ გამოიჩინა. ერთი შეხედვით, მატჩის ბედი გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო: შეხვედრის დამთავრებას ხომ ათი წუთიღა უკლდა; მაგრამ "სპარტაკმა" საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელეს - ჯერ, ტიერი-ანს კლოვისს, შემდეგ კი ბოიომო ფრიდოლინის სულ მცირედი დააკლდათ გოლი რომ გაეტანათ (სხვათა შორის, ასისტენტობას ორივეჯერ ბოლქვაძე ასრულებდა). მატჩის ბოლო წუთზე კი ამ შეხვედრის მეორე პენალტი დაინიშნა, ოღონდ ამჯერად უკვე მასპინძელთა კარში და ბოლქვაძემ მართლაც ეფექტური დარტყმით განმეორებით მატჩს უფრო მეტი ინტრიგა შესძინა. სამწუხაროდ, სწორედ ამ გოლს მოჰყვა კიდეც მეტად არასასიამოვნო ამბები, "ფოლადის" სტადიონზე რომ დატრიალდა: მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნიდან წამოსული შეძახილებით გაღიზიანებულმა ბოლქვაძემ გულშემატკივარს აშკარად უხამსი ჟესტით (თანაც, საჯაროდ) "უპასუხა"; ამას ლამის გუნდი-გუნდზე ჩხუბი მოჰყვა და შეხვედრის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ მეტოქეთა თითო-თითო ფეხბურთელი (გიორგი ალავიძე, გიორგი ვასაძე) გააძევა, თანაც, ორივე უკვე შეცვლილი იყო 

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა: მატჩის დამთავრებისთანავე მსაჯთა ქმედებით ასევე საჯარო უკმაყოფილებას არ მალავდა "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე; აი, ეს კი მართლაც უჩვეულო სცენა იყო: კლუბის უცვლელი პრეზიდენტი გურამ რუხაძე ამ 13 წლის განმავლობაში პირველად ვნახეთ... სარბენ ბილიკებზე, როცა მსაჯობით აღშფოთებული ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამდა. ისე, ბოლქვაძეს გოლის ზედმეტად ემოციურად და უხამსად აღნიშვნა მეტად ძვირად დაუჯდა - ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და თავის გუნდს ვერც დღეს დაეხმარება...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული