ანატოლი პისკოვეცი: თქვენ რა, დინამოს დამარცხება სენსაცია გგონიათ?!

AutoSharing Option
თითქმის ყველა წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში თასის გათამაშების ნებისმიერ ეტაპზე სენსაცია რომ ხდება, ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ ხოლმე; ანუ, ვიდრე დაპირისპირება არ მორჩება (მნიშვნელობა არა აქვს, ორრაუნდიანია თუ ერთრაუნდიანი), წყვილში ''ფავორიტისა'' და ''აუტსაიდერის'' ცნება თითქმის ყოველთვის პირობითია. გამონაკლისი არც საქართველოს თასია: ზედიზედ რამდენი წელია, ნახევარფინალში პირველი ლიგის გუნდი გადის.

ამჯერად ეს პატივი ''გაგრამ'' დაიმსახურა: გუნდი თავის ისტორიაში მეხუთედ ასპარეზობს ამ გათამაშებაში და აქამდე საუკეთესო შედეგი თუ მერვედფინალში გასვლა იყო, ახლა უკვე ერთი ნაბიჯიღა აშორებს ფინალს. თანაც, ამ შემთხვევაში მეტოქის ფაქტორიც
არ დაგვავიწყდეს: ''გაგრამ'' ორი მატჩის ჯამში ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, თბილისის ''დინამოს'' აჯობა.

გულახდილად ვთქვათ: ალბათ, ბევრს არ სჯეროდა, რომ პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ ''გაგრა'' შეძლებდა და განმეორებით მატჩს თავისთვის სასურველი შედეგით დაამთავრებდა; თუმცა ამათ რიცხვს ნამდვილად არ მივაკუთვნებთ ''გაგრას'' მთავარ მწვრთნელს, გამოცდილ სპეციალისტს, ანატოლი პისკოვეცს; სხვათა შორის, საქართველოში ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელი მოღვაწეობს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც პირველ ლიგაშია.  უკრაინელი სპეციალისტისთვის საქართველოს ჩემპიონატი ''უცხო'' ნამდვილად არ არის, სამი წლის წინ რუსთავის ''ოლიმპი'' ჩაიბარა, სადაც მეტ-ნაკლებად წარმატებით იმუშავა და სწორედ მისი დაწინაურებულია იმდროისათვის ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები დავით დევდარიანი და გიორგი გაბედავა.

ანატოლი პისკოვეცი სამშობლოში დღეს მიემგზავრება, გუშინ კი ''ლელოსთან'' სასაუბროდ მოიცალა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ენაწყლიანობით გამოირჩეოდა.

- განმეორებითი მატჩის წინ გჯეროდათ, ნახევარფინალის საგზურს რომ მოიპოვებდით?
- მწვრთნელი თუ უიმედოდ იქნება, ნებისმიერ მეტოქესთან თამაშის წინ მარცხს შეეგუება, მაშინ თავის ფეხბურთელებს რაღა უნდა მოთხოვოს? ანუ, მჯეროდა კიდეც და საგულდაგულოდ ვემზადებოდით: ამ მატჩამდე ოთხი დღით ადრე, ყოველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს პენალტების დარტყმაში ვავარჯიშებდი. უშუალოდ შეხვედრის წინ გარკვეული სტრატეგიაც გვქონდა შემუშავებული: თუ მატჩი ჩვენთვის სასურველი სცენარით არ წარიმართებოდა, სამფორვარდიან ტაქტიკაზე ''გადავეწყობოდით''. ეგ კი არა, წინასწარ ისიც ცნობილი იყო, ვის ვინ უნდა შეეცვალა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ წაგებული პირველი მატჩისა და მეტოქის ფაქტორიც ხომ მნიშვნელოვანი იყო?
- სხვათა შორის, კენჭისყრის შედეგები რომ მაცნობა ჩვენი კლუბის პრესატაშემ მიხეილ აფხაზავამ, არ დაგიმალავთ და გამიხარდა! ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ისიც იყო, რომ ორი წლის წინათ ''ოლიმპის'' მთავარი მწვრთნელის რანგში სტუმრად დავამარცხე; ამას გარდა, ჩემი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სერიოზული გამოცდაც იქნებოდა - ''დინამო'' ხომ ქართული ფეხბურთის ბრენდია და მაინტერესებდა, ასეთი ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ ''გაგრა'' რამდენად მოახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

- ესე იგი, პირველ მატჩამდეც ოპტიმისტურად იყავით განწყობილი?
- არ გიმალავთ, მართლაც ასე იყო; როგორც მწვრთნელს, მაინტერესებდა, რამდენად სწორად ვვითარდებით; მერე რა, რომ პირველ ლიგაში ვასპარეზობთ,  თუ არ ვცდები, არც პირველში და არც უმაღლეს ლიგაში ჩვენს გარდა სამი ცენტრალური მცველით არავინ ასპარეზობს. მერწმუნეთ, ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ და, ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც, ''გაგრას'' გამარჯვება სენსაციად რომ შეფასდა.

- ანუ, თქვენ ასე არ მიიჩნევთ?
- არავითარ შემთხვევაში! სენსაცია კი არა, კანონზომიერება იყო - უკვე ადრევე ვიცოდი, რომ კარში კოკა სეფიაშვილი ჩადგებოდა, პენალტები ვის როგორი თანმიმდევრობით უნდა დაერტყა და ასე შემდეგ. არ ვიცი, პირველი მატჩი ნახეთ თუ არა, მაგრამ ის შეხვედრაც არ უნდა წაგვეგო - 10-წუთიან ინტერვალში ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ორი შეცდომა დაუშვა და ორ გოლად დაგვიჯდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მეტოქე წნეხში მოვაქციეთ და ის ერთი საპასუხო ბურთიც რომ გავიტანეთ, აბსოლუტურდა ლოგიკური იყო. მატჩის ბოლოს კვანტალიანს მეორეც უნდა შეეგდო, ისე, როგორც განმეორებით შეხვედრაში და აღარც დამატებითი დრო დაგვჭირდებოდა და აღარც - პენალტების სერია.

- ''გაგრა'' პირველი ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია, გაზაფხულზე თასის ნახევარფინალური შეხვედრებიც დაემატება. ''ორ ფრონტზე'' ერთნაირი წარმატებით ასპარეზობა შეგეძლებათ?
- პრობლემას ვერ ვხედავ; წეღანაც გითხარით, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობთ და კლუბის პრეზიდენტის, ბესო ჩიხრაძის დიდი ძალისხმევით გუნდს ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალი არ აქვს. ფინანსურად არ გვიჭირს - ხელფასი თუ პრემია ერთი დღითაც არ გვიანდება (თან, ჩემი ინიციატივით, კლუბის ყველა თანამშრომელი პრემიას იღებს), ვარჯიშებს ''მერანის'' სტადიონზე ვატარებთ, სოფელ მუხრანში ბაზა გვაქვს, ისე როგორც - საკუთარი ავტობუსი. არადა, კარგად ვიცი, რომ მსგავს პირობებს საქართველოს უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ნატრულობს.

- ამჟამად გუნდი შვებულებაში გავა და შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება არ გვაწყენდა, თუმცა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება. სხვათა შორის, თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური გეგმა დაურიგდება, ანუ ჩემს ჩამოსვლამდე ვინ რა უნდა გააკეთოს. კიდევ ვიმეორებ, პირველი ლიგის გუნდი კი ვართ, მაგრამ პირობებითა და საქმისადმი მიდგომით ბევრ უმაღლესლიგელს ვჯობივართ. ჰოდა, ძალიან გთხოვთ, თქვენ მაინც ნუ შეაფასებთ ''დინამოსთან'' ჩვენ გამარჯვებას სენსაციად ან სიურპრიზად. შესაძლოა, ბევრს ჩემი სიტყვები არ ესიამოვნოს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით - ამ ეტაპისთვის ''გაგრა'' უფრო კარგად მომზადებული გუნდია, ვიდრე - ''დინამო''. ამასთან, სასურველი იქნება, თუ ზოგიერთი, წაგების ვაჟკაცურად ატანასაც ისწავლის.

- რას გულისხმობთ?
- მეორე მატჩში, ჩვენ ფეხბურთელს, დავით გიგაურს დინამოელი ჯუისი აშკარად უხეშად ეთამაშა; ემოციური კაცი ვარ (ბიჭები ხანდახან მეუბნებიან, ფაქტობრივად, მე-12 ფეხბურთელი ხართო) და ჩემი პროტესტი ხმამაღლა გამოვხატე. ამ დროს კი, მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან რეპლიკა (რბილად ნათქვამია) მომესმა: რა გაყვირებს, აბა, შენ ფეხბურთში რა გესმისო...

- მერე, გამოეპასუხეთ?
- მეც და ჩემმა გუნდმა პასუხი შედეგით გავეცით! როცა ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში მუშაობ, უფრო მეტი მოგეთხოვება; ანუ, გამარჯვებულ მეტოქეს ხელიც უნდა ჩამოართვა და მიულოცო კიდეც. აღარაფერს ვამბობ პრესკონფერენციაზე არგამოცხადებაზე - მესმის, რომ მტკივნეული მარცხი იყო, მაგრამ ერთხელ, ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა 0:5 წააგო, თუმცა ჟურნალისტების წინაშე მაინც წარვსდექი.

- ზემოთ შევსებაზე ვსაუბრობდით და ''გაგრაში'' ამჟამად მოასპარეზე ნაკონეჩნისა და ორდინსკის სხვა უკრაინელი ფეხბურთელებიც ხომ არ დაემატებიან?
- ალბათ, ერთი ქართული გუნდისთვის სამი უკრაინელი საკმარისი იქნება; ეს, ხუმრობით, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ჩემი თანამემამულეების მაგივრად ქართველებს დავიმატებთ. ოთხი ფეხბურთელი, ფაქტობრივად, შერჩეულიც მყავს, ოღონდ, ამ ეტაპზე გვარების დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ.

- თანამემამულეების ასპარეზობას როგორ შეაფასებდით? ნაკონეჩნის შესაძლებლობებში ამ გაზაფხულზეც დავრწმუნდით - გამოცდილი და საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია; აი, ორდინსკი კი ჩვენთვის უცნობი იყო.
- ორდინსკიმ რვა გოლი გაიტანა და თავდამსხმელის კვალობაზე ურიგო შედეგი არ არის; თან, ძალიან წესიერი ბიჭია, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილიც თბილისში ჩამოიყვანა და გუნდთან და აქაურობასთან ადაპტაციაც არ გასჭირვებია. აი, ნაკონეჩნი ცოტა ''სხვა'' თემაა; უფრო ზუსტად, თავისებური კაცია.

- როგორც ვიცით, რეჟიმთან მთლად ''კარგად'' ვერ უნდა იყოს.
- არც მასეა საქმე, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხანდახან მე თვითონ ვეუბნები ხოლმე - წადი, სადაც გინდა, ორი დღე, რაც გინდა, ის აკეთე, ოღონდ, მესამე დღეს ვარჯიშზე დასვენებული გამოცხადდი-მეთქი. არიან ფეხბურთელები, მატჩის მერე ალკოჰოლით რომ ცდილობენ სტრესისა თუ დაღლილობის მოხსნას, ზოგს - მინერალური წყალი ან ნატურალური წვენი ურჩევნია. ამ უკანასკნელთა კატეგორიას ნაკონეჩნი ნამდვილად არ მიეკუთვნება, მაგრამ, რაც მთავარია, ვარჯიშებსა თუ ოფიციალურ მატჩებში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მწვრთნელსაც მეტი რა უნდა. არადა, თავის დროზე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო, კიევის ''არსენალის'' წამყვან მოთამაშედაც მიიჩნეოდა, მაგრამ გარემოცვამ ყველაფერი დააკარგვინა: ოჯახი, ბინა, მანქანა, ქონება, კარიერა.

- ცოტა ''უკან'' დავბრუნდეთ და როგორ გგონიათ, უფრო ადრე რომ ჩაგებარებინათ ''გაგრა'', უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებდით?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? იმედია, გახსოვთ, რომ წინა სეზონში, ბოლო წრის შედეგების მიხედვით ''გაგრამ'' მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ იმდენად სოლიდური ჩამორჩენა გვქონდა, იმის აღმოფხვრა წარმოუდგენელი იყო. ჯერ, ბიჭების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა მეფიქრა - გუნდს ოთხი თვის განმავლობაში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.

სამწუხაროდ, შეუძლებელი ვერ შევძელით და არ დავმალავ, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს რომ ვემშვიდობებოდი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიმყვებოდა, თუმცა შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არ უნდა წავსულიყავი - ჩემი ხელმძღვანელობით გავარდა გუნდი პირველ ლიგაში? ჰოდა, სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით უნდა დაბრუნდეს-მეთქი, ვფიქრობდი. თანაც, ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ''გაგრას'' პრეზიდენტს, ბესიკ ჩიხრაძესა და თითოეულ ფეხბურთელს (სულ მოკლე დროში რომ დავახლოვდით ერთმანეთთან) ზურგს ვერ შევაქცევდი.

- უკაცრავად, მაგრამ მაინც პირველი ლიგაა, თანაც, როცა საქართველოში პირველად ჩამოხვედით, ჩემპიონ გუნდს (''ოლიმპს'') ხელმძღვანელობდით.
- როგორ გგონიათ, მხოლოდ თქვენ გაგიკვირდათ? ანალოგიური განწყობა იყო ჩემს სამშობლოშიც: უკრაინის დამსახურებულ მწვრთნელსა და პრო-კატეგორიის ლიცენზიის მქონე სპეციალისტს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგაში რა უნდაო? ჩემთვის სხვაგან მუშაობა უცხო არ არის: ნორვეგიაშიც გამიწვრთნია გუნდი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც, აზერბაირჯანშიც - ჩემი ხელმძღვანელობით უკრაინის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდთა ოცეულში იმყოფებოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ.

რაც მთავარია, ''გაგრას'' ფეხბურთელების უდიდესი სურვილი იყო, კვლავაც მე ვყოფილიყავი მათი მწვრთნელი, მეც, არ დაგიმალავთ, შევეჩვიე ყველას და განშორებაც გამიჭირდა. თორემ, მერწმუნეთ: უკრაინაში სამსახურის პრობლემა არ მექნებოდა. ან, რომელ პრობლემაზეა ლაპარაკი, როცა ''გაგრაში'' წამოსვლამდე მშვენიერი ანაზღაურებაც მქონდა და ვმუშაობდი, მაგრამ ჩემს მეგობარ ბესო ჩიხრაძეს უარი ვერ ვუთხარი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული