სათასო-საგაზაფხულო ინტრიგა

AutoSharing Option
ვაცილებთ, ვაცილებთ და აი, როგორც იქნა, გუშინ "საბოლოოდ" გავაცილეთ საფეხბურთო 2010 წელი. ოღონდ, ამჯერად ოფიციალური მატჩი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ქართული მასშტაბით, იცოცხლეთ ისეთი ინტრიგა ჰქონდა! თანაც, ეს ინტრიგა სულ მცირე, გაზაფხულამდე შენარჩუნდება, - ანუ, იმ დრომდე, როცა საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება. გუშინ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში თასის ნახევარფინალების კენჭისყრა ჩატარდა და მართლაც საინტერესო წყვილები მივიღეთ!


იმერული დერბის მოლოდინი
რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ სამი ნახევარფინალისტის ("გაგრა", "ვიტ ჯორჯია", "ტორპედოს") წარმომადგენლები კენჭისყრამდე იმას ინატრებდნენ, მეტოქედ "ზესტაფონი" არ
ჰყოლოდათ. რა თქმა უნდა, გაზაფხულამდე ნებისმიერ გუნდში მეტ-ნაკლები ცვლილებაა მოსალოდნელი (მათ შორის - "ზესტაფონშიც"), მაგრამ ისეთი რა უნდა მოხდეს, "ზამთრის ჩემპიონს" ამბიცია მოაკლდეს; თანაც, გია გეგუჩაძის გუნდი ნანატრ ჩემპიონობასთან ერთად თასსაც უმიზნებს და დღესდღეობით საქართველოს საუკეთესო გუნდთან თავის არიდებას ყველა რომ მოისურვებდა, ფაქტია.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ყველაზე ძალიან "ტორპედოს" არ გაუმართლა; მაგრამ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ზესტაფონის" ბანაკშიც ნამდვილად ვერ იქნებოდნენ აღფრთოვანებულნი იმ ფაქტით, რომ სამი სავარაუდო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი ("ტორპედო" კი ასეთად მიგვაჩნდია) მათ შეხვდათ. მით უმეტეს, "ზესტაფონზე" არანაკლები ამბიცია აქვთ ქუთაისელებსაც და ნურც ის ფაქტი "მოატყუებს" ვინმეს, რომ გუნდმა პირველი ეტაპი არცთუ შთამბეჭდავად ჩაატარა. სამაგიეროდ, კლუბის ხელმძღვანელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის სერიოზული გაძლიერება განუზრახავთ და, ალბათ, ასეც მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპიდან ქუთაისის "ტორპედო" არამხოლოდ ჩემპიონატის ლიდერთა სამეულის შევიწროებას შეეცდება, არამედ სათასო მატჩებსაც სერიოზულად მიუდგება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქუთაისელებმა თავიანთ ქალაქში ევროტურნირების ბოლო მატჩი ხომ ექვსი წლის წინათ იხილეს; არადა, აბსოლუტურად საპირისპირო სურათია მეზობელ ზესტაფონში - აქ ხომ ევროტურნირების შეხვედრების ჩატარება ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირებათა ისტორია მხოლოდ ხუთ წელიწადს ითვლის; თუმცა მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული ზესტაფონის და ქუთაისის გუნდების მატჩები ყოველთვის საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა. ზესტაფონს ჯერ "მარგვეთი" წარმოადგენდა, მერე - "მეტალურგი". მაგრამ სახელწოდებათა შეცვლა საქმეს არ შველოდა: "ტორპედო" (თავდაპირველად "ქუთაისი") მეზობელი ქალაქის გუნდს ურთიერთშეხვედრებშიც სჯობდა და რაც მთავარია, ტიტულებშიც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ტორპედომ" ორჯერ შეძლო საქართველოს თასის მოპოვება, სამჯერ ფინალში დამარცხდა და ამას გარდა, კიდევ სამჯერ იყო ნახევარფინალში გასული. აი, "მარგვეთს" კი ბევრად მოკრძალებული შედეგები ჰქონდა - 1993 და 1996 წლებში ნახევარფინალამდე გააღწია (ორივეჯერ გზა ფინალამდე "ბათუმმა" გადაუღობა) და სულ ეს იყო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2005 წლიდან ზესტაფონისა და ქუთაისის გუნდების დაპირისპირებათა "ხასიათიც" შეიცვალა და რაც მთავარია, შედეგებიც; ანუ, ზესტაფონში კლუბის ხელმძღვანელად ილია კოკაიას მისვლის შემდეგ ფეხბურთის აღორძინება თუ დაიწყო, ქუთაისში ყველაფერი პირიქით ხდებოდა. "ზესტაფონი" ზედიზედ ოთხჯერ (2005-2008 წლები) გავიდა თასის ფინალში და მხოლოდ მეოთხე ცდაზე შეძლო ამ საპატიო პრიზის მოპოვება (ბოლო ორ გათამაშებაში გუნდი მეოთხედფინალში ვარდებოდა); ამას გარდა, "ზესტაფონი" ჩემპიონატშიც მუდამ მოწინავეთა შორის თუ იმყოფებოდა, აი, "ტორპედო" კი ჯერ "ჩვეულებრივ" გუნდად ყალიბდებოდა, ბოლოს კი სულაც პირველ ლიგაში დაქვეითდა!

ამ სეზონში სამწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირებები ისევ აღდგა; პირველი წრის მატჩიც საინტერესო გამოდგა და მეორე წრის შეხვედრაც, თანაც, ორივეჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს. პირველი მატჩი "ზესტაფონმა" მართლაც დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, თენგიზ ჩიკვილაძის გოლის წყალობით. "ტორპედომ" (იმ დროისათვის გუნდს რამაზ მუმლაძე წვრთნიდა) პირველი ტაიმი მოიგო და მეორე ტაიამშიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ანგარიშში უპირატესობას, მაგრამ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა მატჩის მიწურულს "დუბლი" შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. არანაკლებ საინტერესო გამოდგა ამ გუნდებს შორის მეორე მატჩიც: "იმერული დერბის" სანახავად ქუთაისში 8000-მდე ქომაგი მივიდა და ჩინებული ბურთაობის მომსწრეც გახდა. ამ საინტერესო შეხვედრის კულმინაცია კი "ტორპედოს" 17 წლის ნახევარმცველის, მერაბ გიგაურის შორეული გოლი იყო, თავის გუნდს გამარჯვება რომ მოუტანა.

1991 წლიდან დღემდე ორივე გუნდის შემადგენლობაში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია: ზურაბ იონანიძეს, დავით ჯანაშიას, კახა ჩხეტიანს, სევასტი თოდუას, დავით გამეზარდაშვილს, გია იმედაძეს, გაგა ჩხეტიანს, თენგიზ ჩიკვილაძეს; საინტერესო იქნება ძმების დაპირისპირებაც: როინ კვასხვაძე "ზესტაფონის" მეკარეა, ნიკა კვასხვაძე კი ამ სეზონის დასაწყისიდან "ტორპედოში" ასპარეზობს. ამათ გარდა, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძესა და მის თანაშემწეს გიორგი სუხიაშვილს სხვადასხვა დროს ზესტაფონის "მარგვეთში" უთამაშიათ.


უფავორიტო წყვილი
საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა ნახევარფინალში პირველი ლიგის გუნდი გავიდა და ეს პატივი ამჯერად "გაგრამ" დაიმსახურა. ჰო, ეს მართლაც სენსაციაზე მეტია: გუნდი, რომელიც მხოლოდ მეექვსედ ასპარეზობს საქართველოს თასზე, ევროტურნირების საგზურის მოპოვებისათვის იბრძვის! თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ანატოლი პისკოვეცის გუნდმა მეოთხედფინალიდან საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "დინამო" გამოაგდო.

"გაგრას" უკრაინელი სპეციალისტი შემთხვევით არ გვიხსენებია: "დინამოსთან" გამარჯვების მეორე დღეს, ჩვენთან პრივატულ საუბარში პისკოვეცს არ დაუმალავს, რომ მისთვის სულ ერთი იქნებოდა, მეტოქედ რომელი გუნდი შეხვდებოდა. ეგ კი არა, "დინამოს" დამარცხების შემდეგ იმაზეც "ოცნებობდა", რომ გზიდან ამჯერად უკვე "ზესტაფონი" ჩამოეცილებინა და თასის ამ გათამაშებაში კიდევ ერთი ხმაურიანი სენსაციაც მოეხდინა. საქართველოს თასის წლევანდელ გათამაშებაში "გაგრას" ასპარეზობა მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა; თანაც, გუნდი ორ "ფრონტზე" ერთდროულად აპირებს ბრძოლას: თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "გაგრა" ამ სეზონშივე შეძლებს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებას. საერთოდ კი, ამ სეზონამდე გუნდის საუკეთესო შედეგი მერვედფინალში გასვლა იყო.

თასის მოქმედი მფლობელი "ვიტ ჯორჯია", ალბათ, ყველაზე კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო დღევანდელი კენჭისყრით; "გაგრას" მიმართ უდიდესი სიმპათიის მიუხედავად, იგივე "ზესტაფონი" და "ტორპედო" ბევრად უფრო არასასურველი მეტოქეები იყვნენ, ახლა კი, მერაბ კოჭლაშვილის გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, კლუბის 13-წლიან ისტორიაში ზედიზედ მეორედ იასპარეზოს თასის ფინალში. არადა, 2010 წლის მაისამდე "ვეტერინარებს" მუდამ მცირედი აკლდებოდათ ფინალში გასასვლელად - მანამდე ნახევარფინალში ხუთჯერ გავიდნენ და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ. აი, წლეულს კი, როგორც იქნა, ნავსი გატყდა; ოღონდ, ბევრმა ეს გარკვეულწილად იღბალსაც მიაწერა: ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯიას" მეტოქე ხომ პირველი ლიგის წარმომადგენელი მარტვილის "მერანი" იყო, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" დიდი ძალისხმევა დასჭირდა სანუკვარი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად.

და აი, ზედიზედ მეორედ "ვეტერინართა" მეტოქე ნახევარფინალში პირველლიგელია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ამჯერად ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის გაზაფხულზე "ვიტ ჯორჯია"-"მერანის" წყვილში უპირობო ფავორიტებად თუ "ვეტერინარები" მიიჩნეოდნენ, ამჯერად ამას ვერავინ იტყვის. ოღონდ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ზამთრის მოსამზადებელ პერიოდზეც და "გაგრას" თუ ამ მხრივ პრობლემა არა აქვს (არადა, პირველი ლიგის გუნდია), "ვიტ ჯორჯიას" სატრანსფერო სიახლეებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით.

დაბოლოს, ამ ნახევარფინალისტთა ურთიერთდაპირისპირებაზეც: "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და უპირატესობას "ვეტერინარები" ფლობენ (4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება). თუმცა "გაგრას" ის ერთადერთი გამარჯვება, ალბათ, ამ გუნდის ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ: წინა სეზონის დასაწყისი იყო, გლდანში, "ამერის" სტადიონზე გიორგი გაბედავამ ოთხი გოლი რომ გაუტანა იმ დროისათვის მოქმედ ჩემპიონს, "ვიტ ჯორჯიას".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო witgeorgia.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული