საქართველოს თასის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, როცა რანგით დაბალი ლიგის გუნდებს ამ გათამაშებაში არაერთი სიურპრიზი შემოუთავაზებიათ და ნახევარფინალამდეც მიუღწევიათ; ეგ კი არა, 2010/11 წლების სეზონში უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაგრამ", მერვედფინალიდან მოყოლებული, ზედიზედ დაამარცხა უმაღლესი ლიგის წარმომადგენლები (ფოთის "კოლხეთი",
ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა საქართველოს თასის ისტორიაში, როცა პირველლიგელი გუნდი ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა; აი, ამ სეზონში კი უმაღლესლიგელთა თითქმის აბსოლუტური დომინაციაა: "გურიას" გარდა, დანარჩენი 15 უმაღლესლიგელი მერვედფინალშია!
პირველი ლიგის ერთადერთი გუნდი კი თერჯოლის "საპოვნელაა", 1/16-ფინალში "გურიას" რომ აჯობა და სხვათა შორის, ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ კანდიდატადაც მოიაზრება.
ვიდრე დღევანდელი მერვედფინალების წინათქმას შემოგთავაზებთ, მანამდე იმასაც შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩები ძალიან მალე, მომავალ კვირაში ჩატარდება: 25 და 26 ნოემბერს.
17.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 14:00
დილა VS კოლხეთი (ფ)
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე (დილა) - თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი)
ეს გუნდები ჩემპიონატში სულ ახლახან შეხვდნენ ერთმანეთს და გორელთა გუნდის მარჯვენაფლანგელის, გიორგი სეთურიძის ერთადერთი გოლით "დილამ" სტუმრად იმარჯვა. რაც შეეხება სათასო დაპირისპირებას, ამ წყვილში გამოკვეთილ ფავორიტად ვერც ერთ გუნდს ვერ დავასახელებთ, თუმცა მცირე უპირატესობას მაინც "დილას" მივანიჭებდით: უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილი გუნდი ამ ბოლო დროს წარმატებულად ასპარეზობს.დილა VS კოლხეთი (ფ)
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე (დილა) - თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი)
17.11. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა VS ზესტაფონი
მერვედფინალების ყველაზე საინტრიგო წყვილი: ორივე გუნდმა ამ ზაფხულს ევროტურნირებზე იასპარეზა. ამას გარდა, "ჩიხურა" და "ზესტაფონი" მიმდინარე სეზონშიც ფავორიტთა შორის უნდა მოვიხსენიოთ; ჩიხურა VS ზესტაფონი
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სოსო ფრუიძის დამოძღვრილი "ჩიხურა" ზედიზედ ორი წელიწადია თასის ფინალში გადის, "ზესტაფონი" კი ამ ტიტულს 2008 წელს დაეუფლა და ოთხჯერ ფინალისტობას დასჯერდა.
მოკლედ, ფაქტია, რომ მიმდინარე თასის გათამაშებას ერთ-ერთი ფავორიტი ასეთი ადრეული სტადიიდან გამოეთიშება და იმაზე მსჯელობა, რომელ გუნდს მივანიჭოთ უპირატესობა, ვფიქრობთ, უაზრობა იქნება.
...ჩემპიონატში ამ სეზონში ჩატარებული შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოდგა: 16 აგვისტოს ივანწმინდაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი "ზესტაფონმა" მოიგო; აი, მეორეში კი "ჩიხურამ" თამაშში გარდატეხა შეიტანა და 2:1 გაიმარჯვა.
17.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
დინამო (ბთ) VS სამტრედია
შოთა ჭეიშვილის გუნდი ამ სათასო პაექრობას ამაღლებული განწყობით ხვდება: ბათუმის "დინამომ" თავის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში ხომ სტუმრად "დინამო თბილისს" მოუგო!დინამო (ბთ) VS სამტრედია
...იყო დრო, საქართველოში ყველაზე "სათასო გუნდად" სწორედ ბათუმის "დინამო" მიიჩნეოდა, თუმცა 1998 წლამდე გუნდი ოთხჯერ დამარცხდა ფინალში და ოთხივეჯერ თბილისის "დინამოსთან"; სამაგიეროდ, სწორედ 1998 წელს შეძლეს ბათუმელებმა თავიანთი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტულის მოგება.
რაც შეეხება "სამტრედიას", ზაზა ზამთარაძე თავის მეორე ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს "სამტრედიის" თავკაცის რანგში და უნდა ვივარაუდოთ, რომ იმერული კლუბი, ჩემპიონატის მსგავსად, თასზეც მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლებს.
17.11. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 14:00
ვიტ ჯორჯია VS სიონი
ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიასა" და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "სიონს" ჩემპიონატში არცთუ სახარბიელო პერიოდი აქვთ და ძნელი სათქმელია, მიმდინარე თასის გათამაშებას რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევენ; თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ "სიონმა" შესაძლოა, ძირითადი აქცენტი სწორედ თასის გათამაშებაზე აიღოს და ევროტურნირებზე მოსახვედრად, სულ მცირე, ფინალში გასასვლელად იბრძოლოს.ვიტ ჯორჯია VS სიონი
17.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
მერანი VS ტორპედო
სულ მალე ორი თვე გახდება მას მერე, რაც "მერანმა" ბოლო ოფიციალური მატჩი წააგო! ჰო, ნამდვილად ასეა: ვლადიმირ ლობასის დამოძღვრილი "მერანი" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიით (სათასო მეთექვსმეტედფინალის ჩათვლით) ხვდება დღევანდელ მატჩს; მაშინ, როცა მეტოქე ბოლო ხუთი შეხვედრაა ვერ იმარჯვებს, - ისე, როგორც ვერ გაიმარჯვა ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო ოფიციალურ მატჩში, 24 აგვისტოს რომ გაიმართა. მერანი VS ტორპედო
შეგახსენებთ, რომ მესამე ტურის იმ მატჩში (3:1) "მერანმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, "ტორპედო" კი - პირველად დამარცხდა.
17.11. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 14:00
ზუგდიდი VS მეტალურგი
მერვედფინალების კიდევ ერთი წყვილი ("ჩიხურა"-"ზესტაფონის" მსგავსად), სადაც ძალიან ძნელია, ორრაუნდიან დაპირისპირებაში რომელიმე გუნდს მიენიჭოს უპირატესობა.ზუგდიდი VS მეტალურგი
ბესიკ შეროზიას მოსვლის შემდეგ "ზუგდიდი" უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, თუმცა ჩემპიონატში ჯერ კიდევ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფი გუნდი რამდენად აიღებს აქცენტს თასზე, ძნელი სათქმელია.
იმავეს თქმა შეიძლება "მეტალურგზეც": მართალია, რუსთაველთა გუნდმა ნოემბერში ჩატარებული ორივე მატჩი წააგო, მაგრამ ეს უფრო დროებით ჩავარდნად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც, მნიშვნელოვანწილად, ქრონიკული ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული.
ასეა თუ ისე, ვარლამ კილასონიას გუნდს საკმარისი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თასზეც წარმატებულად იასპარეზოს.
17.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო მოედანი). 14:00
სპარტაკი VS საპოვნელა
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა "სპარტაკის" წარმატებული ასპარეზობაა: კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდი ჩემპიონატში IV ადგილზეა და, რაც მთავარია, თასის წილისყრის დროსაც სხვებზე მეტად გაუმართლა! სპარტაკი VS საპოვნელა
ჰო, მერვედფინალში გასული ერთადერთი პირველლიგელი გუნდი მეტოქედ ხომ "სპარტაკს" ერგო, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თერჯოლის "საპოვნელა" B ჯგუფის ლიდერია და ხანგრძლივი პაუზის მერე უმაღლესში აღზევებას ლამობს; "საპოვნელას" ამავე გუნდისა და ზესტაფონის "მარგვეთის" ყოფილი ფეხბურთელი მირიან გეწაძე წვრთნის.
თერჯოლელთა გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია (თეიმურაზ ფურთუხია, ვალერი იობაშვილი, დავით ჩხიკვაძე), 24 წლის სერგო შუღლაძე წლების განმავლობაში უკრაინასა და მოლდოვაში გამოდიოდა, თუმცა "საპოვნელას" ყველაზე "ცნობადი სახე", რაღა თქმა უნდა, რატი წინამძღვრიშვილია - "ამერის", "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" ყოფილმა ფორვარდმა ეს სეზონი თბილისის "სასკოში" დაიწყო, აგვისტოს ბოლოდან კი თერჯოლელთა გუნდის ღირსებას იცავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"