სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0 - თითქმის შეუძლებელი შეძლეს

AutoSharing Option
ამრიგად, ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია. 17 ნოემბერს გამართული პირველი მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "სამტრედია" ბათუმის "დინამოსთან" 1:4 დამარცხდა, მოვლენათა ამგვარი განვითარება ლამის ზღაპარს ჰგავდა.

ბოლო დროს ბათუმელები საკმაოდ კარგად ათამაშდნენ. ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამბურთიან უპირატესობას დათმობდნენ.

ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა პირველ ტაიმში, რომელიც 0:0 დასრულდა. არადა, "სამტრედიამ" რეალური საგოლე მომენტები მრავლად შექმნა - თორნიკე გორგიაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა რევაზ გეწაძემ მეკარე მიხეილ ალავიძეს ვერ აჯობა; ამ უკანასკნელმა თავისიანები დავით კვირკველიას უძლიერესი დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა.

შემდეგ ბათუმელები ორჯერ ძელმა
იხსნა და ორივეჯერ გიორგი გაბედავას ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა; მოგვიანებით, ჩინებული შანსი გაანიავა ლეონარდო რამოსმაც...

ასე იყო თუ ისე, "სამტრედიამ" მეორე 45 წუთში ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი მაინც შემოატრიალა - მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა: 51-ე წუთზე, საჯარიმოს სიახლოვეს, შეტევა კვირკველიამ წამოიწყო; გიორგი დათუნაიშვილმა კი, რომელმაც მატჩი კარგად ჩაატარა, პასი გიგა ბეჭვაიას გააყოლა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ ბათუმელთა მეკარეს და ბოლოს კარში აღმოჩნდა - 1:0.

გავიდა სამიოდ წუთი და დათუნაიშვილის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. დარტყმა მიანდეს გაბედავას, რომელსაც მეკარე ალავიძემ აუღო, თუმცა მოგერიებულ ბურთს კვირკველიამ მიუსწრო და სამტრედიელებს იმედი გაუღვიძა - 2:0.

მასპინძლები დიდ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი გოლის გატანა მაინც გაუჭირდათ. საწადელს მათ 81-ე წუთზე მიაღწიეს. გეწაძემ მოედნის ცენტრში გადააწოდა დათუნაიშვილს, რომელმაც შორეული, ძლიერი დარტყმით ბათუმის "დინამო" მესამედ დაამწუხრა და სამტრედიელები მეოთხედფინალში გაიყვანა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
25.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 1 500 მაყურებელი
სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0
(პირველი მატჩი 1:4)
გოლები: 1:0 ბეჭვაია (51), 2:0 კვირკველია (54), 3:0 დათუნაიშვილი (81. გეწაძის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: გაბედავა (54)
სამტრედია: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, კაკუბავა, პაჭკორია, კვირკველია, გეწაძე, გორგიაშვილი, დათუნაიშვილი, დოლიძე (64. ქანთარია), რამოსი (80. ი. კერძევაძე), გაბედავა (90. შ. კერძევაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, შალიკაშვილი, მელქაძე, შილაკაძე.
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (82. თევდორაძე), ჩირიკაშვილი (63. ქორიძე), მუჯირი, ჭკუასელი (55. მაკარიანი), ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ვარშანიძე, ტატანაშვილი, კაკალაძე.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხიზანიშვილი და კიდე ვინმე დაიმატეთ და შემდეგი 7:0 წააგებთ
levani
11:08 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული