10:34 19-02-2015
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 - ის, რაც ასე მოგვენატრა... [VIDEO]
AutoSharing Option
საფეხბურთო თრილერში გამარჯვება "ვიტ ჯორჯიას" დარჩა, თუმცა ზურაბ ბერიძის გუნდი თავს მშვიდად ჯერ ვერ დაიგულებს. საშინაო მარცხის მიუხედავად, "ცხინვალი" ერთობ იმედიანადაა და ყველაფერს ამ გუნდების საპასუხო, მცხეთური ჯახი გადაწყვეტს.
18 თებერვალს კი მოსაწყენად არავის ეცალა. 9 გოლი ხომ ვნახეთ და, ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ამდენი თუ მეტი აშკარა საგოლე მომენტი თბილისურ ქარსა და სუსხს გაატანეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ძვალ-რბილში რომ ატანდა. თამაშის ბოლოს მოედანი ატალახდა, თუმცა... გოლების წვიმა მაინც არ შეწყდა. ცუდი ისაა, ამ მართლაც ლამაზ შეხვედრას მხოლოდ სამასამდე ქომაგი რომ დაესწრო...
ორივე გუნდმა თითქმის იდენტური ტაქტიკური სქემა აირჩია. ერთი ესაა, "ცხინვალს" გამოკვეთილ გამთამაშებლად რატი ცაცკრიალაშვილი ეყენა. ორივე გუნდმა თავიდანვე უარი თქვა დაცვით ფეხბურთზე და აქცენტი შეტევაზე გააკეთა.
სანამ თამაშის აღწერაზე გადავიდოდეთ, შევნიშნოთ, რომ "ცხინვალის" რიგებში მაგრად ითამაშეს დუბლის ავტორებმა - გიორგი ივანიშვილმა და ნიკა კაჭარავამ, ვინც მოსამზადებელი პერიოდის გვარიანი ნაწილი რუსულ "როსტოვთან" ერთად გაატარა; "ვიტ ჯორჯიაში" კი დუბლის შემსრულებელი მცველი - ლუკა თათხაშვილი და ტექნიკური შუახაზელი, გამარჯვების გოლის ავტორი ვანო კურდღელაშვილი გამოირჩნენ.
თათხაშვილზე ცალკე უნდა ვთქვათ. ის მარჯვენა მცველია. პენალტივით ურტყამს ჯარიმებს და ჟინიანად თამაშობს. ამპლუიდან გამომდინარე, იქნებ, პერსპექტივაში, საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს... "ლელოს" მკითხველს მას აუცილებლად გავაცნობთ უფრო ახლოს, მანამდე კი თამაშის პერიპეტიებს მივხედოთ.
ანგარიში მალევე გაიხსნა. ცაცკრიალაშვილის პასის შემდეგ ჯონი შეროზიასთან პირისპირ გავიდა კაჭარავა, კიპერი იოლად მოატყუა და ოდნავ მახვილი კუთხიდან გაიტანა.
"ვეტერინარებმა" იქვე გაათანაბრეს. კუთხური ირაკლი ღიბრაძემ მოაწოდა. ლევან საბაძემ კი, ვინც ძალიან აქტიური იყო შეტევაში, თავით გადაგზავნა ბურთი გიორგი ნადირაძის კარში.
გოლების წვიმა ივანიშვილმა გააგრძელა. ნიკოლოზ მაისურაძემ გაუმართლებლად დაკარგა ბურთი, მასპინძელთა ნახევარმცველი კი მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შეროზიას შანსი არ დაუტოვა - 2:1.
ბერიძის ბიჭებმა გასატანად გაიწიეს და მიზანს მალევე მიაღწიეს. თათხაშვილის პასის შემდეგ შოთა დავლაშელიძემ, ვინც "ცხინვალის" მცველებს უმეთვალყურეოდ დარჩათ, ბურთს მიწაზე დაშვება არ აცადა, ისე გაიტანა.
ტაიმის ბოლომდე გუნდებმა რამდენიმე საგოლე მომენტი გაცვალეს. ნიკოლოზ ჯიშკარიანის დარტყმული ბურთი სულაც ვიტელთა კართან დაგროვილმა ტალახმა გააჩერა. პირველი ნახევარი კი "ვიტ ჯორჯიამ" მოიგო - ზედ ბოლო წუთზე "ცხინვალის" კარისკენ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა (არადა, სტუმრები პენალტს ითხოვდნენ), ბურთთან თათხაშვილი მივიდა და მძლავრად დასცხო - ბურთმა ჯერ ზედა ძელი "მოიკითხა", იქიდან კი კარში ჩაეშვა.
მეორე ტაიმი "ცხინვალის" გოლით დაიწყო. მრავალსვლიანი კომბინაცია ივანიშვილმა დააგვირგვინა, დუბლი მიითვალა და ანგარიშიც გაათანაბრა. ამას მოჰყვა მასპინძელთა მეკარის გაძევება - არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ გოლკიპერმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა.
მატჩის შემდეგ ცხინვალელთა წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ნადირაძეს ბურთი არა ხელზე, არამედ სახეში მოხვდა. არბიტრმა ცხინვალელ დავით იმედაშვილს გოლი გაუუქმა, თუმცა კაცნაკლულმა მასპინძელმა მაინც მოახერხა წინ გასვლა - დუბლი ახლა კაჭარავამ მიითვალა.
79-ე წუთი და ანგარიში კვლავ თანაბარია - ცხინვალელი მცველები კურდღელაშვილის წინააღმდეგ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმდებიან. ბურთთან კვლავ თათხაშვილი მიდის და უძლიერესი დარტყმით შეროზიას უშანსოდ ტოვებს.
ბოლოს ორივე გუნდს დაღლა დაეტყო, თუმცა "ვიტ ჯორჯიამ" მაინც შეაგდო გამარჯვებისა - კურდღელაშვილმა მეტოქის ერთ-ერთი უკანახაზელი გააცურა და "მოჭრილი" დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 4:5.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
18.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 300 მაყურებელი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5
გოლები: 1:0 კაჭარავა (4), 1:1 საბაძე (9), 2:1 ივანიშვილი (13), 2:2 დავლაშელიძე (18), 2:3 თათხაშვილი (45), 3:3 ივანიშვილი (48), 4:3 კაჭარავა (70), 4:4 თათხაშვილი (79), 4:5 კურდღელაშვილი (88)
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იმედაშვილი, ჯიშკარიანი - ივანიშვილი, ქარდავა (90. ლექვთაძე), მახარობლიძე, შინდაგორიძე (88. მარკოზაშვილი) - ცაცკრიალაშვილი (51. ნანიევი) - კაჭარავა.
სათადარიგოები: ცერცვაძე, ბურძენაძე, კილასონია, მაისაშვილი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე - დავლაშელიძე (52. გახარია), ღიბრაძე, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (85. კახაბრიშვილი), საბაძე - ლობჯანიძე (72. კუხალეიშვილი).
სათადარიგოები: ისერგიშვილი, ჩიტიშვილი, დანელია, ხვისტანი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გაფრთხილება: ღიბრაძე (42), ჯიშკარიანი (43), გახარია (55), კაჭარავა (67)
გაძევება: ნადირაძე (52)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
მატჩის შემდეგ
ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია):
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მალე საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყება და ეს თამაში ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი გუნდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, შანსები მაინც თანაბარია".
კახა კაჭარავა (ცხინვალი):
"მკაცრი საუბარი მექნება ფეხბურთელებთან. შესაძლოა, ზოგი მათგანისთვის შენიშვნის მიცემა მომიხდეს, ზოგისაც - დაჯარიმება. ეს შედეგი მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვეცდებით ჩვენსას. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვინც სათამაშოა იმათ არ ათამაშებს კახა კაჭარავაა თუ ვიღაცა, ეგრე წინ ვერ წახვალ იცოდე
0
0
რა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი ჯერ ბიჭებს სად ათამაშებენ ირგვლივ სულ მშენებლობებია ავტომობილების გამონაბოლქვი და ათასი საშინელება.ვიდეოს ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია ვინ რომელი გუნდია და სად რა ხდება ვერ გაიგებს ადამიანი!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული