სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თასის გათამაშებას ორივე გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს და აქედან გამომდინარე, დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა - შეხვედრა საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა. თუ ორივე გუნდის გულშემატკივართა ტემპერამენტს გავითვალისწინებთ, ადვილად წარმოიდგენთ, როგორ გარემოში ჩაიარა იმერულმა დერბიმ.

შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ვახტანგ კოპალეიშვილის ხსოვნას, რომელიც წარმოშობით სამტრედიიდან იყო.

ზაზა ზამთარაძემ ქუთაისელთა წინააღმდეგ გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა. ვერ ვიტყვით, რომ ეს შეტევაზე ორიენტირებული არჩევანი იყო. მასპინძლები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით უტევდნენ და ამ პოზიციაზეც კი ამპლუით ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი ირჯებოდა.

გიორგი დარასელიამ
კი, რომელიც "ტორპედოს" თავკაცის პოსტზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, შეტევაზე გააკეთა აქცენტი და, ფაქტობრივად, გუნდი ოთხი თავდამსხმელით ათამაშა - დავით კირკიტაძე, ბექა ტუღუში და ნიკოლოზ საბანაძე ფლანგებიდან და ოდნავ სიღრმიდან უტევდნენ მეტოქეს, გამოკვეთილი ფორვარდი კი ბუდუ ზივზივაძე იყო.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა და 15 წუთი ისე მიილია, დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. შემდეგ უპირატესობას ქუთაისური გუნდი დაეუფლა. პირველად სტუმრები ტუღუშმა აანერვიულა, შემდეგ საბანაძე ურტყამდა შეუჩერებლად, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლო ხუთი წუთი მთლიანად "ტორპედოს" დომინირებით წარიმართა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა გოლიც - კირკიტაძემ მარჯვენა ფრთაზე იოლად აუარა გვერდი ჯერ დავით კვირკველიას, მერე ზურაბ ხიზანიშვილს და დაახლოებით პენალტის ნიშნულთან ტუღუში მოძებნა, ვინც ძლიერი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მომდევნო იერიშისას თავად კირკიტაძესაც შეეძლო გატანა, მაგრამ მისი უძლიერესი საჯარიმო დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. იმავე კუთხურისას კი ირაკლი კლიმიაშვილისგან ჩაწოდებული ბურთი ხარიხას მოხვდა და გარეთ გამოვარდა, მაგრამ დამატებაზე ვერც ნიკა საბანაძემ ივარგა და ვერც გურამ ადამაძემ. მცველებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს და მასპინძლებს მსაჯის სასტვენმა, რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სამტრედიელთა რიგებში ლევან შარიქაძის ნაცვლად დავით ბოლქვაძე გამოჩნდა, რომელმაც თამაში აშკარად დაალაგა... თუმცა, პირველი შეტევა ისევ "ტორპედომ" განახორციელა - კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ მეკარემ კარიდან გამოსვლა დააგვიანა და... საბანაძის თავური მიზანს მცირედით ასცდა.

59-ე წუთზე ზამთარაძემ, როგორც ამბობენ ხოლმე, "ოქროს შეცვლა" გააკეთა - გიორგი დათუნაიშვილის ნაცვლად თამაშში ჩართულმა თორნიკე კაპანაძემ 8 წუთის ინტერვალში დუბლი გაიფორმა და სამტრედიელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

პირველი გოლისას "ელვამ" გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემა გამოიყენა, მცველებსა და მეკარეს დაასწრო და ძალზე ეფექტურად შეაგდო. ორიოდე წუთში კი, კვირკველიას ძლიერი დარტყმის შემდეგ, კაპანაძემ მეკარის მიერ უხერხულად მოგერიებულ ბურთს დაამატა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სხვათა შორის, ნამატჩევს ქუთათურები ამტკიცებდნენ - მეორე გოლის მომენტში კაპანაძე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდაო...

ბოლო ათმა წუთმა "ტორპედოს" უპირატესობით ჩაიარა. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ თენგიზ ჩიკვილაძესა და კლიმიაშვილს. პირველი მათგანი "მაკრატელათი" ცდილობდა სტუმართა დამწუხრებას, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, მეორის დარტყმამ კი ხარიხას გადაუფრინა.

შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულ ოთარ კვერნაძესაც შეექმნა კარგი მომენტი, მაგრამ საჯარიმოში ბურთი დიდხანს ათრია და დარტყმაც დააგვიანა.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კაპანაძეს ჰეთ-თრიკი რომ გაეფორმებინა, სამტრედიელები უფრო მშვიდად შეხვდებოდნენ საპასუხო შეხვედრას, მაგრამ... "ელვას" ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

მოკლედ, "ეროსი მანჯგალაძეზე" დაფიქსირებული შედეგი ქუთაისში ერთობ საინტერესო საპასუხო დერბის გვპირდება.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
18.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 3 000 მაყურებელი
სამტრედია-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 ტუღუში (42. კირკიტაძის პასით), 1:1 კაპანაძე (65. დოლიძის პასით), 1:2 კაპანაძე (67)
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - თორ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბეჭვაია - დოლიძე, დათუნაიშვილი (58. კაპანაძე), შარიქაძე (46. ბოლქვაძე) გეწაძე - გორგიაშვილი (88. შ. კერძევაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თევზაძე, ი. კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ტორპედო (4-4-1-1): შეყრილაძე - ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ჩიქვილაძე - კლიმიაშვილი, ქებაძე - კირკიტაძე, ტუღუში, საბანაძე (68. ქიმაძე) - ზივზივაძე (58. კვერნაძე).
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ბანძელაძე, მახვილაძე, ბაბუნაშვილი, კვარაცხელია
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (44), ბოლქვაძე (76), ჩიკვილაძე (69), კერძევაძე (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
kutaiski
სამტრედიაში ბილეთები არ იყიდება!

andro
სტადიონზე გუშინ იყო არა უმეტეს 1600 კაცისა,მაგ სტადიონს ვიცნობ სსრკ-ს დროიდან და რასაც ვხედავ იმაში ნუ გადაგვარწმუნებ შენი ჭირიმე!
ნურც იმაში დგავარმწუნებ სამტრედიას გულშემტკივრებს რომ რაიმეს ჰგავდა სამტრედიას თამაში გუშინ. სამეულში მყოფი კლუბი ასე არ უნდა თმაშობდეს.
საერთოდ შეტევების არც პოტენციალია,არც სტილი და არც გეგმები.სისრაფე ხომ საერთოდ სადრაც ურეკში ისვენებს ზღვაზე :)ეს კლუბი მინიმუმ 3 გამოკვეთილი ფორვარდით და 2 შემტევი ნახევარმცველით უნდა იყოს, გუშინ კი კარდიბალეტი იყო.
აგერაა 22 თებრვალი და მთელი საქართევლო იხილავს ზამთარაძის სტილს და გენიალურობას, თუ როგორ და რა ანგარიშით დაამარცხებს დინამოს.
22-ში ამ კლუბის მენეჯმენტის და მწვრთნელთა შტაბის ლუსტრაციის დღეა. 22-ში დამარცხება საერთოდ შეცვლის ყველაფერს,ოპტიმიზმის დიდი წილი უცბად აორთქლდება!
წარმატება სამტრედიას, მაგრამ წარმატება ხეირიანი და ხარისხიანი თამაშით და არა კარდიბალეტით
ჯორდანო უბრუნებელი
22:17 19-02-2015
0
რამდენი ბილეთი გაიყიდა?
kutaiski
15:40 19-02-2015
0

სიახლეები პოპულარული