ჩიხურა-სამტრედია 0:1 - რთული, მაგრამ არა უიმედო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ "ჩიხურას" ფორტუნამ ზურგი აქცია. არადა, ლოგიკის მიხედვით, ასე არ უნდა ხდებოდეს, როცა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სათამაშო, ტერიტორიულ და ყოველგვარ უპირატესობას ფლობ, მეორე ტაიმში კი მოედნის სრული ბატონ-პატრონი ხარ...

მაგრამ, მოდით, ყველაფერს უიღბლობას ნუ დავაბრალებთ. ისიც აღვნიშნოთ, რომ იღბალი, გარკვეულწილად, მოწინააღმდეგემაც "გამოიმუშავა".

სამტრედიელთა სტრატეგია თავიდანვე გამოიკვეთა და თამაშის ბოლომდე გაგრძელდა - საკუთარი კარის საიმედოდ დაცვა და თუ იღბალიც წაგეხმარა, რატომ მეტიც არა?!

როცა
დაცვაში მრავალნაცადი ზურაბ ხიზანიშვილი გყავს, წინ კი ასეთივე ალექსანდრე იაშვილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და მოხდა კიდეც 50-ე წუთზე. დეკანოიძემ ყოვლად მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მოედნის ცენტრში, გორგიაშვილმა გამიზნული პასი არ დააყოვნა, თევზაძემ კი - უნაკლო დარტყმა.

მანამდე ხიფათის შექმნას მრავალჯერ ეცადნენ სარდალიშვილი, ივანიშვილი, მუმლაძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე... მაგრამ კუთხურების მეტს ვერაფერს გამორჩნენ. რაც შეეხება მეკარეს, მას, უმეტესწილად, თავისი გუნდის წევრებისგან მისდიოდა ბურთი.

ზემოთ იაშვილი ვახსენეთ და მისი კლასი მე-19 წუთზე გამოჩნდა, როცა უძლიერესი დარტყმისგან თავისიანების გადასარჩენად, მაქსიმე ქვილითაიას თავგანწირული ნახტომი დასჭირდა და ეს იყო მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრების ერთადერთი, ყველაზე რეალური მომენტი.

გაშვებული გოლის შემდეგ საჩხერელები თითქმის დასახლდნენ მეტოქის საჯარიმო მოედანზე. იყო მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებები, "რიკოშეტები", ჯარიმები, კუთხურები, ახლო და შორეული დარტყმები და... არ იყო გოლი. არადა, ამის გაკეთება შეეძლო "ჩიხურას" ყველა რგოლის მოთამაშეს: მცველებს (ლუბჩაკი, ჭელიძე, ჩიკვაიძე), ნახევარმცველებს, თავდამსხმელებს...

მარტო მუმლაძეს უნდა შეესრულებინა მინიმუმ პოკერი, მაგრამ... მხოლოდ "მაგრამ" - ბურთი ჯიუტად უქცევდა გვერდს კარს, 57-ე და 70-ე წუთებზე კი, სამტრედიელთა მეკარე მუჯრიშვილმა, რომ იტყვიან, ორი "მკვდარი" ბურთი აიღო.

სტუმრებმა ერთგოლიანი უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს, რომელიც ორბურთიანად უნდა შეფასდეს, ვინაიდან მოწინააღმდეგის მოედანზეა გატანილი.

საპასუხო შეხვედრაში "ჩიხურას" მდგომარეობა უკიდურესად რთულია, თუმცა ამ მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა - უიმედო.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
07.04. ივანწმინდა. 600 მაყურებელი
ჩიხურა-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 თევზაძე (50. გორგიაშვილის პასით)
ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (64. მანჯგალაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ტრაიანოვსკი, იაკობაშვილი, ნადირაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: მუჯრიშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, თევზაძე, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (81. კერძევაძე), დათუნაიშვილი, იაშვილი (86. გაბედავა), გეწაძე, დოლიძე, კაპანაძე (71. შარიქაძე).
სათადარიგოები: თევდორაძე, შალიკაშვილი, კვირკველია, ლეანდრო.
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: მუმლაძე (64), კაპანაძე (69), მანჯავიძე (75)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
:D იშვიათი მიმოხილვაა :) ძაან გულდაწყვეტილი ჩანს ავტორი
gela gela
14:38 08-04-2015
0
მგონი nukri-ც სტატიის ავტორია... :D
0

სიახლეები პოპულარული