ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" იღბლიანად დაუბრუნდა ოდინდელი დამრიგებელი გია გეგუჩაძე. სადაც გეგუჩაძის ღვაწლზე ვთქვით, აქ არც კახი გოგიჩაიშვილის დამსახურება უნდა დავივიწყოთ - ფინალამდე ხომ გუნდი სწორედ მან მიიყვანა...
მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ გუშინდელი ფინალის ანგარიში აბსოლუტურად კანონზომიერია. ყველაზე მეტი, რასაც "სამტრედია" იმსახურებდა, ერთი გოლი იყო. საამისო შანსები იმერლებს
ახალგაზრდა დინამოელებმა შედარებით გამოცდილ მეტოქეს სათამაშო კლასითა და ცივსისხლიანობით აჯობეს. აი, გიორგი პაპუნაშვილის გარჯას კი მართლაც "ბრწყინვალე" ეთქმის. ეჭვგარეშეა, მის სანაქებო თამაშს ჩაინიშნავდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელიც ფინალს ესწრებოდა.
სამტრედიელთა სამწვრთნელო შტაბმა კარგად უწყოდა, რომ შედარებით ასაკოვანი გუნდი მალე დაიღლებოდა და ამდენად, აქცენტი სწრაფ გოლზე გაკეთდა. თამაშის დასაწყისმა ზაზა ზამთარაძის გუნდის უპირატესობით ჩაიარა.
უკვე მე-3 წუთზე სამტრედიელებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. გრიგოლ დოლიძემ გადააწოდა ალექსანდრე იაშვილს, რომელმაც პასი არ დაუგვიანა რევაზ გეწაძეს - დამაგვირგვინებელი დარტყმა დინამოელთა კარის დარაჯმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.
"სამტრედიამ" შეტევა გააგრძელა. პირველ წუთებში უაღრესად აქტიურმა დავით კვირკველიამ საჯარიმოში შეუცურა ბურთი გიორგი გაბედავას. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ფორვარდს უფრო მარტივად ეთამაშა, მაგრამ ამ სიტუაციაში მან ქუსლით მოინდომა გოლის გატანა და სიზუსტე დააკლდა.
რამდენიმე წუთში "სამტრედიას" ორი საგოლე შანსი მიეცა - ჯერ დოლიძე ვერ მისწვდა კვირკველიას ჩაწოდებულს, მერე კი გიორგი დათუნაიშვილმა უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა ჰრდლიჩკას კარს.
"დინამო" პირველად მოწინააღმდეგის ნახევარზე მე-15 წუთზე გადავიდა და გაიტანა კიდეც. მარცხენა ფლანგზე გიორგი ჯანელიძემ მეურვე მოატყუა და პაპუნაშვილს დაასვა ბურთი თავზე, ვინც დარტყმა არ დააგვიანა და ეგებ სამტრედიელთა კარის დარაჯი რევაზ თევდორაძე ვალდებულიც იყო, ამ ეპიზოდში თავისიანები გადაერჩინა...
ანგარიშში დაწინაურებულმა "დინამომ" მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვია თავს. გეგუჩაძემ იმერელთა სწრაფ შემტევებს (რომელთა შორის რამდენიმე მისი ყოფილი შეგირდი იყო "ტორპედოსა" და "ზესტაფონში") სივრცეები ჩაუხურა. სამტრედიელები თამაშს ვეღარ ამწვავებდნენ და თამაში ისე მიდიოდა, რაც "დინამოს" ხელს აძლევდა.
34-ე წუთზე დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ესპანელი მანუელი. თევდორაძემ, რომელიც გუშინ საღამოს დამაჯერებელი ვერ იყო, ამ ეპიზოდში კარი დროულად დატოვა და თავისიანებს საფრთხე აარიდა.
არ ვიცით, რა უთხრა შესვენებაზე შეგირდებს გეგუჩაძემ, მაგრამ ფაქტია, რომ მინდორზე სულ სხვა "დინამო" გამოვიდა - უზომოდ მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული და გოლებზე დაგეშილი.
"სამტრედიამ" მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო. დოლიძემ იაშვილს (სამტრედიელთა რიგებში უდავოდ საუკეთესო იყო) გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი დიდებული პასით დათუნაიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჰრდლიჩკამ ურთულესი მომენტი განმუხტა.
მალევე, "დინამომ" სწრაფი კონტრშეტევა გაათამაშა, სამსვლიანი კომბინაციის ბოლო აკორდი ესპანელმა მანუელმა შეასრულა - 2:0.
ეს იყო და, კვლავ პაპუნაშვილმა გაიბრწყინა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ასე 22-23 მეტრიდან ბურთი თევდორაძისგან ახლო დაბალ კუთხეში გაახვია.
სამბურთიანი ფორა თასის ფინალში უეჭველი გამარჯვების (თუ "მილანი"-"ლივერპულის" ფინალს არ გავიხსენებთ) წინაპირობაა და დინამოელებიც ყველანაირი ფსიქოლოგიური ტვირთისგან გათავისუფლდნენ. მეოთხე გოლი კვლავ შეუჩერებელმა პაპუნაშვილმა "გამოძერწა" - კარგად მოატყუა ორი სამტრედიელი მცველი და არ დაუგვიანა პასი მანუელს, ვისაც დუბლის შესრულების გარდა, არაფერი დარჩენოდა.
ბოლოსკენ, გეგუჩაძემ მოედანზე შეუშვა ძალზე ნიჭიერი ფორვარდი დავით ვოლკოვი, რომელმაც ცოტა ხანს კი ითამაშა, მაგრამ ყვითელი ბარათის მიღება და გოლის გატანაც მოასწრო. საგოლე პასი ამჯერადაც პაპუნაშვილმა ჩაიწერა აქტივში.
ფინალი დასრულდა - 5:0. საქართველოს თასის ფინალში ამხელა სხვაობა ორ გუნდს შორის არასოდეს ყოფილა. "დინამოს" წარმატება კი აუცილებლად გაახარებდა "ცხინვალის" ხელმძღვანელობას. თასის ფინალში დაფიქსირებულმა შედეგმა კახა კაჭარავას გუნდს ევროპალიგისკენ გაუხსნა გზა.
სამტრედიელ ფეხბურთელთა იმედგაცრუებას კი საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ურთიერთობა დაიძაბა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის...
აღსანიშნავია, რომ სამტრედიელმა ქომაგებმა ტაშით გააცილეს ალექსანდრე იაშვილი...
მატჩის შემდეგ:
გია გეგუჩაძე: მადლობა მათ, ვინც "დინამო" ფინალამდე მოიყვანა!
გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...
საქართველოს თასი 2014/15. ფინალი
26.05. თბილისი. "მიხეილ მესხი". 5 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 მანუელი (50), 3:0 პაპუნაშვილი (53), 4:0 მანუელი (68), 5:0 ვოლკოვი (87)
დინამო (4-5-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, გველესიანი, თოთაძე - პაპუნაშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი (75. პარუნაშვილი), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი (85. ვოლკოვი) - მანუელი (69. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ბუკორაცი, ჯიღაური, ჩირგაძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სამტრედია (4-4-2): თევდორაძე - თედ. გრიგალაშვილი (46. ბეჭვაია), კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - დოლიძე, დათუნაიშვილი (58. გორგიაშვილი), შარიქაძე, გეწაძე (66. კაპანაძე) - გაბედავა, იაშვილი.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თორ. გრიგალაშვილი, შალიკაშვილი, ბოლქვაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: კაკაბაძე (12), დათუნაიშვილი (36), კვირკველია (64), კაკუბავა (75), ვოლკოვი (86)
არბიტრი: მარკო ფრიტცი (გერმანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კლუბი რომელსაც თავმოყვარეობა არ აღმოაჩნდა რომ დონეზე ეთამაშა,ებრძოლა მაინც.
ზამთარაძეს და მის კამანდას კი გააგდებენ მაგრამ,ეს არაფერს ცვლის.
დასაშლელია მთელი კლუბი,რადგან ასეთი "ვარსკვლავების" კრებული უმწვრთნელოდ უნდა იგებდეს ნებისმიერ მატჩს.
სამტრედიელ გულშემატკივრებს მხნეობას ვუსურვებთ,გული არ გაიტეხოთ.მომავალ წელსაც იგივე სცენარი იქნება, დიდი ბიუჯეტი,უსახური ფეხბურთი,ცრუ მოლოდინები,ხმაურიანი განცხადბები და ასე შემდეგ.
სადაა კლუბის ოფიციალური მფლობელი?რატომ ხმას არ იღებს?