2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ასეთ შეხვედრაში, საქართველოს დონის გათვალისწინებითაც კი, დიდებული მიღწევაა. 19 წლის პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" საკვანძო ფიგურაა.
ცხადია, ფინალის შემდეგ ის უზომოდ გახარებული
- ჩემზე რა ვთქვა? ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. დღეს მთელმა გუნდმა საუკეთესოდ ითამაშა და სეზონში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ჩემი გოლებიც და მოგებაც ბიჭების დამსახურებაა. მადლობა მათ ბრძოლისთვის, ლამაზი ფეხბურთისა და ამ დაუვიწყარი ფინალისთვის.
მინდა გია გეგუჩაძეს და მთელ სამწვრთნელო შტაბს პირველი ტიტული მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.
- ზოგადად, "სამტრედიასთან" ასეთი ანგარიშით მოგება მეტისმეტად მოულოდნელი იყო...
- რა თქმა უნდა, ასეთ ანგარიშს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. "სამტრედია" ძლიერი გუნდია, გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და ერთი პერიოდი, ჩემპიონობისთვის იბრძოდა.
ბუნებრივია, დღეს მოგების იმედი მქონდა, მაგრამ გაცილებით დაძაბულ ბრძოლას ველოდი. თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.
მიხარია, რომ მაყურებელს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და სეზონი ტიტულით ჩავამთავრეთ.
- გასაგებია, რომ თასის მოგება კარგია, მაგრამ დღეს მაინც გამორჩეულად დამუხტული ჩანდით...
- ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. უპირველესად, იმიტომ, რომ ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ. გასაგებია, რომ სუპერთასი ავიღეთ, მაგრამ ის მაინც წინა სეზონის პრიზი იყო. ორმაგად მონდომებულები გავედით მინდორზე, რათა სეზონი თასის მოგებით დაგვესრულებინა - "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...
- არის ადამიანი, ვისაც ამ წარმატებას მიუძღვნი?
- რა თქმა უნდა! ვუძღვნი ბიძაჩემს, მის მეუღლე სოფო არჯევანიძესა და მათ შვილს, რომელიც გუშინ დაიბადა და თასის ფინალის გამო ეს სიხარული უშუალოდ აქამდე ვერ მივულოცე.
კიდევ ვუძღვნი ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რადგან მათ ეს წარმატება ყველაზე მეტად გაუხარდებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"