საინტერესო აზრი გაგვიმხილა "ლელოს" მკითხველმა - ის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფორმატის შეცვლას ითხოვს.
პირადად თუ რედაქციაში მოსაზრებები ბევრჯერ მოუწერიათ, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულად საინტერესო აზრია...
"თქვენს ყურადღებას თასის გათამაშების ფორმატზე გავამახვილებ. წამყვან ევროპულ ქვეყნებში თასის გათამაშებაში ქვედა ლიგების გუნდებიც მონაწილეობენ. საქართველოში სულ 80 გუნდამდეა, მაგრამ ჩვენთან რატომღაც, მეორელიგელებს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
გასაგებია, რომ შესაძლოა, უმაღლესი ლიგის კლუბები პირველი ან თუნდაც პირველი ორი ეტაპიდან გაათავისუფლონ. თუმცა, თასისთვის ბრძოლის უფლება პირველი და მეორე
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დაბალ ლიგაში მოასპარეზე გუნდსაც ელემენტარული სტიმული უნდა ჰქონდეს", - ამბობს ჩვენი მკითხველი დავით ბაკურაძე.
მართლაც, რა უშლის ხელს რეგიონული ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობას? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ბოკერიას მივმართეთ:
"ეს მშვენიერი იდეაა და დაბალი ლიგის გუნდებისთვის მართლაც კარგ სტიმულად გამოდგება.
სიმართლე გითხრათ, ამაზე ფეხბურთის ფედერაციაშიც გვიმსჯელია, რადგან მეორე ლიგის განვითარება, ამ გუნდების ფუნქციების გაზრდა და საფეხბურთო ცხოვრებაში დატვირთვა საჭირო საქმეა.
ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის, რადგან მეორე ლიგა უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. მეორე მხრივ, მოსაფიქრებელია, ეს იდეა პრაქტიკაში როგორ განხორციელდება და რა ფორმით.
თუმცა, ვიმეორებ, ამ ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობა ჩვენი სურვილიც არის", - ამბობს ბოკერია.
მან 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონატის დებულების რამდენიმე საინტერესო ცვლილებაც გაგვიმხილა:
"უმაღლესი ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩება და იქ კვლავ 16 გუნდი ითამაშებს. მაგრამ პირველ ლიგაში ბევრი რამ შეიცვლება. ახალი სეზონიდან, ორი 10-10-გუნდიანი ჯგუფების ნაცვლად მხოლოდ ერთი იქნება და 18 გუნდი ითამაშებს.
უმაღლესში გადასვლის წესი კი, შესაბამისად, შეიცვლება. პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად გადავლენ უმაღლესში, მესამეადგილოსანი კი უმაღლესი ლიგის ბოლოდან მე-3 ადგილზე გასულთან ითამაშებს.
ვფიქრობთ, პირველი ლიგიდან გადასასვლელ მატჩში პირდაპირ მესამე ადგილოსანი გუნდი დავუშვათ თუ სხვა ფორმატი მოვიფიქროთ და საგზური მეტ გუნდში გავათამაშოთ.
მაგალითად, ბელგიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში გადასასვლელ მატჩში მონაწილეობის უფლებისთვის ოთხთა მინი-ტურნირი ტარდება და გამარჯვებული უმაღლესი ლიგის აუტსაიდერს ხვდება. ეს მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველია და რეალურად ჩანს, რომელია საუკეთესო გუნდი.
დებულება მალე შემუშავდება, ძველ ხარვეზებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ და შევეცდებით, ჩვენს ვითარებასა და გარემოს მაქსიმალურად შევუსაბამოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"