დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ ქუთაისში "დინამოს" დღე იყო - ჯერ კალათბურთელებმა იზეიმეს გამარჯვება, საღამოს კი მათ ფეხბურთელებმაც მიბაძეს და რიონისპირა ქალაქში დღესასწაული მოიწყვეს. თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდმა მეცამეტედ მოიგო საქართველოს თასი, მეათედ შეასრულა დუბლი (ჩემპიონობა და თასი ერთ სეზონში) და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა...

ფინალამდე
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს თასის ფინალი თბილისის გარეთ გაიმართა და ამ მნიშვნელოვანი მატჩის მასპინძლობის პატივი ქუთაისს ერგო. რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო არენა მთავარ სათასო დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდა.

თბილისიდან და ბოლნისიდან გულშემატკივრები მრავლად ჩამოვიდნენ. მათ ადგილობრივებიც
დაემატნენ და სტადიონზე კარგი საფეხბურთო ატმოსფერო შეიქმნა. მართალია, სტადიონი არ გავსებულა, მაგრამ 7000-მდე მაყურებელი საქართველოში ბოლოს რომელ მატჩზე მივიდა, ძნელი გასახსენებელია.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქუთაისელი "ულტრასები" "სიონს" გულშემატკივრობდნენ და "დინამოს" მიმართ არცთუ კეთილგანწყობილნი იყვნენ, თუმცა სასიამოვნო იყო ის ეპიზოდი, როცა თბილისელებმა ალექსანდრე იაშვილი შეცვალეს და მაყურებელმა ის ტაშით გააცილა, მათაც კი, ვინც "დინამოს" არ ქომაგობდა. ეს არის სწორედ გულშემატკივრობის ის კულტურა, რაც ასევე სჭირდება ჩვენს ფეხბურთს და კარგია, რომ ქუთაისში ეს პრეცედენტი მოხდა...

ფინალს ესწრებოდნენ ქართული ფეხბურთის მმართველები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცები. მატჩის სანახავად მობრძანდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლებმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფინალისწინა ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა...

ფინალი
...როცა სასწორზე დავით ყიფიანის სახელობის თასია, რთულია, დამატებით ინტრიგაზე ილაპარაკო. ორივე გუნდის მთავარი მიზანი ისედაც ამ პრესტიჟული ტიტულის მოგება იყო. თუმცა ბოლნისელებისთვის ფინალში გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იქნებოდა - თასთან ერთად ხომ ისინი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის უფლებასაც მოიპოვებდნენ...

ქვემოქართლელებს ცდა არ დაუკლიათ და ამ მძიმე მატჩში ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა გამარჯვება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დარჩა. როგორც ამ ტიპის მატჩებში ხშირად ხდება ხოლმე, სანახაობრივი მხარე ვერ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, თუმცა დაძაბულობა მატჩს ბოლო წამებამდე შემორჩა. გუნდებმა "ჩაკეტილი" ფეხბურთი ითამაშეს. ამიტომაც საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა...

ვერ ვიტყვით, რომ იურაი იარაბეკმა ვიზავის სიურპრიზები შესთავაზა. ერთადერთი ის იყო, რომ მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე მარცხნივ გაამწესა, მარჯვენა ფლანგი კი ოთარ კაკაბაძეს ჩააბარა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კაკაბაძე საკმაოდ აქტიური იყო. საწყის წუთებში დინამოელთა შეტევები სწორედ მისი ფლანგიდან ვითარდებოდა...

დაცვის ცენტრში, ტრადიციულად, რენე ფერეირა და ალექსანდრე ამისულაშვილი მოქმედებდნენ, ნახევარდაცვის ფლანგებზე - ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი, ცენტრში ოთარ კიტეიშვილი და მიკელ ალვარო (სხვათა შორის, ფინალამდე ძირითადში მისი დაყენებაც არ იყო მოსალოდნელი) ირჯებოდნენ, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი გიორგი ქვილითაია იყო, რომლის უკანაც გამოცდილი ალექსანდრე იაშვილი მოქმედებდა.

ბოლნისელებმა ძირითად ძალებს მოედნის ცენტრში მოუყარეს თავი და ამ გზით სცადეს უპირატესობის მოპოვება. ფლანგებზე კი თამაშის გამწვავება მათ განაპირა მცველებს - გიორგი გაფრინდაშვილსა და დაჩი ფოფხაძეს ევალებოდათ. თავდასხმაში "სიონსაც" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა - დიმიტრი ტატანაშვილი, რომელსაც თბილისელთა გამოცდილი უკანახაზელები გასაქანს არ აძლევდნენ. თამაში ისე მიილია, მას კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცემია...

საწყისი 30 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო. შემდეგ დინამოელებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და ორი საგოლე მომენტიდან ერთი გოლად აქციეს - ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი მიიღო, მოხდენილად ჩამოიცილა მცველი და დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში გამოზომილად დაარტყა. გამოცდილი მირზა მერლანი არც განძრეულა - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი უფრო ჭანტურიშვილის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურება იყო, ვიდრე "დინამოს" კომბინაციური თამაშისა. თბილისური გრანდისთვის ეს გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, თუმცა იქამდე გუნდებმა კიდევ ერთი საათი იბრძოლეს და ანგარიშის შეცვლა ორივე მხარეს შეეძლო...

პირველი ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფლანგზე დაჩი ფოფხაძის აქტიურობის შემდეგ კაკაბაძეს ბურთი ხელზე მოხვდა. ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ამ ეპიზოდზე ყურადღება იმადაც გავამახვილეთ, რომ თამაშის შემდეგ ბოლნისელები უკმაყოფილებას არ მალავდნენ, "სიონის" თავკაცი არმაზ ჯელაძე კი იმდენად გულდაწყვეტილი იყო, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა...

მეორე ტაიმში "სიონი" ბევრს უტევდა, მაგრამ ამ შეტევებს ფანტაზია აკლდა და დინამოელთა მცველებიც ადვილად უმკლავდებოდნენ ბოლნისელთა მანევრებს. ყველაზე ახლოს მიზანთან გიორგი ვასაძე იყო, მაგრამ არ გაუმართლა - მისი დარტყმული დინამოელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ბოლოს "სიონი" ვა-ბანკზე წავიდა, მთელი ძალებით შეუტია და ზურგი მთლიანად მოაშიშვლა. დინამოელებს სახიფათო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მიეცათ და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, ანგარიში შეიცვლებოდა. მარტო შეცვლაზე შესული ნიკოლოზ გელაშვილი გადიოდა ორჯერ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ...

მატჩის მიწურულს ბოლნისელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა გურამ გიორბელიძის გაძევების გამო. მიუხედავად ამისა, ჯელაძის შეგირდებმა დარჩენილი 4 წუთიც ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ფინალის შემდეგ
საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებულმა დინამოელებმა იმ ტრიბუნასთან მიირბინეს, სადაც მათი ერთგული ფანები იყვნენ და მოგება მათთან ერთად იზეიმეს.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი გოლის ავტორ ვახტანგ ჭანტურიშვილს გადაეცა.

შემდეგ იყო დაჯილდოების ცერემონიალი. ლევან კობიაშვილმა თასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, თავის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალექსანდრე იაშვილს გადასცა და დინამოელთა ქუთაისური ზეიმი ფოიერვერკების ფონზე საქართველოს თასის აღმართვით დასრულდა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დინამოელებმა გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ მასმედიისთვისაც მოიცალეს. რადგან პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, "დინამოს" თავკაცსა და ფეხბურთელებს სტადიონის შესასვლელში გავესაუბრეთ.

იურაი იარაბეკი:
"როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ფინალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორივე გუნდს მხოლოდ შედეგი გვაინტერესებდა. "სიონი" ძალიან რთული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.

ბიჭებს თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ გამარჯვებულის ბედი, შესაძლოა, ერთ გოლს გადაეწყვიტა და ასეც მოხდა.

მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს თავდადებისთვის. სასიხარულოა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მეორე პრესტიჟული ტურნირიც მოვიგეთ. ვულოცავ ამ დიდ წარმატებას "დინამოს" გულშემატკივრებს".

ალექსანდრე იაშვილი:
"კარგია, რომ თასის ფინალი რეგიონში ჩატარდა. ქუთაისში სასიამოვნო საფეხბურთო გარემო იყო. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, საინტერესო ფინალი გამოვიდა. "სიონი" კარგი გუნდია და იოლი არ ყოფილა გამარჯვების მოპოვება.

მიხარია, რომ კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვე. ახლა ჩემპიონატში ერთ მატჩსაც ვითამაშებ და ფეხბურთელის კარიერას ოფიციალურად დავასრულებ".

ოთარ კაკაბაძე:
"ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის ეს მესამე მოგებული ფინალია. მადლობა მინდა ვუთხრა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომლებიც თბილისიდან ჩამოვიდნენ საქომაგოდ. ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მოვახერხეთ.

"სიონი" კარგი გუნდია და ვერ ვიტყვი, რომ იოლად მოვიგეთ, მაგრამ მთავარია, გავიმარჯვეთ და თასი ჩვენ დაგვრჩა".

ალექსანდრე ამისულაშვილი:
"თამაში ძალიან დაძაბული იყო. საკმაოდ ღირსეული მეტოქე გვყავდა, კარგადაც ითამაშეს, მაგრამ კარგია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ძალიან კომპაქტურად ვითამაშეთ დაცვაში და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მივეცით.

ბევრი საგოლე მომენტი არც ჩვენ გვქონია, სანამ ბოლოს "სიონი" არ "გაიხსნა". როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფინალი სანახაობრივი არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია შედეგი. ვულოცავ "დინამოს" გულშემატკივრებს წლევანდელ დუბლს.

ძალიან სასიამოვნოა, რომ კარგი დაბრუნება გამომივიდა. ნახევარ წელიწადში ორი ტიტული მართლაც ჩინებული შედეგია".

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი
18 მაისი. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 7000 მაყურებელი
დინამო (თბ)-სიონი 1:0
გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი (29)
დინამო:
ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, უ. ლობჟანიძე, ჯიღაური, კიტეიშვილი, ალვარო (82. ზ. ჭელიძე), ჭანტურიშვილი, ა. იაშვილი (71. პარუნაშვილი), ქვილითაია (66. გელაშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, თევზაძე, გურული, გველესიანი
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
სიონი: მერლანი, გაფრინდაშვილი, სვანიძე, კილასონია, ფოფხაძე (86. შალამბერიძე), მანჯგალაძე (82. მანაგაძე), რაზმაძე, გვალია (72. ლუის ალბერტო), გიორბელიძე, ვასაძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, შკუბულიანი, ჯინჭარაშვილი, საჯაია
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: სვანიძე (18), კაკაბაძე (49), იაშვილი (54), ამისულაშვილი (63), გიორბელიძე (65), გელაშვილი (89), ჯიღაური (89)
გაძევება: გიორბელიძე (90)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.

ფინალის სტენოგრამა
14' - მანჯგალაძის კუთხურის შემდეგ გიორბელიძე თავურს ურტყამს. ბურთი მცირედით სცდება თბილისელთა კარს.
27' - იაშვილი საჯარიმოში ქვილითაიას მისამართით აწვდის. თბილისელთა ბომბარდირი მცველებს ასწრებს და თავით კარში გზავნის ბურთს, რომელიც მეკარე მერლანის ხელიდან ძელს ხვდება და კუთხურზე გადის.
29' - ჭანტურიშვილი ბოლნისელთა საჯარიმო მოედნის რკალთან ახლოს იღებს ბურთს და ეფექტურად ურტყამს შორეულ კუთხეში -1:0.
34' - მანჯგალაძე სახიფათოდ ასრულებს საჯარიმოს. ჰრდლიჩკა გამოსვლაზე ცდება, მისგან გამოვარდნილი ბურთი იქვე ერთ-ერთ ბოლნისელს ხვდება და კარს მცირედით სცდება.
60' - იაშვილი საჯარიმოს კუთხიდან კარისკენ სახიფათოდ "ჭრის" ბურთს, მაგრამ არაზუსტად.
67' - ვასაძე საჯარიმოს მისადგომებიდან "დინამოს" კარისკენ ნახევარბრუნში, მაღალი ტრაექტორიით ურტყამს და ბურთი ხარიხას ხვდება.
90' - გელაშვილი მარცხნიდან მეკარესთან პირისპირ გადის, მაგრამ შორეულ კუთხეს დამიზნებული ბურთი მიზანს სცდება.
90+1' - გელაშვილი მეკარესთან პირისპირ გასვლას ცდილობს, მაგრამ გიორბელიძე "ბოლო იმედის" ჯარიმით აჩერებს. არბიტრი ბოლნისელებს მოედნიდან აძევებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 11 /
კაცურად თქვი, ხელზე მოხვედრასა და ხელით თამაშს შორის სხვაობა არაა? რა პენალტი რის პენალტი? ლიგის თამაშებს მაინც ხომ უყურებთ?! თუ იქაც გგონიათ, რომ ეგეთი მოხვედრა ხელით თამაშია?
VENDETTA
00:13 22-05-2016
0
ეგ იყო ობიექტურობა მტელმა სტადიონმა რო დაინახა პენალტი .ხელზე რო მოხვდა ბურტი და მაგან ვერა
levani
00:26 20-05-2016
0

სიახლეები პოპულარული