დინამო VS ტორპედო - მძიმე "ქართული კლასიკო"

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება და იმ ორი გუნდის ვინაობასაც შევიტყობთ, 22 ნოემბერს ფინალში რომ შეხვდებიან ერთმანეთს. თანაც, ტიტულის გარდა, საქართველოს თასის გამარჯვებული ევროპალიგის საგზურსაც მიიღებს და ესეც დამატებითი სტიმული უნდა იყოს დღევანდელი ნახევარფინალისტებისთვის.

სათასო მატჩების წინ (მით უმეტეს, ნახევარფინალურ ეტაპზე) ყოველთვის უადგილოა ხოლმე რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება. ისიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელია ტიტულოვანი, რომელი - ქვედა ლიგიდან და ასე შემდეგ. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დღევანდელი ოთხი ნახევარფინალისტისგან სამს, სათასო ინტერესების გარდა, არანაკლებ სერიოზული საფიქრალი აქვს
ჩემპიონატშიც...

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი
02.11. თბილისი. "დინამო არენა". 16:00. LIVE "II არხზე"
დინამო (თბ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - "დინამო")
ურთიერთშეხვედრები თასზე
9: +6 = 3 -0, 15-5

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ორი ყველაზე ტიტულიანი და "სახელიანი" გუნდი თასის ნახევარფინალში კი არის გასული, მაგრამ ჯერ არც ერთს არ გაუნაღდებია... უმაღლეს ლიგაში დარჩენა! თბილისის "დინამოს" მხოლოდ თეორიულად თუ ემუქრება გასავარდნ პლეი ოფში მონაწილეობა, აი, "ტორპედოს" კი მართლაც ძალიან არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს, თანაც, ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისელებმა სწორედ თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლონ!..

სათასო დაპირისპირების წინ ჩემპიონატში გუნდების სატურნირო მდგომარეობა შემთხვევით არ გვიხსენებია. ანუ მართლაც ძნელი განსაჭვრეტია, დღევანდელ მატჩში "ტორპედო" ტრადიციულად მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, შესამჩნევად გადახალისებული შემადგენლობით გამოვა მოედანზე და ძალებს ჩემპიონატის უახლოესი და უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის (უშუალო კონკურენტთან, "გურიასთან") შეინახავს?

აი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხვდება "ტორპედო" თასის ნახევარფინალს, არადა, საქართველოს თასის ორგზის მფლობელს უკვე 5 წელიწადია, ფინალში აღარ უთამაშია.

არანაკლებ საინტერესო იქნება დღევანდელ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაც და საერთოდ, სათამაშო სტილი, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის თავკაცის რანგში ხომ სადებიუტო შეხვედრა უნდა ჩაატაროს უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ.

- ვიაჩესლავ გროზნი: "დინამოს" ფეხბურთელები სამჯერად ვარჯიშზე გადავიდნენ [VIDEO]
- ალეკო ამისულაშვილი: ვიაჩესლავ გროზნიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა
- კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...

თუმცა, საქმე მხოლოდ ახალი მწვრთნელის ფაქტორში არ არის: ჩემპიონატიდან ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად "დინამოს" ხომ, სულ მცირე, სამი საპლეიოფე მატჩი ელოდება; ამას გარდა, აშკარად ჩაგდებულ სეზონს მხოლოდ და მხოლოდ თასზე წარმატებით გამოსვლა თუ "გადაფარავს" და ეგაც რომ არ იყოს, "დინამო" ყველა ღონეს იხმარს, ზედიზედ მეხუთედ რომ მოიპოვოს საქართველოს თასი!

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში, "ტორპედოს" არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსათვის"; თუმცა ქუთათურებმა ერთხელ მაინც შეძლეს "დინამოს" გამოთიშვა თასიდან: 2000 წელს, ნახევარფინალში, დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ორი მატჩის ჯამში (1:1, 0:0) აჯობა ტიტულიან მეტოქეს და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

იმდროინდელ "ტორპედოში" არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა, თუნდაც მალხაზ ასათიანის ხსენება რად ღირს; მათ შორის იყო კახა ჩხეტიანიც, დღესდღეობით ქუთათურთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რომ გახლავთ.

თასზე მანამდე ეს გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ ნახევარფინალში და ორივეჯერ ფინალში "დინამო" გადიოდა (1992 და 1993 წლებში). განსაკუთრებით, საქართველოს თასის მესამე გათამაშება (1992/93 წლების სეზონი) გვინდა გამოვყოთ, როცა გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ნახევარფინალში ორივე მატჩი მოუგო (3:0, 3:1) არანაკლებ გამორჩეული სპეციალისტისა და პიროვნების, გიგა ნორაკიძის დამოძღვრილ "ტორპედოს".

23 წლის წინანდელი თასის ის გათამაშება შემთხვევით არ გაგვიხსენებია: ნახევარფინალის თბილისურ მატჩში შოთა არველაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, საპასუხოში კი ერთი გოლი გაიტანა; ხოლო არჩილ არველაძემ დუბლი შეასრულა.

საერთოდ, თასის იმ გათამაშებაში "დინამომ" მეტოქეთა კარში 26 გოლი გაიტანა და აქედან 21 ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს: აჩიკომ - 8, შოთამ - 7, რეზომ კი - 6!

2004 წელს ძველი მეტოქეები პირველად და უკანასკნელად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში; სულიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით პირველი ტაიმი ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა "ტორპედომ" მოიგო.

დავითაშვილს მეორე ტაიმის დასაწყისშიც ჰქონდა თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი, მაგრამ იმ წვიმიან საღამოს საბოლოოდ გამარჯვება (და - თასიც) გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" დარჩა: შოთა კაშიასა და ლევან სილაგაძის ზუსტი დარტყმებით "დინამომ" 2:1 მოიგო. სხვათა შორის, იმ ფინალის ორი მონაწილე, შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დღესაც "ტორპედოში" თამაშობს.

თასზე სულ ბოლო დაპირისპირება კი ძველ მეტოქეებს წინა სეზონში ჰქონდათ, როცა 1/4-ფინალში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო (1:0, 2:1) "ტორპედოს"...

გზა ნახევარფინალამდე
ტორპედო
სამგურალი-ტორპედო 1:4
გოლები: დოლიძე (2), ტუღუში, კაპანაძე

ოდიში 1919-ტორპედო 3:4
გოლები: დოლიძე, კვერნაძე, ქიმაძე, საღრიშვილი

სულორი-ტორპედო 0:1

გოლი: კვერნაძე

დინამო
ბორჯომი-დინამო (თბ) 0:3
გოლები: ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური

დინამო (თბ)-ლოკომოტ. 3:1
გოლები: კიტეიშვილი (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგი ქუთაისელი

რეიზა ხარ ბიძი ქუთეისელი კაცი მუდამ პესიმისტი?თაფლი არ იყიდება არსად? :)
ხო მეიგეს ქუთეისლებმა? კიდევ არ გჯერავს? :) მთელმა დუნაიმ გეიგო უკვე და ყველე ულოცავს.
დინამოზე მოგება არ იყო პრობლემა, პრობლემა იყო სულორზე მოგება, ძლივს რო მეიგეთ და პრობლემა იქნება მერანის დამარცხება,მართლა პრობლემა იქნება მერწმუნე.
თუმცა საქართველოს იმიჯისათვის სჯობს ტორეპდო გევიდეს ევროპალიგაზე ვიდრე მერანი, მაგრამ მეორეს მხრივ იქნებ იმ 6 თვეში ინჯიამ იმდენი კარგი ფეხბურთელი მონახოს რო ევროპალიგის ჯგუფურშიც კი გაძვრეს?
Jango
19:10 02-11-2016
0
ტორპედოში გატარდა არასერიოზული საკადრო პოლიტიკა. არ არის ნორმალური გოლის გამტანი.დაზოგეს ფული. ვისი ბრალია კარგად იცით, დღეს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ქუთაისში დინამოს დავამარცხებთ!
გოგი ქუთაისელი
12:22 02-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული