10:34 03-11-2016
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3 - გროზნის ჩამწარებული დებიუტი [VIDEO]
AutoSharing Option
ბევრგან მიმუშავია, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ასე ცუდად ეთამაშოს ჩემი გუნდის დაცვას. კმაყოფილი არ ვარ ნახევარმცველების თამაშით. მხოლოდ პასები არ არის მათი მხრიდან საკმარისი. მეტი უნდა იმუშაონ, რათა მოწინააღმდეგეს ბურთი აართვან. გვიჭირს პრესინგის განხორციელება და ამაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ", - იტყვის ნამატჩევს "დინამოს" უკრაინელი დამრიგებელი ვიაჩესლავ გროზნი, ვისაც ახალგაზრდა კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა "ტორპედომ" ქართული დებიუტი ჩაუმწარა.
- კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით
- გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!
უკრაინელი მწვრთნელი, ალბათ, ვერასოდეს დაივიწყებს გრიგოლ დოლიძის გოლს, რომელმაც ქუთათურებს თასის ფინალის საგზური და, შესაბამისად, ზესტაფონში მარტვილის "მერანთან" გაჯიბრების პატივი არგუნა.
გროზნის თამაშის შეფასებაში უნდა დავეთანხმოთ - ჩვენი სუბიექტური აზრით, მსაჯთა ბრიგადა შეუცდომელი არ ყოფილა, თუმცა არც ისეთი შეცდომები დაუშვია, თამაშის მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენა რომ მოეხდინა. აი, დინამოელთა დაცვამ მართლაც ძალიან ცუდად ითამაშა. ალბათ, უკრაინელმა "გურუმ" კარგად იცის ძველი და წლების განმავლობაში კარგად გამოცდილი საფეხბურთო ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ძლიერი გუნდის შენება დაცვიდან იწყება.
თავიდანვე ვთქვათ - საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კვალობაზე მართლაც ძალიან კარგი მატჩი იყო. რაც მთავარია, მაყურებელმა იხილა 5 გოლი და ინტრიგა, რომელიც ბოლო წამამდე შენარჩუნდა.
"ტორპედომ" თამაში უკეთ დაიწყო, "დინამომ" კი, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ზვერავდა მოწინააღმდეგეს. მე-19 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. "დინამო" თბილისური კლუბის ყოფილმა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ დაამწუხრა. მან დაახლოებით 40 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა ნუკრი რევიშვილის კარისკენ - ბურთმა ჯერ ძელი მოიკითხა და მერე კარში შევარდა. მანძილი შორი კი იყო, თუმცა გაშვებულ გოლში რევიშვილს ხელაღებით ვერ დავადანაშაულებთ.
არადა, გოლამდე "დინამოს" შეეძლო გატანა, თუმცა თბილისელთა შემტევები სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვნენ.
გაშვებულმა გოლმა "დინამო" გამოაცოცხლა და მალე ისეთი ბურთი გავიდა, ყველა ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს - ჯაბა ჯიღაურმა მკერდით მიიღო ბურთი და "მაკრატელათი" აიღო როინ კვასხვაძის კარი. უნდა გამოვტყდე: საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სილამაზის გოლი კარგა ხანია, არ მინახავს. თურმე, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო გვარიანი სანახაობისა...
პირველმა ტაიმმა მოლოდინი აშკარად გაამართლა. ორივე გუნდი აქტიურობდა. "დინამოს" ახალ მწვრთნელს აუცილებლად უნდა დაენახა, რომ ტორპედოელი ფლანგელები ძალიან აქტიურობდნენ და სწორედ ისინი უქმნიდნენ მთავარ პრობლემას მის გუნდს.
მეორე ტაიმი "ტორპედოს" გოლით განახლდა. ალეკო ამისულაშვილმა მკერდით კარგად ვერ მოიგერია ბურთი და გიორგი ქიმაძემ შეაგდო, ვინც თანაგუნდელ გრიგოლ დოლიძესთან და მეტოქე ჯიღაურთან ერთად აშკარად გამორჩეული იყო მინდორზე.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონე სხვაა და არც ვლადიმირ ვაისის კომპეტენციაში ვიჭრებით, თუმცა, ვფიქრობ, ქიმაძისთვის ღირს თუნდაც ერთი სანაკრებო შანსის მიცემა...
სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, "ტორპედოს" ჰქონდა სხვაობის გაზრდის კარგი შანსი. ბექა ტუღუშმა დოლიძეს უპასა, თუმცა "დინამო" გადარჩა. ეს იყო და, ანგარიში ერთხელაც გათანაბრდა. ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჯიღაურს, რომელმაც სწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და ეშმაკურად დაარტყა დაბალ კუთხეში - 2:2.
"დინამომ" ზეიმის ჩამთავრება ვერ მოასწრო, რომ "ტორპედო" ისევ დაწინაურდა. ქიმაძემ ერთხელაც მოაწყო კარგი გარღვევა და მეკარის მოედანზე კარგად გახსნილ დოლიძეს გამოზომილი გადაცემა გაუკეთა - გატანა პრობლემა აღარ იყო.
"დინამომ" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია. შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, ზეაქტიური ჯიღაური კი კარგად გაიხსნა, წამის მეასედში მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ დარტყმას ოდნავ დააკლდა სიზუსტე.
ეს იყო და, "დინამოს" მეტი გამოსარჩევი მომენტი აღარ ჰქონია. მე-80 წუთზე არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მინდორი დაატოვებინა ლადო დვალიშვილს - ეტყობა, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
მაშ ასე, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, კახა ჩხეტიანისთვის. "დინამო" კი ევროსაგზურის მოპოვებას ისევ ჩემპიონატიდან ეცდება, სადაც რთული მატჩები ელოდება.
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
02.11. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (29), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)
დინამო: რევიშვილი, ლოჩოშვილი (55. მიქელთაძე), ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (59. ზარია), ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი.
სათადარიგოები: ლომაია, ლილუაშვილი, თევზაძე, თ. კირკიტაძე
მწვრთნელი:ვიაჩესლავ გროზნი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გ. გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (62. კუჭუხიძე), კაპანაძე (88. ნერგაძე), დოლიძე (85. ბენაშვილი), ტუღუში.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), კიტეიშვილი (72), ქიმაძე (76), ტაბატაძე (82), ჭანტურიშვილი (82)
გაძევება: დვალიშვილი (80. დინამო)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ბატონო როლანდ.ბატონო კობა.....
რა ხდება დინამოს თავს.
რატომ ხართ გაჩუმებული.
ცოტა ხნის წინ თქვენ ნდობა გამოუცხადეთ დინამოს პოლიტიკას.
ანუ თქვენც აშავებთ უკვე როცა ეთანხმებით იმას რომ დინამო ასე სამარცხვინოდ აგებს სახლში.
ვისთან?
ტორპედოსთან.
და დარჩა უტიტულოდ.
ამოუღეთ ხმა. დროულად.
დინამოს მენეჯმენტი არის ნოლი.
დინამოს ხელმძღვანელობას დინამო არ უყვარს ისე როგორც ჩვენ.
და უსიყვაროლოდ........
არაფერი გამოვა ძმებო.
ამოიღეთ ხმა.
ხალხი უფულოდ მეტს აღწევს ვიდრე დინამო ფულის ფლანგვით