მერანი VS ტორპედო - "მერანი" პირველად, "ტორპედო" მეშვიდედ!

AutoSharing Option
დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- გრიგოლ დოლიძე: იმედია, ამ ფინალს კარგად გავიხსენებ
- ნიკა საბანაძე: ასე მგონია, მთელი მარტვილი ჩამოვა...

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში, აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა პირველი ლიგის გუნდი ფინალში გავიდა. ეგ კი არა, 2011 წელს "გაგრამ" სულაც თასიც მოიპოვა და ევროპალიგის საგზურიც. ანუ იმის თქმა გვსურს,
რომ დღესდღეობით პირველლიგელი "მერანის" ფინალში გასვლა დიდ სენსაციად არ უნდა აღვიქვათ. თუმცა, როგორ შეიძლება "ჩვეულებრივ ამბად" შეფასდეს თასის ამ გათამაშებაში მარტვილელთა გუნდის მართლაც შთამბეჭდავი სვლა?!.

თავად განსაჯეთ - ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა "მერანმა" ხომ ფინალამდე უმაღლესი ლიგის 4 გუნდი ჩამოიცილა გზიდან! თანაც, ამ ოთხი გუნდიდან ვერც ერთზე იტყვის ვინმე, უმაღლესი ლიგის აუტსაიდერიაო...

Sportall.Ge
მარტვილის "მერანი"

"მერანი" პირველად იბრძოლებს საქართველოს თასისათვის, მაშინ, როცა "ტორპედოსათვის" მეშვიდე ცდა იქნება. ამ მაჩვენებლით "ტორპედო" მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქუთაისელთა გუნდმა წინა ექვსი ცდიდან მხოლოდ ორჯერ მოიგო ფინალური მატჩი (1999 და 2001 წლებში).

საქართველოს თასის მფლობელი მომავალ ზაფხულს ევროპალიგაზე იასპარეზებს და ეს ფაქტორიც დამატებითი სტიმული უნდა იყოს ორივე ფინალისტისთვის. თუმცა, დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, "ტორპედოს" ჩემპიონატიდანაც შეუძლია ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ თასის ამ გათამაშებაში "მერანი" გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა, აი, "ტორპედოს" კი თავდაპირველად კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, მერვედფინალიდან მოყოლებული დღემდე კი, კახა ჩხეტიანი მოძღვრავს ქუთაისელთა გუნდს.

Sportall.Ge
ქუთაისის "ტორპედო"

იცვლება თარიღიც, ადგილიც...
საქართველოს თასის ისტორიაში მეორედ ხდება, რომ საპატიო ტიტულის მფლობელი არა თბილისში, არამედ სხვაგან უნდა გამოვლინდეს. შეგახსენებთ, რომ წინა გათამაშების ფინალი ქუთაისში ჩატარდა, დანარჩენი 24 ფინალური დაპირისპირება კი დედაქალაქის უმთავრეს სტადიონებზე იმართებოდა: "დინამო არენაზე" ან "მიხეილ მესხზე".

სამაგიეროდ, პირველად ხდება, როცა თასის გათამაშებას ერთ წელიწადში... ორჯერ ვატარებთ! თუმცა, ამას ობიექტური მიზეზი აქვს: მომავალ წელს ხომ ჩემპიონატის ფორმატი იცვლება ("გაზაფხული-შემოდგომაზე" გადავდივართ) და იმ გუნდების ვინაობა, 2017 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე რომ უნდა გამოვიდნენ, სწორედ წლეულსვე უნდა გარკვეულიყო.

ანუ, ჩემპიონატის მსგავსად, თასის გათამაშებიდანაც წლეულსვე უნდა გარკვეულიყო ევროპალიგაზე მოასპარეზე ქართული გუნდის ვინაობა.

თითქმის ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს თასის ფინალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ტარდებოდა. თუმცა ეს ტრადიცია მეორე გათამაშებიდან (1992 წლიდან) დამკვიდრდა, თორემ თასის პირველი გამარჯვებულის ვინაობაც ნოემბრის თვეში გაირკვა: 1990 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, "დინამოს" სტადიონზე, გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიამ" ბესიკ ფრიდონაშვილის ერთადერთი გოლით დამატებით დროში გიგა ნორაკიძის დამოძღვრილი სოხუმის "ცხუმი" დაამარცხა.

აი, მერე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინალი, უმეტეს შემთხვევაში, 26 მაისს ტარდებოდა; თუმცა, დროდადრო სხვა რიცხვებიც გამოერეოდა: წლეულს, ქუთაისში 18 მაისს გაიმართა, ხან 16 მაისს იყო ფინალი, ხან - 20, 21, 22 თუ 30 მაისს. ერთხელაც, 13 მაისს დაამთხვიეს ფინალი - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს...

ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2006 წლის 13 მაისს გამართული ის ფინალი ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი იყო საქართველოს თასის ისტორიაში: "ამერისა" და "ზესტაფონის" მატჩის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა, პენალტების სერიაში კი "ამერმა" გაიმარჯვა...

ფინალისტები, მწვრთნელები, ფეხბურთელები...
"მერანის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი მიქაძეს თასის ფინალში არასდროს უასპარეზია. აი, მისი კოლეგა კახა ჩხეტიანი კი ფეხბურთელობის რანგში ოთხჯერ იყო ფინალში: სამჯერ "ზესტაფონის" შემადგენლობაში (2005, 2006 და 2007 წლებში) და ერთხელ "ტორპედოს" მაისურით (1999 წელს).

აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი ცდიდან კახა ჩხეტიანმა მხოლოდ ერთხელ შეძლო თასის აღება და ეს "ტორპედოსთან" ერთად მოახერხა. ჩხეტიანს დღეს იმის შანსიც აქვს, რომ გიორგი ჩიხრაძის მაჩვენებელი გაიმეოროს: ანუ საქართველოს თასის მფლობელი გახდეს როგორც ფეხბურთელის, ასევე - მწვრთნელის რანგშიც...

"მერანის" შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა მხოლოდ ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც ადრე თასი მოუგია: ცენტრალურმა მცველმა სერგი ორბელაძემ 2002 წელს თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ფინალში "ტორპედო" დაამარცხა.

"მერანის" სხვა გამოცდილ ფეხბურთელებს კი თასის ფინალი წაგებული აქვთ: რევაზ გეწაძეს ("სამტრედიას" შემადგენლობაში) და ვაჟა ლომაშვილს ("ჩიხურასთან" ერთად, თანაც, ორჯერ)...

აი, "ტორპედოს" შემადგენლობაში კი ბევრად მეტია ისეთი ფეხბურთელი, სხვადასხვა დროს ფინალში რომ უთამაშია. ალექსი ბენაშვილი (2006 წელს "ზესტაფონის" შემადგენლობაში) და თორნიკე კაპანაძე (2015 წელს "სამტრედიას" შემადგენლობაში) მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდნენ.

ზედიზედ ორი ფინალი აქვს წაგებული საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველს, გიორგი ქიმაძეს (2013 და 2014 წლებში, "ჩიხურას" შემადგენლობაში).

მეოთხე ცდაზე შეეცდება თასის აღებას "ტორპედოს" გამოცდილი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელმაც ორჯერ მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთად წააგო ფინალი (2002 და 2004 წლებში), ერთხელ კი, როგორც რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელმა (2009 წელს).

"ტორპედოს" კიდევ ერთ ვეტერანს, გიორგი ნერგაძეს ერთი წაგებული ფინალი აქვს (2004 წელს, "ტორპედოსთან" ერთად), სამაგიეროდ, 2009 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში შეძლო თასის მოპოვება. ასევე ერთხელ აქვს თასი მოგებული როინ კვასხვაძეს. "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ 2008 წელს "ზესტაფონის" მაისურით გაიმარჯვა, 2012 წელს კი მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდა.

ცალკე უნდა ვთქვათ დღევანდელი ფინალისტებისგან ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელზე: "ტორპედოს" მარჯვენა გარემარბი გრიგოლ დოლიძე თავის მე-6 ფინალს ითამაშებს! დოლიძემ ორჯერ გაიმარჯვა ფინალში (2006 და 2007 წლებში "ამერთან" ერთად), სამჯერ კი - დამარცხდა (2008 წელს - "ამერი", 2011 წელს - "ტორპედო", 2015 წელს - "სამტრედია").

გამორჩეული ფაქტები, რეკორდები...
გუნდები
საქართველოს თასის ფინალში აქამდე 17 გუნდს უასპარეზია. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა": 15 ფინალი და 13 ტიტული! დანარჩენი გუნდების მაჩვენებელი ასეთია: "ტორპედო" - 6 ფინალი (2 გამარჯვება); ბათუმის "დინამო" - 5(1), "ზესტაფონი" - 5(1), "ლოკომოტივი" - 4(3), "ამერი" - 3(2), "ცხუმი" - 2(0), "ჩიხურა" - 2(0), "სიონი" - 2(0), "გურია" - 1(1), "გაგრა" - 1(1), "დილა" - 1(1), "ვიტ ჯორჯია" - 1(1), "მეტალურგი" ("გორდა") - 1(0), "ოლიმპი" - 1(0), "სამგურალი" - 1(0), "სამტრედია" - 1(0).

თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, "ტორპედო"-"ლოკომოტივი" და "ამერი"-"ზესტაფონი" კი - სამ-სამჯერ.

მწვრთნელები
თასის გათამაშების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი დავით ყიფიანია, რომელსაც ოთხჯერ აქვს ფინალი მოგებული (სამჯერ თბილისის "დინამოსთან", ერთხელ კი - "ტორპედოსთან" ერთად).

მართლაც უნიკალური შედეგით შეუძლია იამაყოს რევაზ ძოძუაშვილმაც, რომელმაც საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ლოკომოტივი") მოიგო.

ორ-ორჯერ აქვთ მოგებული თასი გივი ნოდიას (თბილისის "დინამო"), გია გეგუჩაძეს (თბილისის "დინამო") და გიორგი ჩიხრაძეს ("ამერი"), თითოჯერ - გიგლა იმნაძეს ("გურია"), შოთა ჭეიშვილს (ბათუმის "დინამო"), ჯემალ ხერხაძეს ("ტორპედო"), სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის ტანდემს ("ლოკომოტივი"), ნოდარ აკობიას ("ლოკომოტივი"), თემურ მახარაძეს ("ზესტაფონი"), კახა კაჭარავას (თბილისის "დინამო"), გელა გომელაურს ("ვიტ ჯორჯია"), თემურ შალამბერიძეს ("დილა"), მალხაზ ჟვანიას (თბილისის "დინამო") და ოთხ ლეგიონერ მწვრთნელს - ანატოლი პისკოვეცს ("გაგრა"), ივო შუშაკს, დუშან უჰრინს (უმცროსი) და იურაი იარაბეკს (სამივე - თბილისის "დინამო").

ცალკე უნდა ითქვას გიორგი ჩიხრაძეზე, რომელიც საქართველოს თასის ისტორიაში ერთადერთია, ეს ტიტული ფეხბურთელის (თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში) რანგშიც რომ მოუგია და მწვრთნელისაც...

ფეხბურთელები
ამ კატეგორიაში კი დიდი უპირატესობით ლიდერობს ირაკლი ზოიძე. თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეკარემ 9 ფინალი ითამაშა და 7-ჯერ გაიმარჯვა!

არაკლებ შთამბეჭდავია სხვა რეკორდსმენთა მაჩვენებლებიც: გივი დიდავა - 8 ფინალი და 5 გამარჯვება; ზურაბ იონანიძე - 8(3), სევასტი თოდუა - 8(2).

არც თენგიზ ჩიკვილაძის მიღწევა უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც 6 ფინალი აქვს ნათამაშები... 5 სხვადასხვა გუნდის (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ოლიმპი", "ამერი") შემადგენლობაში და 2-ჯერ გაუმარჯვია.

გოლები, ანგარიშები, ბომბარდირები, არბიტრები...
ყველაზე უხვგოლიანი და, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ფინალი 1992 წლის 26 მაისს ჩატარდა, როცა თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში ოთხივე გოლი ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს: რეზომ დუბლი შეასრულა, შოთამ და არჩილმა კი თითო გოლი იკმარეს.

სხვათა შორის, რეზო არველაძის იმდროინდელი შედეგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო: არც მანამდე და არც მერე საქართველოს თასის ფინალში დუბლი არავის ჰქონდა შესრულებული...

და აი, 2015 წლის 26 მაისს თბილისის "დინამოს" ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა - გიორგი პაპუნაშვილმა და მანუელმა - შეასრულა დუბლი. არანაკლებ უცნაურია ის ფაქტიც, რომ საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში ფინალში გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირის, სულიკო დავითაშვილის შედეგს (3 გოლი) ჯერჯერობით ვერავინ აუმჯობესებს.

ისიც საინტერესოა, რომ დავითაშვილმა ეს 3 გოლი 3 სხვადასხვა გუნდის ("ლოკომოტივი", "ამერი", "ტორპედო") მაისურით გაიტანა. რაც შეეხება თასის ერთ გათამაშებაში საუკეთესო შედეგს, დღემდე მოუხსნელია 1990 წელს დამყარებული რეკორდი, რომელიც ბუბა ტყავაძეს ეკუთვნის - 18 გოლი!

სევასტი თოდუას 6 ფინალი აქვს წაგებული და აქედან ერთ-ერთში (2011 წელს) მატჩის ბედი სწორედ მისმა "ავტოგოლმა" გადაწყვიტა - არც მანამდე და არც მერე, ფინალში საკუთარ კარში გოლი არავის გაუტანია.

საქართველოს თასის ისტორიაში მხოლოდ შვიდჯერ გამოიყენეს მსაჯებმა წითელი ბარათი. გაძევებულთა შორის არიან - ზვიად ჯელაძე, გურამ კაშია, უსტარიცი, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - თბილისის "დინამო"), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა დვალი (ორივე - "ზესტაფონი"), გურამ გიორბელიძე ("სიონი").

არბიტრებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი სერგო კვარაცხელიაა, რომელმაც 6 ფინალი იმსაჯა. სამ-სამჯერ იმსაჯეს მერაბ მალაღურაძემ და ლაშა სილაგავამ, ორ-ორჯერ - თამაზ ლაცაბიძემ, ლევან ფანიაშვილმა და ლევან კვარაცხელიამ, თითოჯერ - მალხაზ კობიაშვილმა, ოთარ გუნთაძემ, კახა მესხმა, გიორგი ვადაჭკორიამ, თორნიკე გვანცელაძემ და გიორგი ყრუაშვილმა.

2007 წლის თასის ფინალს კი თურქი მსაჯები უძღვებოდნენ, შემდგომში ცნობილი არბიტრის, ჯიუნეით ჩაქირის თავკაცობით. დღეს ის უკვე პოპულარული მსაჯია, 2015 წელს "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გაუძღვა.

ასევე უცხოელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა თასის შარშანდელ ფინალს, არბიტრ მარკო ფრიტცის ხელმძღვანელობით.

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი
22.11. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 19:00. LIVE "პირველ არხზე"
მერანი (მარტვილი)-ტორპედო (ქუთაისი)
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ლომაშვილი (მერანი)

გზა ფინალამდე
მერანი
I ეტაპი
მერანი-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: შულაია (2)

1/8-ფინალი
მერანი-დილა 1:1, პენ 4:3
გოლი: წყაროზია

1/4-ფინალი
მერანი-კოლხეთი (ფ) 1:0 დდ
გოლი: შულაია

1/2-ფინალი
მერანი-ჩიხურა 3:0
გოლები: ქანთარია, წყაროზია, წოწონავა

ტორპედო
I ეტაპი
სამგურალი-ტორპედო 1:4
გოლები: დოლიძე (2), ტუღუში, კაპანაძე

1/8-ფინალი
ოდიში 1919-ტორპედო 3:4
გოლები: დოლიძე, კვერნაძე, ქიმაძე, საღრიშვილი

1/4-ფინალი
სულორი-ტორპედო 0:1
გოლი: კვერნაძე

1/2-ფინალი
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3
გოლები: ტაბატაძე, ქიმაძე, დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვითომ ამის გარდა არაფერი დაგვიშავებია ამ ქარში და დაქცევაში ქვეყანა თავზე დაგვამხო ერთი დღით ან ერთი კვირით რომ გადაეწიათ არ შეიძლებოდა?-მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.
ქუთაისელი.
15:30 22-11-2016
0
ასეთ ქარში მართლა ძაან არაკომფორტული იქნება თამაშიც და ტრიბუნაზე ჯდომაც, მაგრამ მაინც მივდივარ:) ტორპედოს ვუბალეშიკებ:)) მშვენიერი გუნდი ყავს და საკაიფო ფლანგელები;)
basko
14:10 22-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული