ლიტვა კერკეტია, მაგრამ რამდენად?

AutoSharing Option
ჩვენთვის ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ისრაელია, მაგრამ არც სხვა შეხვედრები უნდა დავივიწყოთ, თუმცა დღევანდელი მატჩებიდან განსაკუთრებით საინტერესო არც ერთია. თურქეთი ვალდებულია, ავსტრია დაამარცხოს; ბელგიას აზერბაიჯანის სახით, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი საშინაო დავალება აქვს; სერბები ესტონეთშიც წარმატების მიღწევაზე ფიქრობენ, ოღონდ ამის გაკეთება წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწევთ; რუმინეთს ლუქსემბურგთან არ უნდა გაუჭირდეს, შვედეთს მოლდოვასთან, ჰოლანდიას კი უნგრეთთან. ესპანეთის ნაკრები ვილნიუსში, ლიტვას ეთამაშება...


A ჯგუფი

თურქეთი-ავსტრია

ავსტრიის ნაკრებმა შაბათს, ბელგიასთან ძალიან ცუდად იასპარეზა და საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც, ავსტრიელთა შანსები,
ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან შემცირდა. დღეს მარკო არნაუტოვიჩსა და კომპანიას კიდევ უფრო რთული ბრძოლა ელით, რადგან თურქეთში თამაშობენ. მიუხედავად მარცხისა, ავსტრიელები ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩნენ და დღეს მათი მიზანი მინიმუმ ფრეს მიღწევაა, რაც ნამდვილად არ იქნება იოლი, რადგან გუუს ჰიდინკის გუნდს სამი ქულა ჰაერივით სჭირდება - თურქებს გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადასვლის შანსი გაუჩნდებათ.

ბელგია-აზერბაიჯანი
ვენაში, „ერნსტ-ჰაპელ-შტადიონზე“ მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, ბელგიის ნაკრებს აზერბაიჯანთან შეხვედრის სახით, ერთი შეხედვით, მარტივი საშინაო დავალება აქვს. თუმცა აზერბაიჯანის ნაკრები ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. მართალია, ჩვენი მეზობლები მე-5 ადგილზე არიან, მაგრამ ყველაზე ცოტა თამაში (სულ სამი) აქვთ ჩატარებული და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანს თურქეთის ნაკრები ჰყავს დამარცხებული...

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 5 5 0 0 17-1 15
2. ავსტრია 4 2 1 1 9-6 7
3. ბელგია 5 2 1 2 10-8 7
4. თურქეთი 4 2 0 2 6-6 6
5. აზერბაიჯანი 3 1 0 2 2-9 3
6. ყაზახეთი 5 0 0 5 0-14 0


C ჯგუფი


ესტონეთი-სერბეთი

ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხებით, სერბეთმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა. რადომირ ანტიჩის გათავისუფლებისა და ვლადიმირ პეტროვიჩის დანიშვნის შემდეგ, სერბებმა თამაში აშკარად გააუმჯობესეს, თუმცა პარასკევს სასურველი შედეგის მიღწევა მაინც გაუჭირდათ. დღეს პეტროვიჩისა და მისი შეგირდების წინაშე კი მორიგი ამოცანაა - გასვლითი შეხვედრა ესტონეთის ნაკრებთან, რომლის დამარცხება, თანაც სტუმრად, არცისე იოლია. თანაც, ბევრისთვის გასაოცრად, ევროპის ჩემპიონატის საგზურზე ესტონელებიც ფიქრობენ და ფაქტია, რომ სერბებს იოლად არაფერს დაუთმობენ.
სერბეთის ნაკრებს ტალინში დაცვის ბურჯი ნევენ სუბოტიჩი არ ეყოლება. დორტმუნდელმა უკანახაზელმა ტრავმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში მიიღო. სუბოტიჩთან ერთად, პეტროვიჩი კიდევ ორ უმთავრეს ფეხბურთელს, დეიან სტანკოვიჩსა და მილოშ კრასიჩს ვერ გამოიყენებს - „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ ფეხბურთელები დისკვალიფიცირებულები არიან.

ჩრდ. ირლანდია-სლოვენია
ჩრდილოირლანდიელებმა პარასკევს სერბეთთან მედგრად იბრძოლეს, დიდხანს იგებდნენ და საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ (1:2), მაგრამ რაკი სლოვენიის ნაკრებმაც წააგო (0:1 იტალიასთან), მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწორების შანსი შერჩათ. ჩრდილოეთ ირლანდია დღეს უშუალო კონკურენტს, სლოვენიის ნაკრებს მასპინძლობს და რაკი მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაშია. გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძლებს მეორე ადგილზე გადასვლის შანსი გაუჩნდებათ. შესაბამისად, სლოვენიელებისთვის ამ თამაშის წაგება არაფრისდიდებით არ შეიძლება.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 5 4 1 0 11-1 13
2. სლოვენია 5 2 1 2 7-4 7
3. სერბეთი 5 2 1 2 7-8 7
4. ესტონეთი 4 2 0 2 6-5 6
5. ჩრდ. ირლანდია 4 1 2 1 3-3 5
6. ფარერები 5 0 1 4 3-16 1


D ჯგუფი

რუმინეთი-ლუქსემბურგი
ბოსნიაში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, რუმინეთის ნაკრებს დღეს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გაბრძოლების, ფაქტობრივად, უკანასკნელი შანსი აქვს. რუმინელები ჯგუფის აუტსაიდერ ლუქსემბურგს მასპინძლობენ და ფავორიტადაც მიიჩნევიან. სხვა საქმეა ის, რომ რუმინეთს ამ შეხვედრის მოგება მდგომარეობას (2 ქულა 4 თამაშის შემდეგ) მხოლოდ ცოტათი გამოუსწორებს.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გამოსწორების გზაზე დამდგარი საფრანგეთის ნაკრები პირველ ადგილს უპრობლემოდ დაიკავებს, აი, მეორე ადგილისთვის კი ბელარუსი, ალბანეთი და ბოსნია უკვე იბრძვიან. თუ რუმინეთი ლუქსემბურგს დაამარცხებს და სასწაული იქნება, ასე რომ არ მოხდეს, ამ ბრძოლაში რუმინელებიც ჩაებმებიან. ლუქსემბურგის ნაკრები კი, თავიდანვე აუტსაიდერობისთვის იყო განწირული...

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 4 0 1 8-1 12
2. ბელარუსი 5 2 2 1 3-1 8
3. ალბანეთი 5 2 2 1 4-4 8
4. ბოსნია 4 2 1 1 6-4 7
5. რუმინეთი 4 0 2 2 2-5 2
6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 0-8 1



E ჯგუფი

შვედეთი-მოლდოვა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ნაკრებმა ბოლო მატჩი ოქტომბერში ჰოლანდიასთან გამართა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან 1:4 დამარცხდა. მას მერე სკანდინავიელებს აღარ უთამაშიათ და ჯგუფში ყველაზე ცოტა, სამი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მოლდოვასთან საშინაო მატჩში შვედებისთვის გამარჯვება აუცილებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, შესაძლოა, მართლა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჰოლანდია-უნგრეთი
პარასკევს, ჰოლანდიის ნაკრებმა უნგრეთს ბუდაპეშტში 4:0 მოუგო და „ნარინჯისფრებს“ ხუთი ტურის შემდეგ, 15 ქულის სახით ასპროცენტიანი შედეგი აქვთ. რა უნდა მოხდეს, ბერტ ვან მარვიიკის გუნდს დღეს უნგრეთის დამარცხება რომ გაუჭირდეს? პარასკევს გამართულ შეხვედრაში როლები ისე მკვეთრად იყო გადანაწილებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა იმდენად მარტივად შეძლო ბუდაპეშტიდან სამი ქულის წაღება, რომ ფაქტობრივად გამორიცხულია, ჰოლანდიელებს დღეს პრობლემები შეექმნათ. ჰოლანდია მეექვსე გამარჯვებისკენ და ევრო 2012-ის საგზურის ნაადრევად განაღდებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უნგრელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და პრინციპში, ესეც ლოგიკურია, რადგან ჯერ კიდევ მეორე ადგილზე არიან და შვედეთს სამი ქულით უსწრებენ, თუმცა სკანდინავიელებს უნგრელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„მართალია, პარასკევს 0:4 წავაგეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს მარცხი უკვე დავივიწყეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ სამშაბათს ჰოლანდილებს ისევ იოლი გასეირნება ელით, ძალიან ცდება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია. ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთს 1972 წლის შემდეგ აღარ უთამაშია და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მოცემული შანსი გამოვიყენოთ“, - აცხადებს უნგრეთის ნაკრების ვეტერანი მეკარე გაბორ კირალი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 5 5 0 0 16-2 15
2. უნგრეთი 5 3 0 2 12-8 9
3. შვედეთი 3 2 0 1 9-4 6
4. მოლდოვა 4 2 0 2 5-3 6
5. ფინეთი 4 1 0 3 10-6 3
6. სან მარინო 5 0 0 5 0-29 0


I ჯგუფი

ჩეხეთი-ლიხტენშტაინი
ჩეხეთის ნაკრები ესპანეთთან დუელმა (1:2) მაგრად კი დაღალა, მაგრამ დღეს ჯუჯა ლიხტენშტაინს ხვდება და წესით, ჯგუფის უიმედო აუტსაიდერთან სამი ქულის მოპოვებას ჩეხებისგან მინიმალური კონცენტრაციაც უნდა ეყოს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩეხები მეორე ადგილზე პოზიციებს გაიმყარებენ და მათი მიზანიც სწორედ ესაა - პირველ ადგილს ესპანეთი ხომ არავის დაუთმობს.

ლიტვა-ესპანეთი
ლიტვის ნაკრები ჯგუფში ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა და მეორეადგილოსან ჩეხეთს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ლიტველები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშზე ოცნებას აგრძელებენ და მათ სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ჩეხებზე და შოტლანდიელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ეს თამაში ლიტვას ახლა ჯგუფის ფავორიტთან, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან უწევს...

შესაბამისად, ლიტვა შეხვედრის აუტსაიდერია. თუმცა ბალტიისპირელთა ბრძოლისუნარიანობა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტვის ნაკრებს საკუთარ მოედანზე არაერთხელ გაუმწარებია გრანდები - მერე რა, რომ გამწარებაში მხოლოდ ფრეს ვგულისხმობთ. ისიც ვთქვათ, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ცოტათი გადაღლილია - ესპანელებმა ჩეხეთთან მატჩში (2:1, დავიდ ვილიას დუბლი) დიდი ძალები დახარჯეს, თუმცა წესით, ლიტვასთან გადაღლილმა ესპანეთმაც უპრობლემოდ უნდა მოიგოს. ამისათვის, დელ ბოსკეს გუნდს სრული კონცენტრაცია სჭირდება.

ლიტვა ესპანეთს ხუთჯერ შეხვდა და რა თქმა უნდა, ვერცერთხელ ვერ მოუგო, თუმცა ლიტველებმა სუპერგრანდთან ერთხელ ფრე გაახერხეს. ეს 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში მოხდა - ვილნიუსში გამართული მატჩი მაშინ 0:0 დასრულდა. თუ დელ ვოსკეს გუნდი დღესაც მოიგებს, 5 თამაშის შემდეგ, „ფურია როხას“ ასპროცენტიანი შედეგი ექნება.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 4 4 0 0 12-4 12
2. ჩეხეთი 4 2 0 2 4-3 6
3. შოტლანდია 4 1 1 2 4-5 4
4. ლიტვა 3 1 1 1 2-3 4
5. ლიხტენშტაინი 3 0 0 3 1-8 0.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული