პოზნანში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პოლონური საგანაცხადო კომიტეტის წარმომადგენელმა იულიუშ გლუსსკიმ განაცხადა, რომ კონტინენტის მორიგი პირველობის ოფიციალური თილისმის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.
გლუსსკის თქმით, თილისმა უკრაინული და პოლონური კულტურების ელემენტების გამოყენებით შეიქმნება. ასევე გაირკვა, რომ ჩატარებული ტენდერის შედეგად, ამ სიმბოლოს დაპროექტებისა და შექმნის ექსკლუზიური უფლებები ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ Warner Brothers-მა დაისაკუთრა.
"უეფა ტურნირზე განსაკუთრებულ უფლებებს ფლობს და გადაწყვეტილებების მიღება მხარეებთან, ანუ ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყნებთან კონსულტაციისა და შეთანხმების გარეშეც შეუძლია. უკრაინულ და პოლონურ კულტურებს შორის გარკვეულ ასპექტებში მსგავსება
მართლაც არსებობს, მაგრამ არცთუ იოლი იქნება ისეთი თილისმის შექმნა, რომელიც ორივე კულტურის შესაბამისი იქნებოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტურნირების თილისმები ძირითადად ბავშვებზე გათვლით იქმნება. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ თილისმის საცდელი ვარიანტი ასახავს იმის ტენდენციებს, თუ რით ერთობიან თანამედროვე ბავშვები", – დასძინა გლუსსკიმ.