გუუს ჰიდინკი - პენსია ჯერ ადრეა!

AutoSharing Option
გუუს ჰიდინკი 64 წლისაა, მალე 65-ის ხდება და მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე გასვლა უკვე ოფიციალურად შეუძლია, ფეხბურთიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

ჰოლანდიელი მწვრთნელის მიზანი ახლა თურქეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაა. შაბათს, მისი გუნდი სტამბულში გერმანიის ნაკრებს ხვდება და თურქეთისთვის ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ ჰიდინკის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- პარასკევს, თურქეთის ნაკრებით გერმანიას ეთამაშებით. ბუნდესგუნდს რვავე თამაში მოგებული აქვს და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია გერმანიის ნაკრების დამარცხება?
- გერმანიასთან წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ჩვენთან, ჰოლანდიაში ამბობენ ხოლმე, გერმანელებთან
თამაში მოგებულად მანამდე არ უნდა ჩათვალო, სანამ შხაპის მისაღებად არ შევლენო. ფაქტია, რომ ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჯგუფში მეორე ადგილი გავინაღდოთ. თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა იასპარეზოს და ამისათვის მეორე ადგილზე გასვლა გვჭირდება. მერე პლეი ოფი გველის.

- როგორ ფიქრობთ, გერმანიას ევროპის ჩემპიონატის მოგება ხელეწიფება?
- ბანალური კითხვაა. რა თქმა უნდა, ხელეწიფება! გერმანია ხომ ყოველთვის ფავორიტია. თანაც, ბოლო დროს ბუნდესგუნდს ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა აკლდება ხოლმე. თუმცა არიან სხვა ფავორიტებიც: მაგალითად, ესპანეთი და ჰოლანდია.

- თქვენი აზრით, რა არის იოახიმ ლიოვის გუნდის ძლიერი მხარეები?
- გერმანიის ნაკრები ყოველთვის ყველა ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ადრე ბუნდესგუნდის მთავარი პლუსი ფიზიკური სიძლიერე იყო, სამაგიეროდ, გუნდს კრეატიულობა აკლდა. გერმანია ადრე ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობდა, მაგრამ წარმატებებს მაინც აღწევდა. ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა, გუნდი გაახალგაზრდავდა და გერმანიის ნაკრებისთვის უჩვეულოდ კრეატიულიც გახდა. ბუნდესნაკრები დღესდღეობით უკვე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს. ფაქტია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირში ძალიან საინტერესო კონცეფცია დასახეს და ამ კონცეფციას ზედმიწევნით ზუსტადაც ასრულებენ. გერმანული ფეხბურთის პროგრესის პროცესი ძალიან ჭკვიანურად მიდის.

- თურქეთი და გერმანია ერთმანეთს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც ებრძვიან. გერმანიაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებსაც თურქული წარმოშობა აქვს. ამ ბრძოლას როგორ უყურებთ?
- ეს მართლა ძალიან საინტერესო ბრძოლაა. გერმანიაში უამრავი თურქი ცხოვრობს, რის გამოც ეს ბრძოლა გარდაუვალი იყო. ნური შაჰინმა და მეჰმეთ ექიჩიმ თურქეთის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში დაიბადენ და გაიზარდნენ, მაინც თურქეთის ნაკრებში თამაშობენ. აი, მესუთ იოზილი კი პირიქით მოიქცა, ბრძოლა კი გრძელდება.

- პირადად თქვენ როგორ ახდენთ გავლენს გერმანელ-თურქებზე?
- ფეხბურთელებთან კონტაქტს ვამყარებ და ვეუბნები, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად უნდა მიიღოს. ყოველთვის ვიცი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია და მოთამაშეს ფიქრისთვის დრო სჭირდება. ყველას ვურჩევ, რომ გულში ჩაიხედონ და ისე გადაწყვიტონ, სად უნდათ თამაში, იმ ქვეყნის ნაკრებში, სადაც გაიზარდნენ, თუ იქ, სადაც მათი წინაპრები გაიზარდნენ და სადაც მათი ფესვებია. ამასთან, ყველას ვეუბნები, რა გეგმები მაქვს მათთან დაკავშირებით. ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ არ ვაქცევ, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ დიდი შანსია, მოთამაშემ თურქეთის ნაკრებში თამაში არჩიოს, რადგან თურქეთი მისი ნაღდი სამშობლოა.

- ძალიან გინდოდათ, რომ მესუთ იოზილს თურქეთის ნაკრებში ეთამაშა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

- სამაგიეროდ, ნური შაჰინისთვის ბრძოლა თურქეთმა მოიგო...
- შაჰინი მსოფლიო მასშტაბის ამომავალი ვარსკვლავია და თურქეთში ყველა ამაყობს იმით, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდა. პირადად მე კი, სიმართლე გითხრათ, იმას ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, გერმანიაში დარჩენილიყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ კიდევ რამდენიმე წელი გაეტარებინა და „რეალში“ მოგვიანებით გადასულიყო – ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავის სახით. ფაქტია, რომ დორტმუნდში სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა, „რეალში“ კი ამისათვის ბრძოლა უწევს.

- 64 წლის ხართ. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ მწვრთნელობას?
- წინა კვირას წერილი მივიღე. მალე 65-ის ვხდები და შემატყობინეს, შეგიძლია, პენსიონერი გახდეო, მაგრამ ფეხბურთზე ვგიჟდები და სანამ შემიძლია, პენსიაზე არ გავალ.

- გულზე ხელი დაიდეთ და ისე გვიპასუხეთ: მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები არ გქონიათ?
- კონტაქტი იყო, მაგრამ საქმე მოლაპარაკებამდე არ მისულა, რადგან იმ დროს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი.

- ისე, გერმანიაში იმუშავებდით?
- გერმანიაში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია ხოლმე, რადგან ყველა პატივს მცემს. სასტუმროში, ქუჩაში თუ რესტორანში, ყველგან ვხვდები, რომ ჩემი იქ ყოფნა უხარიათ. ბუნდესლიგის თამაშებზე დასწრებაც მიყვარს, რადგან გერმანიის სტადიონებზე ყოველთვის იდეალური საფეხბურთო ატმოსფეროა. უმეტესად ჩვეულებრივ ბილეთს ვყიდულობ, ხალხში ვჯდები და შემწვარ სოსისსაც სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით გელზენკირხენული სოსისები მიყვარს. ასე რომ, გერმანიაში მუშაობა ნაღდად და ცხადად წარმომიდგენია...

- თანაც, გერმანულად ძალიან კარგად საუბრობთ და პრობლემა ამ მხრივაც არ შეგექმნებათ...
- ბოხოლტთან ახლოს გავიზარდე. ბავშვობაში საზღვარზე მივდიოდით ხოლმე და გერმანელ ბავშვებს ჰოლანდიურ ყველს გერმანულ ყავაში ვუცვლიდით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული