პირეოსის "გიორგიოს კარაისკაკისზე" ერთმანეთს ჯგუფში პირველობის პრეტენზიის მქონე ორი გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებულის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო, ამ მატჩში სამივე შედეგი მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბერძნებმა მეორე ტაიმი მეტოქეზე გაცილებით უკეთ ჩაატარეს, ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და, თუ თბილისში არ წაიბორძიკეს, ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლს დაუმარცხებლად ჩაამთავრებენ.
შესვენებამდე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. მასპინძლებიც და სტუმრებიც გადამეტებულად ფრთხილობდნენ და აქცენტს საკუთარი
საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელი კი ამ შეხვედრაში ის მოხდა, რომ ბერძენთა ლიდერმა სამარასმა ამ ციკლში მეორე გაფრთხილება მიიღო, რაც თბილისში თამაშის უფლებას არ აძლევს. სხვათა შორის, პირველი გაფრთხილება მან სწორედ საქართველოსთან მატჩისას მიიღო. სამარასის გარდა, ჩვენთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია მცველი იანის ზარადუკასი.
ლატვიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შინ მალტას სძლია და სატურნირო ცხრილშიც გადაგვასწრო. ვეჭვობთ, ბალტიელებს ხორვატიაში წარმატების დიდი შანსი ჰქონდეთ, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე ადგილის ბედი ჩვენს ხელთ უფროა.
მოკლედ იმის შესახებ, ვის რა შედეგი აძლევს ხელს ბოლო ტურში. დავიწყოთ საბერძნეთით, რომელსაც ჯგუფში პირველობისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის დასაბევებლად თბილისში ფრეც ჰყოფნის. ხორვატია სანტუშის გუნდს ქულებით რომც გაუთანაბრდეს, ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით მაინც ჩამორჩება.
სამაგიეროდ, ფრე არაფერს აძლევს საქართველოს ნაკრებს. თუ ხორვატიამ ლატვია დაამარცხა და ჩვენ ბერძნებთან ქულა ავიღეთ, მაინც მეხუთე ადგილზე ჩავრჩებით, რადგან ლატვიამ ურთიერთშეხვედრებში გვაჯობა. ასე რომ, თემურ ქეცბაიას გუნდმა 11 ოქტომბერს მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.
ისრაელის ნაკრები მესამე საფეხურზე მყარად დგას და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მალტაზე ფრეც ჰყოფნის.
სანტუში საქართველოში ჩამოსვლის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი: "საქმე საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვექნება, რომელმაც საბერძნეთში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ქულა აგვართვა, თუმცა ამჯერად საქართველოს ნაკრებთან მატჩის უდანაკარგოდ დასრულებას ვაპირებთ. ჩემმა ბიჭებმა ხორვატიასთან უპრინციპულესი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამით საბოლოო მიზნისთვის არ მიგვიღწევია და გადამწყვეტი ნაბიჯი თბილისში უნდა გადავდგათ".
სამარასმა კი ეს თქვა: "ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ამ მატჩში ჩვენმა გუნდმა კლასი და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. პირველ ტაიმში ნერვიულობა გვეტყობოდა, თუმცა შემდეგ ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შევძელით. ზეიმი კი რამდენიმე დღით უნდა გადავდოთ. დარწმუნებული ვარ, საბერძნეთის ნაკრები საქართველოში სასურველ შედეგს მიაღწევს".
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ. რა მეთქმის, ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ისღა დაგვრჩენია, დღევანდელი დღე სასწრაფოდ დავივიწყოთ. საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს"
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.
ნ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21
2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19
3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13
4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11
5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
6. მალტა 9 0 1 8 4-19 1
11 ოქტომბერი
საქართველო-საბერძნეთი
ხორვატია-ლატვია
მალტა-ისრაელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"