იოახიმ ლიოვი: ჩემი გუნდი დამშეულია!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იდეალურად ჩაატარა - 10 მოგება 10 მატჩში და თანაც, შესანიშნავი ფეხბურთით.

პრინციპში, ვერ ვიტყვით, რომ ამას არავინ ელოდა, რადგან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ ბუნდესგუნდს ყველა პროგრესს უწინასწარმეტყველებდა, რაც იმის დამსახურება გახლდათ, რომ გერმანელებს მუნდიალზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავდათ, რომლითაც ყველას თავი მოაწონეს და ლოგიკურად, პროგრესი უნდა გაგრძელებულიყო.

გაგრძელდა კიდეც, რაც პირველ რიგში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის დამსახურებაა, რომელიც უახლესი გამოკითხვის თანახმად, გერმანელებს უკვე ყველა დროის საუკეთესო ბუნდესმწვრთნელად მიაჩნიათ.

მიუხედავად ბრწყინვალე შედეგებისა (51
მოგება 73 მატჩში), ლიოვს მაინც აქვს ერთი ნაკლი: მის ხელში გერმანიას ტიტული ჯერ არ მოუგია. და იოგი ამ ნაკლის აღმოფხვრას სწორედ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ეცდება. დღეს მთელი საფეხბურთო გერმანია ეიფორიაშია - ხალხს იმედი აქვს, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესნაკრები კვლავ მოიგებს ტიტულს.

პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისიც იყო, რომ შესარჩევი ციკლის დროს ლიოვმა გერმანიის ნაკრებს ტაქტიკური სქემა შეუცვალა: მან გუნდი 4-2-3-1-დან 4-1-4-1-ზე გადააწყო, რითაც ყველა, პირველ რიგში კი მეტოქეები გააოცა და ბუნდესგუნდის ფეხბურთი უფრო არაპროგნოზირებადი გახადა. ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, გერმანია უფრო კრეატიულ ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია, ლიოვს ყოველთვის შეუძლია, დაუბრუნდეს ძველ სქემას, რომელიც მის ბიჭებს იდეალურად აქვთ დაღეჭილი და ამით მეტოქეებს ნებისმიერ დროს შესთავაზოს სიურპრიზი.

ორი სრულყოფილად დამუშავებული ტაქტიკა ვარირების საშუალებას იძლევა, რაც გერმანიას ნებისმიერი მეტოქისთვის არაპროგნოზირებადს ხდის.

ბელგიასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიოვმა საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა. მისი საუბრის შინაარსი კი საინფორმაციო სააგენტო DPA-ს კორესპონდენტმა ინტერვიუს სახით ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ჰერ ლიოვ, როგორ შეაფასებთ ბელგიასთან მატჩს და მთლიანად ბუნდესგუნდის გამოსვლას შესარჩევ ციკლში?
- ათი თამაში, ათი მოგება - მეტი რა უნდა გვინდოდეს? საკმაოდ რთული მუნდიალის შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლშიც დავამტკიცეთ, რომ ბუნდესგუნდი თვიდან თვემდე პროგრესირებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ორი ტურით ადრე გავინაღდეთ, მაინც არ მოვეშვით და ბოლო შეხვედრებიც მაქსიმალური კონცენტრაციით ჩავატარეთ - გუნდი თითოეული გამარჯვებით ხომ უფრო მეტ პატივისცემას იხვეჭს და ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ყველამ დაინახა, რომ გერმანიის ნაკრები არასდროს მოდუნდება - მაშინაც კი, როცა წარმატება გარანტირებული აქვს. მე მყავს გუნდი, რომელიც ძალიან ძლიერი და მაგრად დამშეულია. ჩემი გუნდი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

- თქვენც გაგიკვირდათ, ბელგიამ თამაში ასე კარგად რომ დაიწყო?
- მათ მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. შესაბამისად, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, თავიდანვე ვაჟკაცურად შემოგვიტიეს და სწრაფი გოლის გატანა უნდოდათ. აქედან გამომდინარე, პირველ წუთებში ცოტათი შოკირებული ვჩანდით, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და გოლებიც გავიტანეთ. პირადად მე ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ამ თამაშსაც მოვიგებდით. ბელგიას კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ ჩვენთან მოეგოთ.

- როგორია თქვენი დასკვნა შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ და დარჩა თუ არა რამე, რაც კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოთ?
- სამუშაოს რა გამოლევს? ჯერ ერთი, ყველაფერს გამეორება უნდა, რათა არაფერი დაგავიწყდეს და თითოეული მოქმედება ავტომატური გახდეს. ესეც რომ არ იყოს, რაც არ უნდა კარგად თამაშობდეს გუნდი, პრობლემები ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს. თუმცა დაგეთანხმებით იმაში, რომ ერთი შეხედვით გასაუმჯობესებელი ბევრი აღარაფერია, რადგან გერმანიამ მთელი ციკლი ძალიან კარგად, სტაბილურად ჩაატარა. მიხარია, რომ ბიჭებმა მეორე ტაქტიკური სქემაც კარგად შეისწავლეს და რომ კიდევ უფრო სწრაფ და კრეატიულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ამასთან, ვისურვებდი, რომ ჩვენი დაცვის ხაზი უფრო სტაბილური გახდეს.

- მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებს წვრთნით, უამრავი ფეხბურთელი გამოცადეთ. საინტერესოა, დაახლოებით რამდენ მოთამაშეს აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?
- 25, 30 - კონკრეტული რიცხვის დასახელება გამიჭირდება. თუმცა არსებობს გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოთამაშეები ძირითად ბირთვში აღმოჩნდნენ. თუ ყველაფერი სტაბილურად წარიმართება, ევროპის ჩემპიონატის წინ შემადგენლობის შერჩევა გამიადვილდება, მაგრამ როგორც წესი, სხვადასხვა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს და ბოლოს საუკეთესოების შერჩევა მაინც ჭირს. ჩემი მიზანი ის არის, რომ ყველა პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი მყავდეს და ვფიქრობ, ამას შევძლებთ. ბოლო დროს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს კარგი შემცვლელები გამოუჩნდათ. რაც მთავარია, გუნდი ახალგაზრდულია - ბელგიასთან ჩვენი შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი იყო. მეც ის მინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილები მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეთ.

- რას ელით ან ითხოვთ შეგირდებისგან უახლოეს თვეებში?
- პირველ რიგში კონცენტრაციის შენარჩუნებას. მინდა, რომ ბიჭებმა თავიანთ კლუბებში დიდი მონდომებით ივარჯიშონ და ითამაშონ. ჩვენ არ მოვდუნდებით და ფეხბურთელებს მუდმივად გავაკონტროლებთ. თუ გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგად მომზადებულები შევხვდეთ, მზადება აპრილში კი არა, დღეიდანვე უნდა დავიწყოთ.

- გერმანიის ნაკრებს ყველა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ტიტულის მოგებას ელის და ითხოვს...
- ეს ლოგიკურია და გუნდის დამსახურებაა, თუმცა ეიფორია და დიდი მოლოდინი უმძიმეს წნეხსაც ნიშნავს, მაგრამ ესეც ნორმალურია. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ამ წნეხს გავუძლოთ. ვიცი, რომ ქომაგებს ახლა მხოლოდ ტიტულით თუ დავაკმაყოფილებთ. ჩვენც ეს გვინდა: ევროპის ჩემპიონობა.

- შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმაც ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა...
- ძალიან გთხოვთ, ნუ აძლევთ ფესვების გადგმის საშუალებას იმ მოსაზრებას, თითქოს მსოფლიო ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ და ესპანეთი შემოვრჩით. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს მაგალითად ჰოლანდიასაც. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ინგლისის ნაკრებიც გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში იყო. იგივეს ვიტყოდი საფრანგეთზეც და ცხადია, არც იტალიის ნაკრები უნდა დაგვავიწყდეს. ასე რომ, ევრო 2012-ზე მთავარ როლებში მხოლოდ ჩვენ და ესპანეთი არ ვიქნებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული