გერმანიის პროტესტი უკრაინას

AutoSharing Option
რამდენიმე თვეა, რაც უკრაინაში მაწანწალა ძაღლების სასტიკად გაჟლეტის პროცესი დაიწყო - ათასობით ქუჩის ძაღლი მოწამლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი უკრაინა ამ დიდ საფეხბურთო ზეიმს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და უნაკლო მასპინძლის სახელი დაიმკვიდროს.

მას მერე, რაც ეს ინფორმაცია გერმანიაშიც გავრცელდა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ამ ამაზრზენ ფაქტს პროტესტი გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში უკრაინისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

მიროსლავ კლოზე, რომელიც ამ შეხვედრას ტრავმის გამო დააკლდება და რომელსაც დოგი
"ალია" ჰყავს, ამბობს: "თუ ეს საშინელება სიმართლეს შეესაბამება და ეჭვი მაქვს, რომ ასეცაა, მე, როგორც ცხოველების მოყვარულს და უსაყვარლესი ძაღლის მფლობელს, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს კატასტროფაა! მირჩევნია, ევროპის ჩემპიონატის დროს მასპინძელი ქვეყნის ქალაქების ქუჩებში უპატრონო ძაღლები დაწანწალებდნენ, ვიდრე მათი ასე უმოწყალოთ და სასტიკად დახოცვის შესახებ ვიცოდე. დაწრმუნებული ვარ, რომ ამაში ყველა ნორმალური ადამიანი დამეთანხმება."

ლუკას პოდოლსკი
(26 წლის, ჰყავს ლაბრადორი): "დაუჯერებელია! მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ადამიანებს ასეთი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ. ნუთუ უკრაინაში არავის უჩნდება პროტესტის განცდა?"

ცხოველების დაცვის ორგანიზაცია "პეტამ" უკვე დაიწყო ბრძოლა. ეს ამბავი მთელს ევროპას მოედო. მაწანწალა ძაღლების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ იმ ქალაქებშია გააქტიურებული, სადაც ევრო 2012-ის თამაშები უნდა გაიმართოს - კიევში, დონეცკში, ლვოვსა და ხარკოვში. "ჩემი თვალით ვნახე სისხლიანი ქუჩები! ვერ წარმოიდგენთ, ბოლო დროს იქ რა ხდება. მიხარია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს," - აცხადებს "პეტას" მდივანი ანდრეა მიულერი.

ამ ამბავზე კომენტარი გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმაც გააკეთა. მისი თქმით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა უკვე მიმართა უეფას. "ჩვენ ამ ამბავს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ და უეფას უკვე არაერთხელ ვთხოვეთ ამაზე რეაგირება," - აცხადებს ცვანციგერი.

"უკრაინაზე დღემდე მხოლოდ კარგი მსმენია, ახლა კი ვიგებ, რომ იქ ადამიანები ცხოველებს სასტიკად უსწორდებიან. იმედია, რომ ეს საშინელება მალე შეწყდება. ძალიან არ მინდოდა, რომ უკრაინაზე შთაბეჭდილება წამხდომოდა, მაგრამ უკვე წამიხდა," - ეს კი თომას მიულერის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული