ევრო 2012. C ჯგუფი. პრანდელის ოფიციალური დებიუტი ტალინში

AutoSharing Option
ჯგუფი
11 აგვისტო
ესტონეთი-ფარერები 2:1

3 სექტემბერი
ფარერები-სერბეთი
სლოვენია-ჩრ. ირლანდია
ესტონეთი-იტალია

ამ ქვეჯგუფში ერთი მატჩი უკვე გაიმართა: 11 აგვისტოს ესტონეთის ნაკრებმა ფარერები 2:1 დაამარცხა და სხვათა შორის, ესტონელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე (!) წუთზე გაიტანეს. დღეს სამქულიანი ესტონეთი ტალინში, ჯგუფის მთავარ ფავორიტ იტალიას მასპინძლობს. მართალია, ესტონელებს "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ ჩატარებული ოთხი მატჩიდან (ორი 1994 წლის მუნდიალის შესარჩევში, ორიც ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე) ოთხივე წაგებული აქვთ, ბალტიისპირელთა მთავარი მწვრთნელი ტარმო რუუტლი შეეცადა, შეგირდები და გულშემატკივრები დღევანდელი მატჩის წინ ოპტიმისტურად
განეწყო.

"ცხადია, ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებაზე არ ვფიქრობთ. სენსაციები ძალიან ხშირად ხდება და რატომ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენც მოვახდენთ სენსაციას?" - განაცხადა რუუტლიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
და მართლაც: თუ იტალიის ნაკრებთან სენსაციის მოხდენა შესაძლებელია, როდის, თუ არა ახლა, როცა "სკუადრა აძურა" ახალი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის ხელში ჯერ კიდევ დაულაგებელი გუნდია? პრანდელისთვის დღეს ოფიციალური დებიუტია და მან ხუთი დებიუტანტი გამოიძახა, რომელთაგანაც ოთხი მცველია: ლუკა ანტონელი, ჩეზარე ბოვო, ლორენცო დე სილვესტრი და დანიელე გასტალდელო. ამ კვარტეტთან ერთად, "აძურაში" ახალი კაცია ნახევარმცველი ლუკა ჩიგარინიც, რომელიც ტრავმირებული კლაუდიო მარკიზიოც ცვლის.

"იუვეს" ნახევარმცველისა არ იყოს, ტრავმირებულია "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი მარიო ბალოტელიც, რომელიც პრანდელიმ კოტ დ"ივუართან ტესტ-მატჩში გამოსცადა, მაგრამ ჩეზარეს ბალოტელის ტრავმის გამო დიდად არ დაუჩივლია, რის გამოც ჩვენს იტალიელ კოლეგებს ისეთი განცდა გაუჩნდათ, რომ მარიო ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, პრანდელი მას მაინც აღარ უხმობდა. სამაგიეროდ, ჯანმრთელია და ბორტზეა ანდრეა პირლო. ესტონელებს კი მხოლოდ ერთი დებიუტანტი ჰყავთ: ვიაჩესლავ ზაჰოვაიკო, რომელიც პორტუგალიურ "ლეირიაში" თამაშობს. რუუტლი იტალიასთან ესტონური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელს, ანდრეს ოპერს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია. სამაგიეროდ, დროულად გამოჯანმრთელდა ტარმო კინკი (მიდლსბრო). ერთი სიტყვით, ესტონელებს ძალიან უნდათ, რომ პრანდელის ხელში მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულ "აძურას" პირველ ტურში ფეხი დაუდონ.

ფარერის კუნძულების ნაკრები ჯგუფში ისევ აუტსაიდერია, მაგრამ სულ უფრო და უფრო უმატებს და აგერ, ესტონეთთან გასვლით მატჩში კინაღამ ქულა მოიპოვა. ფარერელთა მეტოქე დღეს სერბეთია და უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რადომირ ანტიჩის გუნდმა ფარერებს ორივე თამაში მოუგო. თუმცა იმ ქვეჯგუფში ფარერებმა (118-ე ადგილი ფიფას რეიტინგში) გასაოცრად იასპარეზა: ლიტვა დაამარცხა, ავსტრიას ქულა აართვა და საფრანგეთთან და რუმინეთთან მხოლოდ 0:1 დამარცხდა. მაგრამ თუ ვიდიჩს, სტანკოვიჩსა და კომპანიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურთ, დღეს ტორსჰავნიდან აუცილებლად სამი ქულა უნდა წაიღონ.

სლოვენიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩში ფავორიტად მასპინძლები უნდა შევრაცხოთ, ოღონდ თითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მოედანზე თამაშობენ. სლოვენიამ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ ერთხელ ითამაშა (2000 წელს) და მაშინ ჯგუფშივე შერცხვა. სამაგიეროდ, სლოვენიელებმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე იასპარეზეს და თავი ამჯერად კარგად წარმოაჩინეს. "უდინეზეს" ბწრყინვალე მეკარე ჰანდანოვიჩი, კაპიტანი რობერტ კორენი, ტალანტი ტიმ მატავცი, ბუნდესლიგელი ლეგიონერები ბრეჩკო, ნოვაკოვიჩი და დედიჩი - სლოვენიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც ევრო 2012-ს საგზურისთვის უნდა იბრძოლოს. მაგრამ მატიაჟ კეკის გუნდს დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხება გაუჭირდება. ჯონი ევანსი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრის ბეირდი და აარონ ჰიუზი (ფულჰემი), დევიდ ჰილი, რომელიც სულაც ევრო 2008-ის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირი (13 გოლით) გახდა - მწვრთნელ ნაიჯელ ვორთინგტონს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული