ინგლისი-ჰოლანდია 2:3 (იხილეთ ვიდეო)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კეჰილი, სმოლინგი (64. ჯონსი), ბეინსი - პარკერი, ბერი (46. მილნერი) - ჯერარდი (33. სტარიჯი - 88. უოლკოტი), ა ჯონსონი (64. დაუნინგი), იანგი - უელბეკი (80. კემპბელი).
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ბულაჰრუზი (82. ვლაარი), ჰეიტინგა, მატეისენი, პიტერსი (46. სხაარსი) - ვან ბომელი, ნ. დე იონგი - რობენი, სნეიდერი (76. ემანუელსონი) კუიტი - ვან პერსი (46. ჰუნტელაარი (65. ლ. დე იონგი)).
გოლები: 0:1 რობენი (57), 0:2 ჰუნტელაარი (58), 1:2 კეჰილი (85), 2:2
გაფრთხილება: რიჩარდსი - მატეისენი
კუთხური: 6-4, ჯარიმა: 11-15, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 7-8 (4-5), ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 76 283
გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ "უემბლიმ” ფანტასტიკურ შეხვედრას უმასპინძლა, ზუსტად ისეთს, როგორსაც გულშემატკივართა უმრავლესობა ელოდა.
რა გახდა ინგლისელთა დამარცხების მიზეზი? ალბათ ექსპერიმენტული შემადგენლობა და, რა თქმა უნდა, სტუმრების მაღალი კლასი. მატჩი ამხანაგურის კვალობაზე ძალიან დაძაბული იყო. შედეგად კი ტრავმები მიიღეს სტივ ჯერარდმა, კრის სმოლინგმა და დენიელ სტარიჯმა, სტუმართაგან ამავე მიზეზით გახდა შესაცვლელი კლაას იან ჰუნტელაარი.
პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. ლეიტონ ბეინსს ჩაწოდება არ გამოუვიდა და ბურთი ბადეს კარის ზემოდან დაეცა. "ნარინჯისფერებმა” მალე მოახერხეს ბურთის ხელში ჩაგდება, თუმცა რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ.
მე-10 წუთზე გარი კეჰილმა სცადა თავურით მაარტენ სტეკელენბურგის კარის აღება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. ჰოლანდიელებმა არიენ რობენისა და ვესლი სნეიდერის კომბინაციით უპასუხეს. უკანასკნელის დარტყმა საკუთარ თავზე ინგლისელთა კაპიტანმა სკოტ პარკერმა მიიღო. იქვე რობენმა მოახერხა საჯარიმოში შეღწევა, თუმცა ჯო ჰარტი ბურთს ადგილზე დახვდა. "ლომების” კაპიტანმა მეორედაც ითამაშა თავგანწირულად - რობინ ვან პერსის ახლო მანძილიდან დარტყმულს აღუდგა წინ.
28-ე წუთზე ადამ ჯონსონს არ გაუმართლა, როცა ორი მეტოქის მოტყუების შემდეგ ბურთი ჯონ ჰეიტინგას მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. 34-ე წუთზე სტიუარტ პირსი იძულებული გახდა სტივ ჯერარდი შეეცვალა. "ლივერპულის” კაპიტანს მუხლის მყესი აქვს დაჭიმული. საშიში არაფერია. ვარჯიშს ის ორიოდე დღეში შეუდგება.
მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ეშლი იანგის კუთხურის შემდეგ ბურთი დენიელ სტარიჯს მიუვიდა. სტეკელენბურგმა ჩელსელს გაჭირვებით აუღო. ანგარიშის გახსნა შეეძლო ჰუნტელაარს, მაგრამ 23-24 მეტრიდან გასროლილი ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. 57-ე წუთზე ბადე პირველად შეირხა. რობენმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და მეტოქის საჯარიმომდე ათრია, თანაც ისე, რომ ახლოს არავინ მიიკარა, ჰარტის სამფლობელოს მიახლოებულმა კი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა - 0:1. წუთზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა სნეიდერი-ჰუნტელაარი-კუიტი-ჰუნტელაარის კომბინაცია უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა. მან სმოლინგს იოლად მოუგო პოზიციური ბრძოლა - 0:2. სწორედ ამ მომენტში დაშავდა ორივე ფეხბურთელი.
69-ე წუთზე რობენს ინგლისელთა დასამარება შეეძლო, მაგრამ ახლოდან დარტყმულს წინ მიკა რიჩარდსი გადაეღობა. 4 წუთში სტარიჯმა წარმოუდგენელი მომენტი გააფუჭა. 85-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა - კეჰილი მოულოდნელად გამოჩნდა თავდამსხმელის ადგილზე და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ამას გამოცდილი შემტევები აკეთებენ ხოლმე - 1:2.
"უემბლი” გამოცოცხლდა. ინგლისის ნაკრები უკანასკნელ შტურმზე წავიდა, თუმცა კინაღამ რობენისა და კუიტის კონტრშეტევა გაეპარა. ლივერპულელის დარტყმას ჰარტი ადგილზე დახვდა. მალე პირსის გუნდს მორიგი უბედურება ეწვია. სტარიჯმა ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად ტეო უოლკოტი გამოვიდა. ფელიქს ბრიხის მიერ კომპენსირებული დრო დაიწყო თუ არა, მასპინძლებმა გაათანაბრეს. გაჭიანურებული შეტევა ცენტრში ფილ ჯონსის მოულოდნელი გადაცემით გაგრძელდა. ჰოლანდიელთა დაცვა აშკარად ჩავარდა. იანგს მეკარისთვის თავზე ბურთის გადაგდება აღარ გასჭირვებია - 2:2.
ტრიბუნებზე შეკრებილ 76 ათას გულშემატკივარს ზეიმიც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანგარიში ისევ შეიცვალა. ზუსტად 87 წამის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა არიენ რობენმა მარკ ვან ბომელის პასი საჯარიმოში მიიღო, დაახანა და ჰარტისგან შორეულ კუთხეში გაახვია - 2:3.
მატჩის შემდეგ
სტიუარტ პირსი: "ძალიან გვაკლდა ჩვენი ძალების რწმენა. არ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო წინ წავსულიყავით და მეტოქე გაგვეტეხა. ეს ის თვისებაა, რომელიც გუნდმა აუცილებლად უნდა შეიძინოს. ეროვნულ ნაკრებში გატარებული ერთი კვირით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანია, ასოციაციას ახალი თავკაცის ძებნაში შევუწყო ხელი. ეს სამუშაო ჩემთვის ნამდვილად არ არის. ვგრძნობ, რომ შემიძლია ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას კონტინენტის პირველობის შემდეგაც შევძლებ”.
ბერტ ვან მარვიიკი: "ვან პერსის თამაშამდე შევუთანხმდი, რომ ერთ ტაიმს ითამაშებდა. იცით, რომ მას უმნიშვნელო ტრავმა აწუხებდა. მისი ჯანმრთელობის გარისკვა არ გვიღირდა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ბიჭების გარჯა მომეწონა, განსაკუთრებულად მეორე ნახევარი, რადგან უამრავი სახიფათო კონტრშეტევა გამოგვივიდა. შეუძლებელია არ აღინიშნოს არიენ რობენი, ვინც ყველას დაუმტკიცა თავისი უმაღლესი კლასი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"