სლავენ ბილიჩის სია მლადენ პეტრიჩის გარეშე

AutoSharing Option
10 მაისს კოლეგებს ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმაც მიბაძა და ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ბილიჩი ევრო 2012-ისთვის უარს ამბობს "ჰამბურგის" თავდამსხმელ მლადენ პეტრიჩზე, რომელსაც აქამდე ნაკრებში, ფაქტობრივად, რეგულარულად იძახებდა.

მართალია, 31 წლის პეტრიჩს "ჰამბურგში" კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ მისი განაცხადს მიღმა დატოვება მაინც სენსაციაა - ბილიჩმა მლადენი გაფართოებულ სიაშიც კი არ შეიყვანა. ნაკლებად სენსაციური, მაგრამ ასევე მოულოდნელია "ბოლტონის" 32 წლის გამოცდილ თავდამსხმელ ივან კლასნიჩზე უარის თქმაც.

"ამ ფეხბურთელებზე უარის თქმა ძალიან გამიჭირდა,
მაგრამ ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივხვდი, რომ მლადენზეც და ივანზეც უარი უნდა მეთქვა", - განაცხადა ხორვატიის ნაკრების დამრიგებელმა და გადაწყვეტილება ასე ახსნა: "პეტრიჩიცა და კლასნიჩიც მაღალი დონისა და კლასის წინახაზელები არიან და მათ ხორვატიის ნაკრებს ბევრი გაუკეთეს, მაგრამ ახლა ჩემი გუნდის წინა ხაზზე ძალიან დიდი კონკურენციაა.

თამამად ვიტყვი, რომ უდიდესი არჩევანი მაქვს და სწორედ კონკურენციის გამო გავხდი იძულებული, რომ მლადენი და ივანი სახლში დავტოვო. ვიცი, რომ ეს მათთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, მაგრამ უნდა გამიგონ".

აღსანიშნავია, რომ პეტრიჩი ამ სეზონში ტრავმების გამო გაწამებული იყო და მოედანზე გასვლას იშვიათად ახერხებდა. საბოლოოდ, ბუნდესლიგაში მან მხოლოდ შვიდი გოლის გატანა შეძლო. ამასთან, "ჰამბურგის" ხელმძღვანელები მლადენს ახალ კონტრაქტს არ უფორმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ახალი კლუბის ძებნა მოუწევს.

იგივე ეხება კლასნიჩსაც, რომელსაც "ბოლტონში" ასევე ცუდი სეზონი ჰქონდა: მართალია, პირველ წრეში ნორმალურად თამაშობდა და შვიდი გოლი გაიტანა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში უკვე უმეტესად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და პირველი წრის მონაგარს მხოლოდ ერთი გოლი შემატა.

სლავენი ოლიჩს ენდობა
სამაგიეროდ, გამოძახებულთა სიაში არიან "ბაიერნის" სათადარიგო ფორვარდი ივიცა ოლიჩი, ასევე, "ვოლფსბურგის" კარგ ფორმაში მყოფი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

სიის გამოქვეყნებასთან ერთად, ბილიჩმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი მისთვის ხორვატიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე უკანასკნელი ტურნირი იქნება - სლავენი თანამდებობას კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე დატოვებს.

"ეს ჩემთვის ბოლო ტურნირია, რომლის დასრულების შემდეგ პოსტს დავტოვებ. ვამაყობ იმით, რომ ამბიციურ ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს, ექვსი წელი ვწვრთნიდი," - აღნიშნა 43 წლის ბილიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევრო 2012-ზე იტალიასთან, ესპანეთსა და ირლანდიასთან ერთად რთულ ჯგუფში მოხვდა.

მეკარეები: სტიპე პეტიკოშა (როსტოვი), დანიელ სუბაშიჩი (მონაკო), ივან კელავა (დინამო ზაგრები), გორან ბლაჟევიჩი (ჰაიდუკი).
მცველები: ვედრან ჩორლუკა (ლევერკუზენი), იოზიპ შიმუნიჩი (დინამო ზაგრები), გორდონ შილდენფელდი (აინტრახტი), დარიო სრნა (შახტარი), შიმე ვრსალკო (დინამო ზაგრები), დომაგოი ვიდა (დინამო ზაგრები), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი), დეიან ლოვრენი (ლიონი), იურიცა ბულიატი (მაქაბი ჰაიფა), ივან სტრინიჩი (დნეპრი).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (ტოტენჰემი), ოგნენ ვუკოიევიჩი (დინამო კიევი), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო მოსკოვი/სარაგოსა), ივან პერიშიჩი (დორტმუნდი), ივან რაკიტიჩი (სევილია), ნიკო კრანჩარი (ტოტენჰემი), მილან ბადელი (დინამო ზაგრები).
თავდამსხმელები: ედუარდო (შახტარი), მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), ივიცა ოლიჩი (ბაიერნი), ნიკოლა კალინიჩი (დნეპრი), ივო ილიჩევიჩი (ჰამბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული