ევრო 2012-ისთვის ჩეხეთიც დაირაზმა!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის შემდეგ 14 მაისს ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა ჩეხეთის ნაკრების დამრიგებელმა მიხალ ბილეკმაც დაასახელა.

თუმცა მის სიას გაფართოებულს ვერც ვუწოდებთ, რადგან 24 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 მაისამდე მხოლოდ ერთ მოთამაშეზე უნდა თქვას უარი და რაკი ამ სიაში 4 მეკარეა, ცხადია, რომ ის ერთი უიღბლო სწორედ მეკარე იქნება.

"ჰამბურგის" კიპერი იაროსლავ დრობნი სიაში კი არის, მაგრამ მისი გამგზავრება ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ტრავმირებულია და ექიმები ჯერჯერობით ვერ ასკვნიან, მოახერხებს თუ არა
ივნისამდე გამოჯანმრთელებას.

სწორედ ამიტომ გამოიძახა ბილეკმა "ტეპლიცეს" გოლკიპერი ტომაშ გრიგარი - თუ დრობნი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, პოლონეთსა და უკრაინაში სწორედ გრიგარი წავა.

"საუკეთესოების შერჩევა ძალიან გამიჭირდა, რადგან არჩევანი მართლაც დიდი მქონდა. ვფიქრობ, არჩევანი მართლა საუკეთესოებზე შევაჩერე, რომლებიც ჩეხეთის ნაკრებისთვის თავს არ დაზოგავენ, - განაცხადა ბილეკმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე. - განსაკუთრებით რთული იყო არჩევანის გაკეთება ზდენეკ პოსპეხსა და ფრანტიშეკ რაიტორალის, მარეკ სუხისა და იან რაინოხს, ასევე დანიელ კოლარჟსა და ირჟი შტაინერს შორის".

26 მაისს ჩეხეთის ნაკრები ისრაელთან პირველ ტესტ-მატჩს გამართავს, 1 ივნისს კი პრაღაში უნგრეთის ნაკრებთან ექნება რეპეტიცია.

შეგახსენებთ, რომ ჩეხები A ჯგუფში რუსეთთან, საბერძნეთსა და მასპინძელ პოლონეთთან ერთად მოხვდნენ. ჩეხეთის ნაკრების, ფაქტობრივად, საბოლოო სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: პეტრ ჩეხი (ჩელსი), იაროსლავ დრობნი (ჰამბურგი), ტომაშ გრიგარი (ტეპლიცე), იან ლაშტუვკა (დნეპრი).
მცველები: რომან ჰუბნიკი (ჰერტა), მიხალ კადლეცი (ლევერკუზენი), ტომაშ სივოკი (ბეშიქთაში), დანიელ პუდილი (ჩეზენა), დავიდ ლიმბერსკი (ვიქტორია), ფრანტიშეკ რაიტორალი (ვიქტორია), თეოდორ გებრე სელასიე (სლოვანი), მარეკ სუხი (სპარტაკი).
ნახევარმცველები: ტომაშ როსიცკი (არსენალი), პეტრ ირჟაჩეკი (ვოლფსბურგი), დანიელ კოლარჟი (ვიქტორია), ვაცლავ პილარჟი (ვიქტორია), იან რეზეკი (ანორთოსისი), იაროსლავ პლაშილი (ბორდო), მილან პეტრჟელა (ვიქტორია), ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი).
თავდამსხმელები: მილან ბაროში (გალათასარაი), ტომაშ პეკჰარტი (ნიურნბერგი), დავიდ ლაფატა (იაბლონეცი), ტომაშ ნეციდი (ცსკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული