საბერძნეთის 25 კაცი ევრო 2012-ისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობების დასახელება გრძელდება.

17 მაისს თავისი სია საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმაც გამოაქვეყნა. მან 25 ფეხბურთელს უხმო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიიდან მხოლოდ ორი მოთამაშის ამოშლა მოუწევს.

მთავარი სენსაცია განაცხადში 36 წლის თავდამსხმელის, ნიკოს ლიბეროპულოსის შეყვანაა - ვეტერანმა ფორვარდმა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ხომ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სანტუშის განმარტებით, ლიბეროპულოსი 25-კაციან განაცხადში იმის გამო მოხვდა, რომ აეკ-ის შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

სამაგიეროდ, სანტუშმა უარი თქვა სტეფანოს ატანასიადისზე, რომელიც პაოკ-ში ასევე კარგად გამოიყურებოდა და
რაც მთავარია, ლიბეროპულოსზე 13 წლით ახალგაზრდაა.

კითხვის ნიშნებია მეკარეებთან დაკავშირებითაც: სანტუშმა მიხალის სიფაკისი, კოსტას ხალკიასი და ალეკსანდროს ცორვასი გამოიძახა. "არისის" მეკარე სიფაკისს ტრავმა აწუხებდა, ცორვასი "პალერმოს" სათადარიგო მეკარეა, ხალკიასი კი ამ სეზონში პაოკ-ის კარს მხოლოდ ნახევარი სეზონის მანძილზე იცავდა. მიუხედავად ამისა, ისინი განაცხადში მოხვდნენ.

ბერძნული პრესა აღშფოთებულია იმის გამო, რომ სანტუშმა უარი თქვა "პანათინაიკოსის" მეკარე ორესტის კარნეზისზე, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ გამოუცდელი კიპერია და მასზე უარის თქმა სანტუშმაც სწორედ ასე ახსნა.

განაცხადში მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველია (ვასილის ტოროსიდისი), რაც სანტუშის განმარტებით, პრობლემა არ არის, რადგან მას გუნდში ისეთი უნივერსალებიც ჰყავს, როგორებიც არიან სოკრატის პაპასტატოპულოსი და იოანის მანიატისი, რომლებსაც მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულებაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში პოლონეთთან, ჩეხეთსა და რუსეთთან ერთად იასპარეზებს. 22 მაისს სანტუში თავის გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანს, სადაც ორი ტესტ-მატჩია დაგეგმილი: ბერძნები 26 მაისს სლოვენიას შეხვდებიან, 31 მაისს კი - სომხეთს.

მეკარეები: ალეკსანდროს ცორვასი (პალერმო), მიხალის სიფაკისი (არისი), კოსტას ხალკიასი (პაოკი).
მცველები: ვასილის ტოროსიდისი (ოლიმპიაკოსი), კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე), სოკრატის პაპასტატოპულოსი (ვერდერი), ავრაამ პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი), ხოსე ოლებასი (ოლიმპიაკოსი), გიორგიოს საველასი (მონაკო), სტელიოს მალეზასი (პაოკი).
ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი (პანათინაიკოსი), გიორგიოს კარაგუნისი (პანათინაიკოსი), იანის მანიატისი (ოლიმპიაკოსი), გიორგის ფოტაკისი (პაოკი), გრიგორის მაკოსი (აეკი), იანის ფეტფაციდისი (ოლიმპიაკოსი), სოტირის ნინისი (პანათინაიკოსი), ალეკსანდროს ციოლისი (მონაკო), კოსტას ფორტუნისი (კაიზერსლაუტერნი), პანაიოტის კონე (ბოლონია).
თავდამსხმელები: დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკი), გიორგოს სამარასი (სელტიკი), ნიკოს ლიბეროპულოსი (აეკი), თეოფანის გეკასი (სამსუნი), კოსტას მიტროღლუ (ატრომიტოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული