ჩემპიონატის გამო გადადებული ქორწილი

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ლუიშ ნანი აცხადებს, რომ მასა და მის თანაგუნდელებს არ ეშინიათ გერმანიასთან თამაშის.

"გერმანიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მას ამის გამო უნდა ვაფასებდეთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათაც ანალოგიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ჩვენდამი.

პორტუგალია ვერ მისცემს უფლებას თავის თავს, რომ მეტოქეს ამოცანა გაუადვილოს და უფლება მისცეს, საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სტილი მოვახვიოთ თავს. ოდნავი შიში და ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ და დაგვსჯიან,"
- აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი.

აქვე მოგაწვდით კიდევ
ერთ ინფორმაციას პორტუგალიელთა ბანაკიდან: "ბრაგას" 25 წლის მარჯვენა მცველ მიგელ ლოპეშს ჯერ კიდევ თვეების წინ 26 მაისისთვის დაგეგმილი ქორწილის რამდენიმე კვირით გადადება მოუწევს.

მიზეზი მარტივია: ფეხბურთელს არ ეგონა, თუკი პაულუ ბენტუ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანდა.

მას ხომ აქამდე ეროვნულ გუნდში არასოდეს ეთამაშა. მსგავსი ისტორია გვახსენდება 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდანაც.

გულშემატკივარს ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი ვლადიმირ შმიცერი ალბათ ეცოდინება. ფეხბურთელი ვერ წარმოიდგენდა, თუკი მისი გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალში გავიდოდა და ჯვრისწერა და ქორწილი ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა დანიშნული. ჩეხები ამ დღისთვის ჯერ კიდევ დაკავებულები იყვნენ.

ფეხბურთელი ლონდონიდან პრაღაში გადაფრინდა, ჯვარი დაიწერა და იმავე საღამოს ნაკრებს დაუბრუნდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დუშან უჰრინის გუნდი ჯგუფური ეტაპიდან სწორედ შმიცერის გოლით გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული