დარიო სრნა: გვინდა, ჩვენით ამაყობდნენ

AutoSharing Option
გთავაზობთ ინტერვიუს ხორვატიის ნაკრების კაპიტან დარიო სრნასთან, რომელიც ევრო 2012-ისთვის სლავენ ბილიჩის გუნდის მზადების შესახებ გვიყვება.

- დარიო, ევროპის ჩემპიონატამდე დასვენება, ალბათ, ნორმალურად მოასწარით...
- დიახ, ჯერ ჩემს მშობლებთან ვიყავი, შემდეგ ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე სხვაგან დავისვენე.

- ხორვატიაში რომელ ქალაქში გაქვთ შეკრება?
- როვინში. ეს არის პატარა ტურისტული ქალაქი ისტრიაში, ზღვის ნაპირას.

- შეკრებას გუშინ შეუერთდით. პარტნიორები როგორ შეხვდნენ თავიანთ
კაპიტანს?
- ყველაფერი რიგზეა. ჩვენთან საკმაოდ მხიარული და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. წინ კიდევ სამი კვირა გვაქვს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

- როგორი განწყობაა ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს ეამაყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს თამაში. ვეცდებით, კარგი შედეგი ვაჩვენოთ, მთლიანად დავიხარჯოთ და გულშემატკივარს ხარისხიანი ფეხბურთი შევთავაზოთ. გვსურს, რომ მთელი ერი ამაყობდეს ჩვენით.

- ედუარდო ნაკრებს თქვენზე ადრე შეუერთდა. როგორ გრძნობს თავს? ფორმის აკრეფას მოასწრებს?
- ის სპეციალურად გამოცხადდა შეკრებაზე 4-5 დღით ადრე, რადგან სეზონის განმავლობაში ბევრი გაუცდა.

მას ესმის, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება და შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგად მომზადებული შეხვდეს. თავისი საქციელით მან თავისი პროფესიული და ადამიანური ღირსებები გამოავლინა - ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად უყვარს და რამდენად აფასებს ის ჩვენს ქვეყანას.

- რა რეჟიმით ვარჯიშობს ხორვატიის ნაკრები?
- ჩვენ ორიოდე დღის წინ დაგვეწყო მინიციკლი - დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს: ერთი ფიზიკური, მეორე - ტექნიკური, ანუ უფრო მეტად ბურთით. პარასკევს, ავსტრიაში გამგზავრებამდე, ერთი ამხანაგური მატჩი გველის ქალაქ პულაში.

- პულაში ესტონეთთან მატჩში არცთუ ყველაზე ტევად არენაზე მოგიწევთ თამაში. როგორ ფიქრობთ, ყველა მსურველი შეძლებს სტადიონზე მოხვედრას?
- არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ იქ ჩეხებს ვეთამაშეთ და 4:2 დავამარცხეთ. ახლა, რა თქმა უნდა, უფრო ბევრს დააინტერესებს ის, თუ როგორ ფორმაშია ხორვატია ჩემპიონატის დაწყებამდე. თუმცა ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იქნება, სადაც ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს.

- ბილიჩი ყველასთვის შეეცდება სათამაშო დროის გამოყოფას?
- დიახ, ყველას გამოსცდის. მატჩის შემდეგ კი, ალბათ, დაასახელებს იმ ფეხბურთელებს, რომელთაც უკრაინა-პოლონეთში წაიყვანს თან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული