ჰოლანდიელები მიუნხენის "ბაიერნის" ფანებზე განრისხდნენ!

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ამხანაგური მატჩი (3:2 მიუნხენური კლუბის სასარგებლოდ) წესით, რეკორდმაისტერისა და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის შერიგების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ 22 მაისს მიუნხენის "ალიანს არენაზე" ისეთი ამბები მოხდა, შესაძლოა, ბავარიულ კლუბსა და ჰოლანდიის ნაკრებს შორის ახალ მტრობას ჩაეყაროს საფუძველი.

ბაიერნი-ჰოლანდია 3:2
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - რაფინია, ტიმოშჩუკი (46. ბოატენგი), ბადშტუბერი, ალაბა (72. კონტენტო) - ლუის გუსტავო, პრანიჩი - თ. მიულერი (34. უსამი), კროოსი (46. ლამი), ოლიჩი (72. რიბერი) - პეტერსენი (72. გომესი).
ჰოლანდია (4-2-3-1): ვორმი - ბულარუზი (46. ანიტა), ვლაარი,
მატიისენი (46. ბრუმა), ვილემსი - ნ. დე იონგი (46. მაჰერი), ვან დერ ვაარტი (46. სტროოტმანი) - ნარსინგი (76. რობენი), სნეიდერი (46. ლენსი), კუიტი (46. ს. დე იონგი) - ჰუნტელაარი (46. ლ. დე იონგი)
გოლები: 1:0 კროოსი (17), 1:1 ჰუნტელაარი (18), 1:2 ნარსინგი (20), 2:2 პეტერსენი (28), 3:2 გომესი (87)
მაყურებელი: 33 000

74-ე წუთამდე ყველაფერი კარგად იყო. ხსენებულ დროს კი ჰოლანდიელთა დამრიგებელმა ბერტ ვან მარვიიკმა მოედანზე არიენ რობენი შეუშვა. გამოჩნდა თუ არა რობენი, "ალიანს არენაზე" აქა-იქ სტვენა გაისმა.

ფეხბურთელები თავიდან ყურებს არ უჯერებდნენ, მაგრამ მერე, როცა სტვენა გაძლიერდა და თანაც, მაინცდამაინც მაშინ ისმოდა, როცა რობენი ბურთს მიიღებდა, ყველანი საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ მიუნხენის პუბლიკის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ რობენს უსტვენდა.

თავის დროზე ამ მატჩის ჩატარება იმის საჩვენებლად გადაწყდა, რომ "ბაიერნმა" და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ 2010 წლის ზაფხულის დაპირისპირება საბოლოოდ დაივიწყეს და შერიგდნენ - შეგახსენებთ, რომ მაშინ ჰოლანდიელმა ექიმებმა რობენის ტრამვა ვერ (ან არ) შენიშნეს და არიენი მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშეს, რის შემდეგაც ტრავმა უკიდურესად გაურთულდა და "ბაიერნს" რამდენიმე თვის განმავლობაში ვეღარ დაეხმარა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: შერიგების ნიშნად გამართული მატჩი ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდა.

მართალია, რობენს მთელი სტადიონი არ უსტვენდა და "ბაიერნის" ფანების გარკვეული ნაწილი მისი გვარის სკანდირებას მოჰყვა, მაგრამ 28 წლის გარემარბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უმნიშვნელოვანესი პენალტი ვერ გაიტანა, მაინც შოკირებული გახლდათ.

საკუთარი ფანებისგან სტვენა ისედაც ძნელი ასატანია და მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რობენმა მაისის დასაწყისში "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა.

ვან მარვიიკი: სირცხვილი მიუნხენს!
მატჩის შემდეგ რობენს ბასტიან შვაინშტაიგერმა და მანუელ ნოიერმა დაუყვავეს, მერე კი არიენს სამხრეთ ტრიბუნასთან მისვლა გადააწყვეტინეს - საბედნიეროდ, ტრიბუნიდან რობენის მისამართით სტვენას ადგილი არ ჰქონია.

პირიქით, "ბაიერნის" ულტრასებმა არიენს მოკრძალებული, მაგრამ მაინც აპლოდისმენტები უძღვნეს.

მიუხედავად ამისა, რობენმა გასახდელს უსიტყვოდ მიაშურა. სამაგიეროდ, სხვებმა ისაუბრეს.

"ეს უდიდესი სირცხვილია! მიუნხენელებს უნდა რცხვენოდეთ, არიენს რომ უსტვინეს. ასეთი რამ დაუშვებელია," - განაცხადა საფინალო სასტვენის შემდეგ ჰოლანდიელთა თავკაცმა ვან მარვიიკმა.

მარკ ვან ბომელმა, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას ოთხწლინახევრის მანძილზე იცავდა და რეკორდმაისტერის კაპიტანიც გახლდათ, უფრო სასტიკი განცხადება გააკეთა: "ეს სკანდალია! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მიუნხენური პუბლიკა თავის ფეხბურთელს ასე მოექცეოდა. ნუთუ ასე მალე დაივიწყეს რობენის დამსახურებები "ბაიერნის" წინაშე?"

კითხვა, მაინც რატომ უსტვინა "ალიანს არენას" პუბლიკამ რობენს, ოფიციალურად უპასუხოდ დარჩა, მაგრამ პასუხის ვარიანტები არც ისე ბევრია.

რობენმა ბუნდესლიგაში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გადამწყვეტ მატჩში ბოლო წუთებზე უდიდესი მნიშვნელობის პენალტი ვერ გაიტანა, გასულ შაბათს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის გატანა და "ბაიერნის" მარცხი "ჩელსისთან", პირველ რიგში, მას დაბრალდა.

ამ ყველაფერთან ერთად, "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების მატჩში მან ჰოლანდიის ღირსება დაიცვა და არა მიუნხენური კლუბისა. ცხადია, ეს ყველაფერი საკუთარი ფეხბურთელისადმი სტვენას არ ამართლებს, მაგრამ მიზეზებია.

ვან ბომელი რობენს ბაიერნიდან წასვლაზე დაფიქრებას ურჩევს
მიუნხენელი ფანებისა და "ბაიერნის" წინააღმდეგ რაფაელ ვან დერ ვაარტმაც გაილაშქრა - რეკორდმაისტერს უნდა რცხვენოდეს, არიენს ასეთი რამ არ დაუმსახურებიაო.

ვესლი სნეიდერმა კი "ბაიერნის" ხელმძღვანელებს შეუტია - ამ დღეებში რობენი რომ დაეცვათ, ასეთი რამ არ მოხდებოდაო. სნეიდერის აზრით, ამგვარი ქცევებით "ბაიერნის" ფანები და ბოსები რობენს მიუნხენიდან გააქცევენ. ასეთ შემთხვევაში, სნეიდერი არიენს მილანის "ინტერში" ეპატიჟება.

"მე რომ მის ადგილზე ვიყო, კარგად დავფიქრდებოდი, რამდენად ღირს ამის შემდეგ მიუნხენში დარჩენა," - ეს ვან ბომელის სიტყვებია, ხოლო შალკელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა კი დასძინა, ასეთი საშინელი საქციელის მომსწრე პირველად გავხდი, კინაღამ გული ამერიაო.

"ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ფანების გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა - რობენმა მათ უნდა გაუგოს და არა მგონია, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყოს, რადგან მთელ სტადიონს არ დაუსტვენია, ქომაგების საკმაოდ დიდმა ნაწილმა მას ტაში დაუკრაო.

"ბაიერნის" ფეხბურთელები და ჰოლგერ ბადშტუბერი კი ჰაინკესს არ ეთანხმებიან და თავს რობენთან ერთად შეურაცხყოფილად გრძნობენ.

რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს აზრით, სტვენის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ რობენმა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან კონტრაქტით იყო გადაწყვეტილი, რომ არიენი ამ მატჩს ჰოლანდიის ნაკრების რიგებში ჩაატარებდა. თუმცა რუმენიგემ ფანების საქციელი დაგმო - რობენის სტვენის უფლება არავის აქვსო.

ვინ დარჩება სახლში?
როგორც ჩანს, ვან მარვიიკმა "ბაიერნთან" ტესტ-მატჩიდან საბოლოო დასკვნები გამოიტანა, რადგან ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა გუშინ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო სიას შაბათს გამოვაქვეყნებო.

ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, პოლონეთსა და უკრაინაში გამგზავრების ძალიან კარგი შანსი აქვს იბრაჰიმ აფელაის, რომელიც ნაკრებთან ერთად ჯერ არ იმყოფება.

ვერ ვიტყვით, რომ "ბაიერნთან" ამხანაგურ შეხვედრაში ბევრმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მოინდომა, მაგრამ ზოგიერთები მართლაც შესანიშნავად დაიხარჯნენ - ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებზე ითქმის, რომელთა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მაგალითად - "ჰერენვენის" 20 წლის თავდამსხმელ ლუსიანო ნარსინგზე, რომელმაც გოლის გატანაც შეძლო.

"გარკვეული წარმოდგენები ამ შეხვედრამდეც მქონდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ბევრ რამეში გავერკვიე," - განაცხადა ვან მარვიიკმა და იქვე დასძინა, შაბათს 27-კაციან სიას ოთხ ფეხბურთელს გამოვაკლებ და საბოლოო შემადგენლობას დავასახელებო.

ნარსინგთან ერთად, "ბაიერნთან" კარგად ითამაშა 18 წლის იეტრო ვილემსმაც, რაც ვან მარვიიკმაც აღნიშნა და ნარსინგიც შეაქო.

ჰოლანდიელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ სახლში დარჩენის საფრთხე ვურნონ ანიტას (აიაქსი), ლუუკ დე იონგს (ტვენტე), სიემ დე იონგს (აიაქსი), იერემაინ ლენსს (ეინდჰოვენი), ადამ მაჰერს (ალკმაარი) და კევინ სტროოტმანს (ეინდჰოვენი) ემუქრებათ.

იბრაჰიმ აფელაის კი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს. ეს უკანასკნელი ჰოლანდიის ნაკრებს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ შეუერთდება.

აქვე, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჰოლანდიის ნაკრების 27-კაციან სიას:

მეკარეები: მაარტენ სტეკელენბურგი (რომა), ტიმ კრული (ნიუკასლი), მიჩელ ვორმი (სუონსი).
მცველები: ვურნონ ანიტა (აიაქსი), ხალიდ ბულარუზი (შტუტგარტი), ვილფრედ ბოუმა (ეინდჰოვენი), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი), იორის მატიისენი (მალაგა), რონ ვლაარი, (ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი), იეტრო ვილემსი (ეინდჰოვენი).
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა), მარკ ვან ბომელი (მილანი), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი), ვესლი სნეიდერი (ინტერი), კევინ სტროოტმანი (ეინდჰოვენი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ადამ მაჰერი (ალკმაარი), სტიინ სხაარსი (სპორტინგი),
თავდამსხმელები: კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე), ლუუკ დე იონგი (ორივე - ტვენტე), სიემ დე იონგი (აიაქსი), დირკ კუიტი (ლივერპული), იერმაინ ლენსი (ეინდჰოვენი), ლუსიანო ნარსინგი (ჰერენვენი), რობინ ვან პერსი (არსენალი), არიენ რობენი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული