იოახიმ ლიოვი: ჩვენი მიზანი ჯგუფში სამივე თამაშის მოგება და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გასვლაა

AutoSharing Option
შვეიცარიასთან ტესტ-მატჩის წინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენცია გამართა და ბუნდესგუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

გთავაზოვთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს ბუნდესმწვრთნელის იმ პრესკონფერენციიდან.

მიროსლავ კლოზე
"სანამ მირო შემოგვიერთდებოდა, მასზე ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი, რადგან ბოლო დროს ტრავმებმა შეაწუხა და ფორმიდანაც ამოვარდა, მაგრამ კლოზე ვარჯიშებზე იმდენად კარგად გამოიყურება, რომ საერთოდ აღარ ვნერვიულობ.

მივხვდი, რომ პრობლემები გადაღლილობის ბრალი იყო - ფაქტია, "ლაციოში" ძალიან ბევრს ავარჯიშებდნენ. ცოტა დავასვენეთ და ისევ ფორმაშია - ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება.

იმედი მაქვს, რომ უახლოეს ორ კვირაშ ფორმას ბოლომდე
აღიდგენს. ახლა მირო სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს.

მეკარეები
მეკარეებს ყოველ წუთს ვერ ვაკვირდები, მაგრამ ამის გამო არ ვდარდობ, რადგან ანდრეას კიოპკეს (გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი - ავტ.) ასი პროცენტით ვენდობი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამივე კიპერი ძალიან მონდომებულია.

ბუნდესგუნდის შეფ-სკაუტ ურს ზიგენტალერის როლი
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისწყრის შემდეგ მან ჩვენგან კონკრეტული დავალება და გეგმა მიიღო: ურსს ჩვენი თითოეული მეტოქის მინიმუმ ორი თამაში უნდა ენახა. ასეც მოიქცა და მე მის მოსაზრებებს ვენდობი, რადგან ვიცი, რომ თამაშებს იდეალურად აანალიზებს.

თუმცა ჩვენ მხოლოდ მეტოქეების თამაშის ანალიზზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით. ცხადია, მნიშვნელოვანია, როცა მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები იცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტოქეს შენი თამაში უნდა მოახვიო თავს.

ილქაი გიუნდოგანი
შვეიცარიასთან გიუნდოგანს აუცილებლად ვათამაშებ. ილქაი ძალიან კარგი ფეხბურთელია და გერმანიის ნაკრებში ამიტომაც მოხვდა.

ბევრი რომ არ ვისაუბრო, მოკლედ ვიტყვი: გიუნდოგანი პატარა შვაინშტაიგერია - პასებს ძალიან კარგად ანაწილებს და მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია.

ბაიერნის ფეხბურთელები
ის ფაქტი, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები გვიან შემოგვიერთდებიან, უკვე ოდნავადაც აღარ მაღელვებს. ცუდი ის არის, რომ შვაინშტაიგერი ძალიან დიდხანს იყო ტრავმირებული და ახლა ვფიქრობთ, იქნებ მისთვისაც ინდივიდუალური პროგრამის დანიშვნა სჯობდეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხი "ბაიერნის" ფეხბურთელებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყოს.

ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ტურნირია და ვფიქრობ, ბაიერნელებს მოტივირება არ გაუჭირდებათ.

შვაინშტაიგერის როლი
მხოლოდ იმიტომ, რომ შვაინიმ "ჩელსისთან" გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, გერმანიის ნაკრებში მისი როლი და რანგი არ შეიცვლება. შვაინშტაიგერი ბუნდესგუნდის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფიგურაა.

მარკო როისი
ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სერიოზულად ვფიქრობ იმაზე, რომ როისი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოვიყენო. ზოგადად, მარკოს წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და როისს მეც ყველგან მოვიაზრებ.

ერთადერთი პოზიცია, რომელზეც მარკოს დატვირთვას გამოვრიცხავ, გამთამაშებლის ადგილია, რადგან თავდამსხმელის უკან დგომა მესუთ იოზილს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

როისი განსაკუთრებით ისეთ გუნდებთან გამოგვადგება, რომლებიც აქცენტს დაცვით ფეხბურთზე და დერეფნების ჩაკეტვაზე აკეთებენ. როისი ბურთთან ერთად თუ ბურთის გარეშე ძალიან სწრაფად მოძრაობს, რაც ასეთი გუნდების წინააღმდეგ განსაკუთრებული იარაღია.

პორტუგალიასთან მატჩი
ბოლო დროს გერმანულ პრესაში ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. ექსპერტები ხშირად მიმოიხილავენ იმას, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ პორტუგალიელებთან და როგორ უნდა შევაჩეროთ კრიშტიანო რონალდო.

ჩემი აზრით, ჩვენს თამაშზე უფრო უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, ვიდრე პორტუგალიაზე.

ეგოიზმი გერმანიის ნაკრებში
ფეხბურთელებს, რომლებიც გამოვიძახე, ეგოისტობის არაფერი ეტყობათ და დამერწმუნეთ, თუ რომელიმეს ეგოიზმისკენ მიდრეკილებას შევამჩნევ, ეს მას ძვირად დაუჯდება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ და ძალიან კარგად იქცევიან.

რატომ არ ავარჯიშებს გუნდს სტანდარტულებზე
მართალია: სტანდარტულებზე განსაკუთრებით არ ვვარჯიშობთ, მაგრამ ამას ჯერჯერობით აზრიც არ აქვს, რადგან ბაიერნელების სახით ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. შესაბამისად, რა აზრი აქვს სტანდარტულ მდგომარეობებზე ვარჯიშს, თუკი კუთხურები და ჯარიმები სხვებმა უნდა შეასრულონ?

თანაც, სტანდარტულებზე მუდმივად ვარჯიშიც არაა აუცილებელი და სხვათა შორის, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გერმანიის ნაკრებმა გოლები სხვანაირად უნდა გაიტანოს.

თუმცა სტანდარტულებზე აუცილებლად ვივარჯიშებთ, ოღონდ მაშინ, როცა ბაიერნელებიც გუნდთან ერთად იქნებიან.

პლატინის კრიტიკა ლამის მიმართ
არ ვიცი, რა თქვა ფილიპმა უეფაზე ან კონკრეტულად მიშელ პლატინის შესახებ, ამ უკანასკნელის საპასუხო განცხადება კი დღეს დილით წავიკითხე. ფეხბურთელები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება და თუ სურვილი აქვთ, თავიანთი მოსაზრების გამოთქმას მათ ვერავინ დაუშლის, მაგრამ მე მინდა, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვიყოთ კონცენტრირებულები.

უახლოესი დღეების პროგრამა
ახლა წინა პლანზე ტაქტიკაა - შეტევა, დაცვა, სწრაფი გადასვლა დაცვიდან შეტევაზე და დაცვაში კომპაქტურად დგომა.

როცა ბაიერნელებიც შემოგვიერთდებიან, ბევრი მუშაობა მოუწევთ, რადგან ჩვენ უკვე ძალიან წინ ვართ წასულები.

ფილიპ ლამის პოზიცია
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ფაქტია, რომ ფილიპს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ახლა მთავარია, როგორ წარმოაჩენენ თავს სხვა განაპირა მცველები. მარცელ შმელცერი მარცხენა ფლანგზე ძალიან მომწონს, ხოლო მარჯვნივ ჟერომ ბოატენგს და ბენედიქტ ჰიოვედესს შეუძლიათ თამაში.

ამ დღეებში ლამს დაველაპარაკები და სიტუაციას ერთად გავაანალიზებთ. ვარჯიშებზე ბოატენგს, შმელცერს და ჰიოვედესს განსაკუთრებით ვაკვირდები. შვეიცარიასთან მატჩი დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მომცემს.

პორტუგალია, ჰოლანდია, დანია
ყველა პორტუგალიაზე და ჰოლანდიაზე საუბრობს, დანიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები კი რატომღაც ავიწყდებათ. არადა, ეს გუნდი ფიფას რეიტინგში საუკეთესო ათეულს მიუახლოვდა.

დანიელები დაახლოებით შვეიცარიის ნაკრებივით თამაშობენ - აქცენტს მყარ დაცვასა და სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებენ. სკანდინავიელებს ჩვენს ჯგუფში დასაკარგი არაფერი აქვთ და თავისუფლად ითამაშებენ.

ჩვენი მიზანი ჯგუფში სამივე თამაშის მოგება და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გასვლაა.

ბოატენგის და შვაინშტაიგერი ტრავმები
გუშინ ჩვენმა მთავარმა ექიმმა მიულერ-ვოლფარტმა ორივე შეამოწმა და დაასკვნა, რომ სერიოზული არაფერია. ჟერომს და ბასტიანს ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის გამოტოვების საფრთხეც კი არ ემუქრებათ.

საბოლოო განაცხადი
არ მინდა, რომ საზოგადოებამ გაფართოებული სიიდან ფეხბურთელების ამოშლას ნეგატიურად შეხედოს. მოთამაშეები, რომლებიც გაფართოებულ სიაში მოხვდნენ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებენ კიდეც, მაგრამ საბოლოო განაცხადში მხოლოდ 23 ფეხბურთელი უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგ-ზოგიერთებს იმედები გაუცრუვდებათ.

კარგი ის არის, რომ ამ დღეებში ყველა თანაბარ მდგომარეობაშია და ყველას აქვს თავის გამოჩენის შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული