რაიმონ დომენეკი: მინიმუმ, ნახევარფინალი

AutoSharing Option
ალბათ, გახსოვთ, რა ამბები მოჰყვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ რაიმონ დომენეკთან ვადამდე ადრე კონტრაქტის გაწყვეტას.

სპეციალისტმა ჩათვალა, რომ მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენისა, ამის საფუძველი არ არსებობდა და ფედერაციას სასამართლოში უჩივლა.

ხსენებული ორგანიზაციის ახალმა პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ პირადად ითავა მუსიე დომენეკთან მოლაპარაკება.

რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მხარეები თითქმის მილიონევროიან კომპენსაციაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ფეხბურთელებთან მომხდარი სერიოზული კონფლიქტისა, დომენეკი მათ წარმატებას უსურვებს და ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის ასახელებს.

აი, რას ამბობს ის: "საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის ვხედავ. 18 მატჩი წაგების გარეშე,
მათ შორის, გამარჯვებები ინგლისთან, გერმანიასა და ბრაზილიასთან ამის საფუძველს ნამდვილად მაძლევს. ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში ინგლისთან იოლად უნდა ვიმარჯვოთ, რადგან ჰოჯსონის გუნდს ძალიან აკლია ხარისხი.

შემდეგ არ უნდა წავაგოთ უკრაინასთან და თუკი ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ ჯგუფიდან გავალთ.

აუცილებელია, რომ ლორან ბლანის გუნდის გვწამდეს, რადგან, როცა ამბიციები არ არსებობს, ამან გუნდს, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს.

ვფიქრობ, საფრანგეთს, მინიმუმ, 1/2-ფინალში გასვლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ეძებს თავის სტილს და ჩამოყალიბებული ლიდერი ჯერ კიდევ არ ჰყავს. პირადად მე რაც შემეხება, კარიერას, ალბათ, სექტემბრიდან განვაახლებ. ისევ და ისევ ნაკრებში მინდა მუშაობის დაწყება".

საბრძოლო განწყობაზეა "მამლების" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა, მაგრამ ის დომენეკივით ოპტიმისტი არ არის და "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ: "საფრანგეთის ნაკრებისთვის წარმატებად უნდა ჩაითვალოს 1/4-ფინალში გასვლა.

იმედია, ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშებთ. ახლა განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, როცა გულშემატკივართა განსაკუთრებული მხარდაჭერის გარეშე მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება. აუცილებელია, რომ ფანებმა იწამონ ჩვენი ზუსტად ისე, როგორც ზიდანისა და ბლანის გუნდისა სწამდათ. ჩვენ წინაშე კონკრეტული ამოცანაა - გავიდეთ ჯგუფიდან. ტურნირის მოგებაზე ახლა არავინ ფიქრობს".

შაბათს საბოლოოდ გაირკვა, რომ "სამფეროვანთა" რიგებს "მარსელის" 25 წლის თავდამსხმელი ლოიკ რემი დააკლდება. ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა 13 მაისს "ოსერთან" ლიგა 1-ის 37-ე ტურის შეხვედრაში (3:0) მეორე ტაიმის დებიუტში მიიღო.

ლორან ბლანმა მას შეკრებაზე მაინც უხმო იმის იმედად, რომ რემი მალე მოკეთდებოდა, მაგრამ კვირაზე მეტხანს დაკვირვების შემდეგ ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. რემი ბლანის გუნდის ძირითადი თავდამსხმელი იყო საკვალიფიკაციო შეხვედრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული