ბერტ ვან მარვიიკმა ჰეიტინგა გალანძღა!

AutoSharing Option
ჰოლანდია-ბულგარეთი 1:2
ჰოლანდია (4-2-3-1): კრული - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი (16. ბოუმა), ვილემსი (64. სხაარსი) - ვან ბომელი, დე იონგი (85. სტროოტმანი) - ვან პერსი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი (64. კუიტი) - ჰუნტელაარი (77. რობენი).
ბულგარეთი (4-1-4-1): კოლევი (72. კვოროვიჩი) - მილიევი (56. სტოიანოვი), ბოდუროვი, ივანოვი (72. ილიევი), მინევი - დიაკოვი - მანოლევი, გაჯევი, მილანოვი (85. ზლატინსკი), პოპოვი (78. ტონევი) - ბოჟინოვი (60. მიჩანსკი).
გოლები: 1:0 ვან პერსი (45), 1:1 პოპოვი (50-პენ), 1:2 მიჩანსკი (92)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, ვან დერ ვაარტი,
კუიტი - ბოდუროვი, დიაკოვი
მაყურებელი: 52 342

ჰოლანდიის ნაკრებმა ამსტერდამში ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხი განიცადა.

ბულგარელებს, რომლებსაც ლუბოსლავ პენევი წვრთნის, საშუალო დონის გუნდი ჰყავთ და აქედან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის წაგება ორმაგად მოულოდნელი გახლდათ. თანაც, ჰოლანდიელთა თავკაც ბერტ ვან მარვიიკს, ფაქტობრივად, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა.

ნარინჯისფერებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის იეტრო ვილემსს, რომელიც ვან მარვიიკმა სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და მხოლოდ მეორე ტაიმში შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მან ძირითადში კლაას-იან ჰუნტელაარიც ათამაშა და რობინ ვან პერსიც, ჰოლანდიელებს წინა ხაზზე ძალიან უჭირდათ - აკლდათ იდეები და ხეირიან კომბინაციებს ვერ ათამაშებდნენ.

ბულგარელები დაცვაში კარგად იდგნენ და ვან პერსი-სნეიდერი-ვან დერ ვაარტი-ჰუნტელაარის კვარტეტს ბევრი არაფერი გააბედვინეს. პირველი ტაიმის მიწურულს ბულგარეთი სულაც კინაღამ დაწინაურდა - ბოჟინოვმა ჯარიმა კარგად შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

სამაგიეროდ, ჰოლანდიელთა მომდევო შეტევა დასრულდა გოლით: ვან პერსიმ სნეიდერის ბრწყინვალე პასით ისარგებლა და ჰოლანდიამ ტაიმი 1:0 მოიგო.

ჰეიტინგას უპატიებელი შეცდომა
ვან მარვიიკის გუნდს უკეთ არც მეორე ტაიმში უთამაშია, ბულგარეთმა კი უფრო მეტად მოინდომა და შედეგსაც მიაღწია.

სტუმრებმა ანგარიში საეჭვო პენალტით გაათანაბრეს - მსაჯმა ტეიშეირა ვიტიენესმა თერთმეტმეტრიანი იმის გამო დანიშნა, რომ მილიევის ჩაწოდების შემდეგ ვან დერ ვაარტს ბურთი ხელზე შეეხო.

პოპოვმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1. ამის შემდეგ ჰოლანდიელებმა მეტად მოინდომეს, მაგრამ წინა ხაზზე მაინც არაფერი გამოსდიოდათ - ვან მარვიიკის გუნდს ვერც რობენმა უშველა, რომელსაც "ამსტერდამ არენა" უდიდესი ოვაციებით შეხვდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბულგარელებმა მოულოდნელად გამარჯვების გოლი გაიტანეს, რომელიც მიჩანსკის ანგარიშზეა: ამ უკანასკნელმა ჰეიტინგას უპატიებელი შეცდომით ისარგებლა.

მატჩის მე-16 წუთზე იორის მატიისენი დაშავდა და შესაცვლელი გახდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ცენტრალური მცველის ტრავმა სერიოზული არ არის და მატიისენს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება.

"პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მეორე ნახევარი კი ყველაზე უარესი იყო იმ ტაიმებში, რაც ჰოლანდიას ჩემს ხელში უთამაშია. ვერ ვხვდები და ალბათ ვერც ვერასდროს მივხვდები, როგორ მოახერხა ჰეიტინგამ ასეთი შეცდომის დაშვება," - განაცხადა მატჩის შემდეგ ვან მარვიიკმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ჰოლანდიელები როტერდამში სლოვაკეთს უმასპინძლებენ, ხოლო შაბათს ისევ ამსტერდამში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდებიან.

სენსაცია: ბოუმა ევროპის ჩემპიონატზე!
ვან მარვიიკმა შაბათს დაპირება შეასრულა და ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ღირსებას დაიცავენ. როგორც იცით, "ნარინჯისფერების" თავკაცს გაფართოებულ სიაში 27 მოთამაშე ჰყავდა - შესაბამისად, შაბათს მან ამ სიას 4 ფეხბურთელი გამოაკლო.

ესენი არიან: "აიაქსის" ფეხბურთელები ვურნონ ანიტა და სიემ დე იონგი, ალკმაარელი ადამ მაჰერი და "ეინდჰოვენის" ფეხბურთელი იერემაინ ლენსი.

ძალიან ბევრი არ ელოდა და სენსაციად შეირაცხა განაცხადში 33 წლის მცველის, ვილფრიდ ბოუმას (ეინდჰოვენი) შეყვანა, რომელსაც ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ოთხი წლის წინ ჰქონდა ჩატარებული. ბევრს უკვირს საბოლოო სიაში 18 წლის ვილემსის მოხვედრაც.

ჰოლანდიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მაარტენ სტეკელენბურგი (რომა), ტიმ კრული (ნიუკასლი), მიჩელ ვორმი (სუონსი).
მცველები: ხალიდ ბულარუზი (შტუტგარტი), ბილფრიდ ბოუმა (ეინდჰოვენი), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი), იორის მატიისენი (მალაგა), რონ ვლაარი (ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი), იეტრო ვილემსი (ეინდჰოვენი).
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა), მარკ ვან ბომელი (ეინდჰოვენი), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი), სტიინ სხაარსი (სპორტინგი), ვესლი სნეიდერი (ინტერი), კევინ სტროოტმანი (ეინდჰოვენი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).
თავდამსხმელები: კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე), ლუუკ დე იონგი (ტვენტე), დირკ კუიტი (ლივერპული), ლუასიანო ნარსინგი (ჰერენვენი), რობინ ვან პერსი (არსენალი), არიენ რობენი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული