იოახიმ ლიოვმა კაკაუ წაშალა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა 29 მაისს უნდა დაესახელებინა, მაგრამ ეს, ყველასათვის მოულოდნელად, 28 მაისს გააკეთა.

ბუნდესგუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 27 ფეხბურთელი გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ იოგის სახლში 4 ფეხბურთელი უნდა გაეშვა. 28 მაისს, საღამოს, ბუნდესმწვრთნელმა სწორედ ეს ოთხი ფეხბურთელი ჩამოთვალა.

მაშ ასე, ლიოვმა ევრო 2012-ის განაცხადს მიღმა შემდეგი ფეხბურთელები დატოვა: მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, "შალკეს" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი, დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი და "შტუტგარტის" წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი კაკაუ.

გერმანული
საფეხბურთო საზოგადოებისთვის ყველაზე მოულოდნელი, ცხადია, კაკაუს განაცხადს მიღმა დატოვება აღმოჩნდა.

მართალია, ამ უკანასკნელს ბუნდესლიგაში კარგი სეზონი არ ჩაუტარებია, მაგრამ რაკი ლიოვს გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ტიპური ცენტრფორვარდი ჰყავდა და მათ შორის ერთ-ერთი კაკაუც იყო, გერმანელი ექსპერტები ამ უკანასკნელზე უარის თქმას, ფაქტობრივად, გამორიცხავდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ იოგი ორი ცენტრფორვარდის (კლოზე, გომესი) იმედად არ დარჩებოდა.

რისკი? როისი ხომ არსებობს!
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში იოგი ხშირად იმეორებდა, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციების შესრულება მარკო როისსაც შეუძლია და მე იგი გომესისა და კლოზეს პოტენციურ შემცვლელადაც მიმაჩნიაო, რაც პირველი ნიშანი გახლდათ იმისა, რომ კაკაუს ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული არ ჰქონდა.

თანაც, გერმანიის ნაკრები უმეტესად ერთი ცენტრფორვარდით თამაშობს და თუ როისის ფენომენსაც გავითვალისწინებთ, ევრო 2012-ზე მხოლოდ ორი ტიპური ცენტრალური თავდამსხმელის წაყვანა არც ისე სარისკო გადაწყვეტილებაა.

იმედგაცრუებულები არიან ტერ შტეგენი, სვენ ბენდერი და დრაქსლერიც. "გლადბახის" კიპერსა და "შალკეს" ახალგაზრდა შემტევზე უარის თქმა მოსალოდნელი იყო, ბენდერზე კი - ნაკლებად სავარაუდო. სამაგიეროდ, იოგიმ განაცხადში დატოვა სვენის ტყუპისცალი, "ლევერკუზენის" ნახევარმცველი ლარს ბენდერი. ექსპერტები უფრო ამ უკანასკნელის განაცხადს მიღმა დატოვებას ვარაუდობდნენ.

უიღბლო ოთხეულს გუშინ საღამოს გერმანიის ნაკრებთან ერთად აღარ უვარჯიშია - ტერ შტეგენი, ბენდერი, დრაქსლერი და კაკაუ სახლებში დაბრუნდნენ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლიოვი ოთხივეს პირადად ესაუბრა და აუხსნა, რატომ არ მიჰყავს ისინი კონტინენტის პირველობაზე. ბუნდესმწვრთნელი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს დღეს გააკეთებს, გუშინ კი თავად უიღბლოებმა ისაუბრეს.

იმედგაცრუებულთა რეაქციები
კაკაუ: "ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან მინდოდა და ცხადია, გულდაწყვეტილი ვარ. გერმანიის ნაკრებში უდიდესი კონკურენციაა და მწვრთნელის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია.

ფაქტია, რომ ვარჯიშებზე თავი არ დავზოგე. მიუხედავად განაცხადს მიღმა დარჩენისა, თავს მაინც გერმანიის ნაკრების წევრად ვგრძნობ და ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე მაგრად ვუქომაგებ."

ტერ შტეგენი: "რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ამ მოვლენას პოზიტიურად ვუყურებ - ამ დღეებში უდიდესი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიასთან დავმარცხდით, ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ იოახიმ ლიოვი მომავალში არაერთ შანსს მომცემს."

სვენ ბენდერი: "ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ მთელი კარიერა წინ მაქვს და მჯერა, ბუნდესგუნდთან ერთად არაერთ დიდ ტურნირზე ვითამაშებ.

მიხარია, რომ ჩემი ძმა ლარსი განაცხადშია და ევრო 2012-ის ერთ-ერთი მონაწილე იქნება. იმედი მაქვს, რომ ბიჭები ევროპის თასით დაგვიბრუნდებიან."

დრაქსლერი: "ჩემთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც უდიდესი წარმატება იყო. ეროვნულ გუნდთან ერთად ვარჯიშით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ცხადია, კარგი იქნებოდა, საბოლოო განაცხადში რომ მოვხვედრილიყავი, მაგრამ არა უშავს - ჯერ ძალიან პატარა ვარ და მომავალი წინ მაქვს."

გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ტიმ ვიზე (ვერდერი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (სამივე ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), მარსელ შმელცერი, მატს ჰუმელსი (ორივე ბორუსია /დ/), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე).
ნახევარმცველები: ანდრე შიურლე, ლარს ბენდერი (ორივე ლევერკუზენი), მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი (ორივე ბორუსია /დ/), სამი ხედირა, მესუთ იოზილი (ორივე რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), მარკო როისი (ბორუსია /დ/).
თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული