საფრანგეთის ნაკრები: იოლი გამარჯვება არ არსებობს, ისლანდიასთანაც კი

AutoSharing Option
საფრანგეთი-ისლანდია 3:2
საფრანგეთი: მანდანდა, დებიუში, ევრა, რამი, მექსესი, კაბაი (ჟირუ 59), გურკუფი (რიბერი 75), ნასრი (მალუდა 60), მენეზი (ვალბუენა 75), ბენ არფა (ა. დიარა 59), ბენზემა (მარტენი 60)
ისლანდია: ჰალდორსონი, ვალგარდსონი (სკულასონი 57), რ. სიგურდსონი, იონსონი (დანიელსონი 66), ბიარნასონი, გ. სიგურდსონი, გისლასონი (გუდმუნდსონი 75), არნასონი, იონასონი, გუნარსონი, სიგტორსონი (ჰედინსონი 46)
0:1 ბიარნასონი (28), 0:2 სიგტორსონი (34), 1:2 დებიუში (52), 2:2 რიბერი (85), 3:2 რამი (87)

საფრანგეთის ნაკრებმა ვალანსიენის "სტად დიუ ენოზე" ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიას უმასპინძლა და 0:2-ის ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ კუნძულელები
მაინც დაამარცხა.

ლორან ბლანის გუნდმა ეს სამი ქულა წარმოუდგენელი თავდადების წყალობით მოიპოვა და ძალიან დიდი ენერგია შეალია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შედეგმა ყველანაირი დაღლა გადაწონა.

თამაში მასპინძელთა გააფთრებული შეტევებით დაიწყო, მაგრამ ცივსისხლიანი ისლანდიელები ფავორიტების შეტევებს იოლად უმკლავდებოდნენ. პირველად ჰანეს ტორ ჰალდორსონის კარის ბადე შეირხა.

ეს ქარიმ ბენზემამ მოახერხა, მაგრამ ბელგიელმა არბიტრმა სებასტიან დელფერიემ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 28-ე წუთზე რიურიკ გისლასონმა აკრობატული მოძრაობით ბურთი თავზე აიგდო და ბირკირ ბიარნასონი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

სტივ მანდანდა უძლური აღმოჩნდა, რაიმე ეღონა. მასპინძლებმა გონებაზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ გულფი სიგურდსონმა მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში ჩააწოდა, სადაც ბურთს კოლბეინ სიგტორსონი დახვდა და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. შესვენებამდე ფრანგებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.

შემობრუნების ტაიმი
მეორე ნახევარი ისევ ფრანგების შეტევებით დაიწყო. 52-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ მატიე დებიუში დიდებული პასით დატოვა მეკარესთან პირისპირ.

"ლილის" მცველს 3 მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია. ეფექტური თამაშით დაგვახსომა თავი შეცვლაზე შესულმა ფრანკ რიბერიმ, ვინც ოლივიე ჟირუსთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ 85-ე წუთზე მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

ზუსტად 2 წუთში "მონპელიეს" თავდამსხმელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჯერად დასარტყმელ პოზიციაზე მან ვალენსიელი ადილ რამი გაიყვანა, ვისაც ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

თამაშის დასრულების შემდეგ ფრანკ რიბერიმ შემდეგი რამ განაცხადა: "ეს გოლი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან ბენზემა, ნასრი და ბენ არფა ბევრს მეხუმრებოდნენ თამაშის დაწყებამდე.

მოხარული ვარ არამხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად გუნდის გამოც. ძალიან გვინდოდა მოგება და გულშემატკივრების გახარება.

პირველ ტაიმში ძალიან რთულად წაგვივიდა საქმე, მაგრამ იოლი გამარჯვებები არც არსებობს ისეთ პატივსაცემ გუნდებთან, როგორიც ისლანდიაა. როგორ ბლანმა გვითხრა, ჩვენ, უბრალოდ, ასეთივე სტილში უნდა გავაგრძელოთ თამაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული