ბუნდესგუნდს ერთ მატჩში 5 გოლი ბოლოს 2004 წელს ჰქონდა გაშვებული და ლოგიკურიცაა, ბუნდესქომაგები ევროპის ჩემპიონატის წინ რომ შეშფოთდნენ.
თუმცა გერმანიის ნაკრების დამრიგებელ იოახიმ ლიოვს დაძაბულობა არ ეტყობა. 52 წლის იოგის "ბილდის" ჟურნალისტი ესტუმრა და ის 8 საკითხი წამოუჭრა, რაც გაზეთის მკითხველებმა ყველაზე მნიშვნელოვან თემებად მიიჩნიეს. ლიოვმა საკმაოდ მძაფრ თემებზე ამომწურავად ისაუბრა:
- იოახიმ ლიოვს ეშინია იმის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩება...
- არა, ამის
- თუ გერმანია ჯგუფში ჩარჩება, ლიოვი ბუნდესმწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება...
- ერთი წამითაც არ ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება ჯგუფში ჩავრჩეთ. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია!
- მეორე ადგილის დაკავება უდიდესი იმედგაცრუება იქნება...
- ვიცი, რომ მთელი საფეხბურთო გერმანია ასე ფიქრობს და ისიც ვიცი, რომ ამას წინათ, მესუთ იოზილმა ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ეს წინადადება თქვა.
ასეთი განწყობა ძალიან კარგია, მაგრამ მორჩა: ამიერიდან ამ თემაზე აღარ ვისაუბრებთ. ორიოდე დღის წინ ბიჭებსაც ვუთხარი, რომ არაფრის მოსმენა ან წაკითხვა არ მინდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მეტოქე მეოთხედფინალში, ნახევარფინალში ან ფინალში.
ვუთხარი, რომ აღარ გამაგონონ ლაპარაკი ფინალზე ან ტიტულზე. კარგია, რომ ჩემპიონობა უნდათ, მაგრამ დღეიდან ჩვენ ყველამ მხოლოდ პორტუგალიაზე უნდა ვიფიქროთ.
მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მომდევნო მეტოქეზე და ა.შ. მომავალზე ფიქრის და საუბრის უფლება მხოლოდ ჩვენ, მწვრთნელებს გვაქვს. ფეხბურთელებმა კი მხოლოდ მომდევნო მეტოქეზე, მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ.
- ფილიპ ლამი პორტუგალიასთან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, რადგან კრიშტიანო რონალდოს შეჩერება სწორედ მას უნდა დაევალოს...
- ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ მატჩში სად ითამაშებს ლამი. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ისრაელთან მარცხნივ ვათამაშებ და მხოლოდ ამის მერე გადავწყვეტ, რომელ ფლანგზე უნდა ითამაშოს ფილიპმა პორტუგალიასთან მატჩში.
არ მაინტერესებს, როგორ და სად ითამაშა ლამმა "ბაიერნისა" და "რეალის" დუელებში. სხვათა შორის, მე იმასაც ვფიქრობ, რომ რონალდოსთვის პერსონალური მცველის მიჩენას აზრი არ აქვს.
კრიშტიანო, მინიმუმ, სამმა ფეხბურთელმა ერთად უნდა შეაჩეროს და შეგიძლიათ გამორიცხოთ ის, რომ რონალდოს მხოლოდ ერთ მცველს ჩავაბარებ.
- დაცვის ცენტრში ბადშტუბერის მეწყვილე ჰუმელსი იქნება, რადგან მან გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პერ მერტეზაკერზე თავდაჯერებულია...
- ვერც ამ მოსაზრებას დაგიდასტურებთ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო მაქვს - ისრაელთან მატჩს და მომდევნო ვარჯიშებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. კონკურენცია აუცილებელია და მიხარია, რომ გერმანიის ნაკრებში ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა.
შვეიცარიასთან მატჩში პერმაც და მატსმაც ინდივიდუალური, პოზიციური შეცდომები დაუშვეს. ვარჯიშებზე მერტეზაკერი ძალიან კარგად გამოიყურება და ერთი სიტყვით, ვინც დღეიდან პორტუგალიასთან მატჩამდე ყველაზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის ითამაშებს ბადშტუბერის გვერდით.
- შვაინშტაიგერი ევროპის ჩემპიონატს ცუდ ფორმაში მყოფი შეხვდება...
- შვაინშტაიგერი ძალიან დიდხანს იყო ლაზარეთში - ისევე, როგორც კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი: კლოზე, გიოტცე და მერტეზაკერი. ამ დღეებში კარგად უნდა დავაკვირდეთ, შეიძლება თუ არა მათი ასი პროცენტით დატვირთვა. შვაინიმ ახლო მომავალში ინტენსიურად უნდა ივარჯიშოს, მაგრამ არ ვიცი, როდის შევა საუკეთესო ფორმაში.
- ლიოვმა ფეხბურთელები დაავალდებულა, გერმანიის ჰიმნი ყველამ უნდა იმღეროთო...
- არავის არაფერს ვავალდებულებ. ცხადია, მეც და ჩემს ასისტენტებსაც ძალიან მოგვწონს და გვიხარია, როცა ჰიმნს ყველა მოთამაშე ასრულებს, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაძალებთ - ეს ფეხბურთელებმა თვითონ უნდა მოინდომონ.
თუ ვხედავ, რომ მოთამაშე ამაყობს გერმანიის ნაკრებში თამაშით და ბუნდესგუნდისთვის თავს არ ზოგავს, სულაც არაა აუცილებელი, ჰიმნი იმღეროს იმისათვის, რომ რაღაც-რაღაცებში დამარწმუნოს.
- 2014 წელს ლიოვი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდება, ოლივერ ბირჰოფი კი - მენეჯერი...
- ეს გამორიცხულია, რადგან გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2014 წლის აგვისტომდე მაქვს გაფორმებული, მუნდიალის შემდეგ კლუბის ჩაბარება კი შეუძლებელია, რადგან იმ დროისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბს უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს.
რომელიმე კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავინაცვლებ, თუ საკადრო დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებისა და მოსამზადებელი შეკრების გავლის შესაძლებლობა მექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"