ჯგუფურ ეტაპზე ბასტიან შვაინშტაიგერი ჯოკერი იქნება?

AutoSharing Option
31 მაისს გერმანიის ნაკრებმა ისრაელთან მორიგი ტესტ-მატჩი გამართა, რომელშიც ბასტიან შვაინშტაიგერს მონაწილეობა არ მიუღია - 27 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რომელიც სერიოზული არ არის, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ დროს მიიღოს სერიოზული სახე.

როგორც ირკვევა, შვაინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ბოლომდე გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს და ახლა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის გადასაწყვეტია, დატვირთავს თუ არა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს. ლიოვი კი ამბობს, გარისკვას არ ვაპირებო.

ბუნდესგუნდის სამწვრთნელო შტაბი ამაზე ღიად საუბარს ერიდება, მაგრამ ფაქტია, რომ ევრო 2012-ის შვაინშტაიგერთან ერთად დაწყება
საფრთხეშია.

"ბილდის" ჟურნალისტი გერმანიის ნაკრების ვარჯიშებს აკვირდებოდა და დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე შვაინი ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება.

ბასტიანი არცერთ მნიშვნელოვან გუნდურ ვარჯიშში არ მონაწილეობს და ბურთთან ერთადაც კი არ ვარჯიშობს.

ლიოვი სასტარტოსთვის კროოსს ამზადებს
ზოგადად, შვაინშტაიგერს ცუდი სეზონი ჰქონდა. ჯერ ერთი, ტრავმებმა გატანჯეს, რის გამოც ფორმაში ვერა და ვერ შევიდა; ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა, რის გამოც სახეზე მწუხარება დღემდე ეტყობა.

შვაინი ინტერვიუებზე უარს ამბობს და მუდმივად გერმანიის ნაკრების მთავარ ექიმ მიულერ-ვოლფარტთან ერთადაა - მისი ბედი ახლა სწორედ ამ უკანასკნელის ხელშია.

მიუხედავად ბუნდესგუნდის მთავარი ექიმის უდიდესი მონდომებისა, დიდია იმის შანსი, რომ შვაინშტაიგერმა პორტუგალიასთან მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს. მეტიც: "ბილდის" კორესპონდენტი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე ლიოვმა შვაინშტაიგერი მხოლოდ ჯოკრის რანგში გამოიყენოს.

მისი დაკვირვებით, ლიოვი ყოველ ვარჯიშზე ცდილობს ნახევარდაცვის შვაინის გარეშე ფორმირებას და ორმხრივი თამაშის დროს სამი ხედირას და ტონი კროოსს ყოველთვის ერთად ათამაშებს, რადგან ფაქტია, რომ შვაინი 22 წლის კროოსმა უნდა შეცვალოს.

მიულერი და ბადშტუბერი წაკინკლავდნენ
გუშინდელ ვარჯიშზე გერმანიის ნაკრებში მცირე დაპირისპირება მოხდა: ერთმანეთში 23 წლის ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და 23 წლის ნახევარმცველი თომას მიულერი წაკინკლავდნენ.

ეს თომასისა და ჰოლგერის ორთაბრძოლამ გამოიწვია - მიულერმა ბადშტუბერი უხეშად მოცელა, რის შემდეგაც ჰოლგერი თომასს წამოუხტა და უყვირა, ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებო.

მათ შორის მაშინვე თავდამსხმელი მარიო გომესი ჩადგა, რომელმაც ბადშტრუბერს ხელი გადახვია და გვერდით გასწია.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბადშტუბერი ნაწყენი ჩანდა. საბედნიეროდ, მიულერი მასთან მივიდა, მოუბოდიშა და თავზე ხელი გადაუსვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული