ფრანგები უკრაინაში პროტესტის გამო არ ჩავლენ, ინგლისელები - სიძვირის

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა. პოლიტიკაზე წერა ჩვენი გაზეთის საქმე არ არის, მაგრამ...

ფრანგები უკრაინაში არ ჩავლენ
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკრაინაში ჩასვლა კატეგორიულად იუარა.

გადაწყვეტილება საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ვალერი ფურნეირონმა საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დაწყებამდე გაახმოვანა.

"ასე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეშფოთებულები ვართ ევროპული ღირებულებებისადმი უკრაინის მთავრობის დამოკიდებულებით. ლაპარაკია ექსპრემიერ იულია ტიმოშჩენკოს საქმეზე.

ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობეთ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
კი ამის შესახებ ოფიციალურად აცნობებს უკრაინის მთავრობას"
, - განაცხადა "ეკიპთან" ინტერვიუში ქალბატონმა მინისტრმა.

ინგლისელებს ჩემპიონატი არ აინტერესებთ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უეფას მიერ მისთვის გამოყოფილი ბილეთების კვოტიდან (საფრანგეთსა და უკრაინასთან 7,5 ათასი, შვედეთთან 9 ათასი) ნახევრის გაყიდვაც კი ვერ მოახერხა და იძულებულია, ისინი უკან დააბრუნოს.

ამ თამაშებზე მაქსიმუმ 3 ათასი ინგლისელი თუ იქნება. ბუნებრივია, უეფა ბილეთებს უახლოეს დღეებშივე თავისუფალ გაყიდვაში გაუშვებს.

"იმას, რომ ბილეთები ასე ცოტა გაიყიდა, თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, ლონდონიდან კიევში ჩაფრენა ძალიან ძვირი ჯდება. ამას გარდა, უკრაინაში ქალაქიდან ქალაქში დიდ მანძილებზე მოგზაურობა მგზავრობას კიდევ უფრო აძვირებს.

უკრაინაში სასტუმროების ფასები წარმოუდგენლად გაზრდილია. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც შეგიძლია ზღვაზე ნებიერად დაისვენო, როგორც ეს მაგალითად ალგავრეში (პორტუგალიის საზღვაო კურორტი. რედ) იყო, სადაც შეიძლებოდა, ზღვის ნაპირას წამოწოლილიყავი დღის განმავლობაში.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რა უნდა გააკეთოს ინგლისელმა ადამიანმა იმ დღეებში, როცა ჩვენი ნაკრები არ თამაშობს",
- აცხადებს საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელი კევინ მაილსი.

სტუმრებს სპეცრაზმელები დაიცავენ
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკრაინაში ჩასულ საპატიო სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციურ პირად მცველებს მიამაგრებენ.

ამის შესახებ უკრაინული ვებგვერდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერენ.

თანაც ლაპარაკია არა ჩვეულებრივ მილიციელებზე ან დაცვის სამსახურის რიგით წარმომადგენლებზე, არამედ მილიციის სპეცდანიშნულების რაზმ "ტიტანის" მებრძოლებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული