ევრო 2012. გერმანიის ნაკრები: ვერ დაფრინავს და ნერვიულობს

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩი
გერმანია-ისრაელი 2:0
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, მერტეზაკერი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა (67. ლ. ბენდერი), კროოსი (86. გიოტცე) - თ. მიულერი (83. როისი), იოზილი, პოდოლსკი (67. შიურლე) - გომესი (67. კლოზე).
ისრაელი (4-2-3-1): ჰაროში - შპუნგინი, ტიბი, ბენ ჰაიმი, გერშონი - ნაჩო (73. ბიტონი), იადინი (86. ტზედეკი) - ბენაიუნი (46. ვერმუთი), ზაჰავი (67. შაჰარი), მელიკსონი (46. რეფაელოვი) - შეხტერი (46. დამარი).
გოლები: 1:0 გომესი (40), 2:0 შიურლე (82)
მაყურებელი: 43 241

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში ბოლო ტესტ-მატჩი
კი მოიგო, მაგრამ საფეხბურთო გერმანია ისრაელთან 2:0-ით აღფრთოვანებული არ დარჩა.

ცხადია, მიზეზი ის არის, რომ გერმანელებმა ისევ ვერ აჩვენეს საუცხოო ფეხბურთი, ფიფას რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფი ნაკრების დამარცხება კი, ისიც ულამაზო ფეხბურთით, დიდი ვერაფერი მიღწევაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნდესგუნდმა წელს სამი მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთი, სწორედ ეს შეხვედრა მოიგო. გერმანიაში კი უკვე სერიოზულად შიშობენ, რომ ასეთ ფორმაში მყოფ ბუნდესნაკრებს სიკვდილის ჯგუფიდან (გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია, დანია) გასვლა შეიძლება გაუჭირდეს.

ორი კარგი გოლი და მეტი არაფერი
ლაიპციგში გამართული მატჩის ბედი ორმა თვალსასეირო გოლმა გადაწყვიტა: ანგარიში მარიო გომესმა ათი მეტრიდან, მოხდენილი დარტყმით გახსნა, მატჩის მიწურულს კი ანდრე შიურლემ ისრაელის ნაკრების კარი სულაც 20 მეტრიდან დალაშქრა.

ეს იყო და ეს - სხვამხრივ გერმანელებს მოედანზე ხეირიანი ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში 8 ბაიერნელი ათამაშა.

ეს ფაქტი იმიტომ აღვნიშნეთ, რომ წინა ამხანაგური მატჩის წაგება (3:5 შვეიცარიასთან) პირველ რიგში "ბაიერნის" ფეხბურთელების არყოფნას დაბრალდა. ლაიპციგში კი გამოჩნდა, რომ გერმანია ვერც რეკორდმაისტერის ფეხბურთელებით თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ბუნდესგუნდის ფანები ელიან.

ლიოვის ბიჭებს არც მწვავე იერიშები განუხორციელებიათ და ვერც გააზრებულ, მრავალსვლიან კომბინაციებს ათამაშებდნენ სწრაფად.

დაცვის ფრონტი უცვლელია
გერმანიის ნაკრების მცირე ანალიზი დაცვის ხაზიდან დავიწყოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრებისგან 5 გოლის გაშვების შემდეგ ლიოვის გუნდის უკანა ხაზს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.

სამწუხაროდ, ისრაელთან მატჩმა ახალი ვერაფერი დაგვანახვა, რადგან ბენაიუნს და კომპანიას ბუნდესგუნდის უკანახაზელები ფაქტობრივად არ შეუწუხებიათ. იოგიმ დაცვის ცენტრში ამჯერად მერტეზაკერისა და ბადშტუბერის წყვილი გაამწესა, ჰუმელსი კი სკამზე დატოვა, მაგრამ პერისა და ჰოლგერის დუეტზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები გერმანელთა ნახევარზე იშვიათად გადადიოდნენ.

ფლანგის მცველები, ლამი და ბოატენგი შეტევებში ხშირად ერთვებოდნენ, ბოატენგმა კი მე-19 წუთზე ბურთი ძელს მოარტყა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილია: ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე დაცვაში ბოატენგი-მერტეზაკერი-ბადშტუბერი-ლამის კვარტეტს ათამაშებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მარსელ შმელცერს და მატს ჰუმელსს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აღარ აქვთ. ისრაელთან მატჩის შემდეგ მერტეზაკერმაც აღიარა, დღეს მცველებს საქმე არ გვქონდაო...

უჩვეულო სიზანტე შუა ხაზში
ნახევარმცველები განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ - იდეები და მონდომება აკლდათ. კროოსისა და ხედირას ბევრი პასი არაზუსტი იყო. მესუთ იოზილი, რომელსაც ბუნდესგუნდის შეტევების კონტროლი და ორგანიზება ევალება, ძალიან ხშირად უმოქმედო გახლდათ, თომას მიულერი კი ძალიან ცოტას მოძრაობდა და უმეტესად მეტოქე გუნდის მცველებში იკარგებოდა.

სხვებისგან განსხვავებით, პოდოლსკი აშკარად აქტიურობდა და მარცხენა ფლანგიდან ბურთი არაერთხელ ჩააწოდა - რაც მთავარია, სახიფათოდ. უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში იოზილიც გამოსწორდა.

ბასტიან შვაინშტაიგერის გარდა, იოგიმ ისრაელთან ყველა წამყვანი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რაკი შვაინის ტრავმა გაუმიზეზდა, დიდი შანსია, რომ პორტუგალიასთან გერმანიამ სწორედ ასეთი შუა ხაზით ითამაშოს.

ფაქტია, რომ იოზილს და კომპანიას მეტი მობილურობა და მოქნილონა მოეთხოვებათ - ისრაელთან გადაქანცულები ჩანდნენ.

კლოზე მაინც პირველია
მარიო გომესმა თავიდან ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მერე გოლის გატანა მაინც შეძლო. ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე ლიოვი უპირატესობას მიროსლავ კლოზეს მიანიჭებს, გომესი კი მეორე ნომერი იქნება და შესაბამისად, უმეტესად სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა.

რეაქციები
"ნორმალური ტესტი გამოვიდა, თუმცა კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ფაქტია, რომ საგოლე მომენტების გამოყენება გვიჭირს, რაც ძალიან ცუდია.

გუნდი ახლა უფრო ორგანიზებულად უტევდა, ვიდრე შვეიცარიასთან, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს და ერთ კვრიაში რამდენიმე ასპექტი უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება შვაინშტაიგერს: ოთხშაბათის შემდეგ ფეხი აღარ სტკივა, რაც იმას ნიშნავს, რომ სირბილს დაიწყებს, ხოლო გუნდთან ერთად ვარჯიშს სამშაბათიდან განაახლებს",
- განაცხადა მატჩის შემდეგ ბუნდესმწვრთნელმა ლიოვმა.

"რაც მთავარია, მოვიგეთ. მართალია, ბრწყინვალე ფეხბურთი ისევ ვერ ვითამაშეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით", - ეს კაპიტან ლამის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული