ევრო 2012. ჰოლანდიის ნაკრები: ნარინჯისფრებში დაპირისპირებაა!

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბერტ ვან მარვიიკს სადავეები ხელიდან გაურბის: 1 ივნისს ჰოლანდიური პრესა გუნდის შიდა დაპირისპირებაზე წერდა, რაც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტზე ცუდად იმოქმედებს.

საქმე ისაა, რომ თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი და შემტევი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ძირითად შემადგენლობაში თამაშს ითხოვენ, ხოლო ვან მარვიიკი კი ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.

სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში, როგორც კი ვან მარვიიკმა ვესლი სნეიდერი თამაშიდან მოხსნა და მის ნაცვლად მოედანზე ვან დერ ვაარტი შეუშვა, ჰოლანდიის ნაკრების შუა ხაზი მაშინვე გაცილებით მოქნილი და მობილური გახდა.

რაფაელთან
ერთად ნარინჯისფრები გაცილებით აზრიანად უტევდნენ, რამაც მთელი საფეხბურთო ჰოლანდია იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ძირითადში სწორედ ვან დერ ვაარტმა უნდა ითამაშოს. მწვრთნელი კი ჯიუტად აცხადებს, რომ სნეიდერი ურჩევნია.

"ვესლიც ძალიან კარგ ფორმაშია. მე არ ვფიქრობ, რომ ძირითადი შემადგენლობა შესაცვლელია", - განუცხადა ვან მარვიიკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მწვრთნელის ასეთი განცხადება ვან დერ ვაარტს, ცხადია, არ მოსწონს.

"სამწუხაროდ, ვან მარვიიკი სასტარტო შემადგენლობაში არ მომიაზრებს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ", - აცხადებს 29 წლის ნახევარმცველი.

ფანებს ჰუნტელაარი ურჩევნიათ
პრობლემაა წინა ხაზზეც, სადაც, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვან მარვიიკი უპირატესობას რობინ ვან პერსის ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჰუნტელაარი სკამზე უნდა დაჯდეს.

სლოვაკეთთან შეხვედრაში ჰუნტელაარის მოედანზე გამოჩენას ფანები უდიდესი ოვაციებით შეხვდნენ და გაზეთ "დე ტელეგრააფის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ცხადყოფს, რომ გულშემატკივრებს ძირითად შემადგენლობაში "შალკეს" გოლეადორის ხილვა სურთ.

გამოკითხულთა 75%-ის აზრით, ჰუნტელაარმა აუცილებლად უნდა ითამაშოს.

"კარიერაში საუკეთესო სეზონი მქონდა. ამაზე უკეთესად ვერასდროს ვითამაშებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ, - ამბობს 28 წლის ჰუნტელაარი "დე ტელეგრააფთან" ინტერვიუში, - პირადად მეც მიკვირს, იმდენად კარგად ვარ მომზდებული როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ნაკრების ძირითადში ვითამაშო".


ჰოლანდიის ნაკრების ბანაკიდან 1 ივნისს კარგი ინფორმაციაც გავრცელდა: დაცვის ბურჯი იორის მატიისენი ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული