ევრო 2012. რატომ აიჭრა პორტუგალიის ნაკრები?

AutoSharing Option
პორტუგალია-თურქეთი 1:3
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო (71. ედუარდო) - მიგელ ლოპეში (86. კვარეშმა), პეპე, ბრუნო ალვეში (69. რ. კოშტა), კოენტრაო - მოუტინიო, ველოზო (69. კუსტოდიო), მეირელეში (86. ელდერ პოშტიგა) - ნანი, უგო ალმეიდა (73. ნელსონ ოლივეირა), რონალდო.
თურქეთი (4-4-2): ვოლქან დემირელი - ჰამით ალთინთოფი, ირთეგუნი, ტოპრაკი, ქალდირიმი - სარარერი (72. ინანი), ემრე (72. ნ. შაჰინი), ტოპალი (92. ბაითარი), თურანი (81. თურანი) - ბურაქ ილმაზი (61. თორუნი), უმუთ ბულუთი (90. ფექთემექი).
63-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 უმუთ ბულუთი
(35), 0:2 უმუთ ბულუთი (52), 1:2 ნანი (57), 1:3 პეპე (88-საკ. კარში)
მაყურებელი: 62 000

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა და თურქეთის სახით სერიოზული მეტოქე ჰყავდა.

საკუთარი პუბლიკის თვალწინ 1:3-ზე წაგებულ მატჩში ცხადად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელებმა ამ ერთ კვირაში ბევრი რამ უნდა გააუმჯობესონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიშტიანო რონალდოს და კომპანიას სიკვდილის ჯგუფიდან (გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია, დანია) გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

მართალია, პორტუგალიელები თურქებს ბევრ ასპექტში სჯობდნენ, მაგრამ უარყოფითი შედეგი სახეზეა და ეს, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ პაულუ ბენტუს შეგირდებს დასკვნით ფაზაში აშკარად უჭირთ.

თუმცა, ამ მატჩით თუ ვიმსჯელებთ, პორტუგალიას არც დაცვაში ულხინს - უკანა ხაზის ცენტრში პეპესა და ბრუნო ალვეშის დუეტი კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

უგო ალმეიდა შანსებს ანიავებს
პირველ 30 წუთში პორტუგალიელები აშკარად უპირატესობას ფლობდნენ და მათ ცენტრფორვარდ უგო ალმეიდას ანგარიშის გახსნა უკვე მე-40 წამზე შეეძლო, მაგრამ რონალდოს ჩაწოდებით ვერ ისარგებლა და აბსოლუტურად თავისუფალმა, თავური დარტყმით ბურთი ვოლქანის კარს ზემოდან გადააცილა.

მატჩი მაღალ ტემპში გაგრძელდა, თურქებიც მედგრად იბრძოდნენ. 29-ე წუთზე კი ალმეიდას მეორედ შეეძლო პორტუგალიელთა დაწინაურება, მაგრამ ამჯერადაც ვერ ივარგა: კუთხურის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.

ამის შემდეგ უკვე თურქებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ჰამით ალთინთოფმა საჯარიმო დარტყმით მასპინძელთა კარის ძელი შეაზანზარა.

პირველ ტაიმში გოლი მაინც გავიდა და ეს თურქებმა გააკეთეს: სერქან სარარერმა მარცხენა ფლანგზე გაინავარდა, ორი მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოში უმუთ ბულუთი მოძებნა, რომელმაც ფაბიო კოენტრაოს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდოს გათანაბრება შეეძლო, როცა ვოლქან დემირელთან, ფაქტობრივად, პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

დაცვას მიხედე, ბენტუ, დაცვას!
მეორე ტაიმის დასაწყისში თურქებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს და ბულუთის მეორე გოლიც პორტუგალიელი მცველების სინდისზეა: უკანა ხაზმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, დუბლის ავტორმა კი პატრისიოს 17 მეტრიდან გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ბენტუს შეგირდები წინა ხაზზე შიგადაშიგ მართავდნენ ისეთ წარმოდგენებს, როგორსაც პორტუგალიელი ხალხი ელის და ითხოვს.

ოღონდ ეს მხოლოდ რონალდოს და ნანის გამოსდიოდათ - ერთი გოლი სწორედ ამ უკანასკნელმა გაქვითა.

63-ე წუთზე კი რონალდოს ანგარიშის გათანაბრების საუკეთესო შანსი მიეცა, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პენალტი ვერ გაიტანა - ცუდად დარტყმული ვოლქანმა უპრობლემოდ აიღო. ამას უარესი მოჰყვა: 88-ე წუთზე პეპემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

როგორც ზემოთაც ვთქვით, ამ კვირაში პაულუ ბენტუს ბევრი საქმე აქვს. წინა ხაზზე რონალდო-ნანის ტანდემი რაღაცას ნაღდად მოახერხებს და იქნებ, უგო ალმეიდამ თუ არა, ელდერ პოშტიგამ მაინც შეძლოს დამაგვირგვინებელ ფაზაში ხეირის ნახვა. აი, დაცვაში კი პორტუგალიელებს ძალიან ყურადღებით ყოფნა მართებთ. პეპესა და ბრუნო ალვეშს გერმანელები და ჰოლანდიელები ასეთ შეცდომებს არ აპატიებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული