ევრო 2012. ინგლისის ნაკრები. მეოთხე მსხვერპლი - გარი კეჰილი

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩი
ინგლისი-ბელგია 1:0
ინგლისი: ჰარტი, ჯონსონი, კეჰილი (ლესკოტი 19), ტერი (იაგიელკა 70), კოული, პარკერი, მილნერი, ჯერარდი (ჰენდერსონი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (უოლკოტი 66), იანგი (დეფო 66), უელბეკი (რუნი 53)
ბელგია: მინიოლე, ჟიიე, ვერტონგენი, სიმონსი, ვერმალენი, ფელაინი, მერტენსი (ლუკაკუ 72), ვიტსელი, დემბელე, აზარი, მირალიაში (შადლი 59)
გოლი: 1:0 უელბეკი (36)

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2012-ისთვის მზადების პირველი ეტაპი ბელგიასთან დენი უელბეკის გოლით მოგებული შეხვედრით დაასრულა.

როი ჰოჯსონის გუნდს მეტი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი აღარ აქვს. მწვრთნელმა ნორვეგიასთან მოგებული შემადგენლობა სერიოზულად შეცვალა და არც უნანია, რადგან შედეგი
მაინც მიიღო - ინგლისმა კარგად ითამაშა. თუმცა კუნძულელებს ერთი უბედურება მაინც შეემთხვათ: მე-13 წუთზე დრის მერტენსთან შეჯახების მერე გარი კეჰილი ჯო ჰარტს დაეტაკა და ყბა სერიოზულად იტკინა.

მცირე დაზიანება მიიღო ჯონ ტერიმაც, მაგრამ მას სერიოზული არაფერი სჭირს. აი, კეჰილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს. ის შესაძლოა, მეოთხე ინგლისელი აღმოჩნდეს, ვინც ნაკრებს გამოაკლდება. დაზიანებების გამო აქამდე შეკრება ფრენკ ლემპარდმა, გარეთ ბერიმ და ჯონ რადიმ დატოვეს.

თამაში ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო. ბურთს ისინი უკეთ აკონტროლებდნენ. პირველად ანგარიშის გახსნის შანსი მაინც ინგლისელებს მიეცათ, როცა მე-8 წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მილნერის პასის შემდეგ ერთი შეხებით ზუსტად ვერ დაარტყა.

რამდენიმე წუთში ისევ 18 წლის არსენალელს შეეძლო გატანა, მაგრამ კვლავ არაზუსტად დაარტყა. მე-13 წუთზე კი მოხდა ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ. კეჰილთან ბრძოლაში მერტენსმა წესები დაარღვია და გოლი ისე გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა. "ჩელსის" ცენტრალური მცველისთვის თამაში ამით დასრულდა. მოედანზე მის ნაცვლად ჯოლეონ ლესკოტი გამოვიდა. 36-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. მომენტის გმირები "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავები აღმოჩნდნენ - ეშლი იანგის პასით დენი უელბეკმა გაიტანა.

თამაშის ბოლომდე უპირატესობას ინგლისელები ფლობდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ მეტის გატანა ვერ მოახერხეს. ბელგიას გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გიიომ ჟიიეს დარტყმა ძელს მოხვდა. ძელს მოარტყა ჯერმეინ დეფომაც. პრინციპში, სულ ეს იყო. მეტი აღსანიშნავი არაფერი ყოფილა.

მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი:
"გარი კეჰილის მდგომარეობა ბევრად უფრო მეტად მაშფოთებს, ვიდრე ტერისა. იმედს ვიტოვებ, რომ რენტგენის სურათი ყბის მოტეხილობას არ დაადასტურებს და მისი უბედურება მხოლოდ გასიებული სახით შემოიფარგლება. თუკი მხოლოდ ეს იქნება პრობლემა, გარი შეძლებს ჩემპიონატზე თამაშს.

რაც შეეხება ტერის, ის შევ
ცვალე, მაგრამ არა რაიმე სერიოზული პრობლემის გამო. მას მაინც გავაგზავნით მუხლზე გამოსაკვლევად. ყველაფერი ეს შეიძლება დაღლილობის ბრალიც იყოს".

უეინ რუნი: "დღეს უელბეკის თამაში ძალიან მომეწონა. საერთოდაც, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დენისთვის ეს პირველი გოლია ნაკრების შემადგენლობაში. აშკარაა, "სანდერლენდში" 1-წლიანი იჯარა მას დიდად წაადგა, რადგან იქიდან "იუნაიტედს" ის უკვე ბრძოლებში გამობრძმედილი დაუბრუნდა.

დარწმუნებული ვარ, ინგლისის ნაკრები საფრანგეთისა და შვედეთის დამარცხებას შეძლებს. აუცილებელია, რომ ჩვენი თავისა გვჯეროდეს. თუკი ეს რწმენა არ არსებობს, მოედანზე გამოსვლას აზრი არ აქვს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული