ევრო 2012. შვედეთის ნაკრები. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფორმაშია!

AutoSharing Option
D ჯგუფში შვედეთის ნაკრების წარმატებაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ - ამ ქვეჯგუფიდან მეოთხედფინალში გასვლის მთავარი კანდიდატები საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრები გუნდებია.

ბევრი ექსპერტი შვედეთზე წინ უკრაინასაც კი აყენებს და სხვათა შორის, არა მარტო იმიტომ, რომ უკრაინა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.

იმის თქმა გვინდა, რომ ვინც შვედეთს ალმაცერად უყურებს, აშკარად ცდება. ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ შვედების 30 წლის კაპიტანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან კარგ ფორმაშია.

შვედეთის ნაკრების ხსენებაზე დღეს ყველას ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახსენდება - ბანალურად და უკვე დამღლელადაც ჟღერს, მაგრამ ეს
ასეა.

ამასაც თავისი მიზეზი აქვს: საქმე იმაშია, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდიდან არცერთი სხვა ნაკრები არ არის ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ისე დამოკიდებული, როგორც ერიკ ჰამრენის გუნდი იბრაჰიმოვიჩზე. ასე რომ, შვედები პოლონეთსა და უკრაინაში თავს შეირცხვენენ თუ კარგად იასპარეზებენ, ეს ლამისაა, მხოლოდ ზლატანზე იყოს დამოკიდებული.

იბრა კი ახლა მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია, რაც თუნდაც გასულ ოთხშაბათს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დადასტურდა: შვედებმა ისლანდიელები 3:2 დაამარცხეს, ზლატანის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი იყო და ზოგადად, მოედანზე საუკეთესო გახლდათ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ იბრაჰიმოვიჩი ევრო 2012-ისთვის არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მზადაა და სხვათა შორის, წინა დიდი ტურნირებისგან განსხვავებით, ამჯერად მთელი სეზონი ტრავმის გარეშე ჩაატარა და ახლაც სრულ მზადყოფნაშია. თანაც, "მილანის" ფორმით იტალიის ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

კაპიტნობა დამატებითი მოტივაციაა
ზლატანისთვის უდიდესი მუხტია ისიც, რომ ჰამრენმა მას კაპიტნის სამკლავური უბოძა. შვედი მიმომხილველები დღეს უკვე თამამად ამბობენ, თუკი ადრე ისეთი განცდა გვქონდა, რომ იბრა ნაკრებისთვის ბოლომდე არ იხარჯებოდა, ახლა პირიქითაა - შვედეთის ფორმაში საოცრად მონდომებულია და ასეთი მებრძოლი იბრაჰიმოვიჩი დიდი ხანია, არ გვინახავსო.

თუმცა მთელი შვედეთი მაინც არაა ზლატანის ფანი. კრიტიკოსებს ყველაზე მეტად ის არ მოსწონთ, რომ როცა იბრა მოედანზეა, მთელი გუნდი მასზეა ფოკუსირებული და შესაბამისად, შვედეთის ნაკრები ასეთ დროს იოლად პროგნოზირებადი გუნდი ხდება.

მწვრთნელი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება: "ზლატანი ჩვენი გუნდის სუპერვარსკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

არ მესმის, რატომ ამბობს შვედების საკმაოდ დიდი ნაწილი იმას, რომ ჩვენი გუნდი მის გარეშე უფრო წარმატებული იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამდენი საუბრით მას უმძიმესი წნეხის ქვეშ ვაქცევთ და მიუხედავად ამისა, ნაკრებში მაინც ყოველთვის კარგად თამაშობს,"
- აცხადებს ჰამრენი, რომელმაც ბოლო დროს ისევ უარი თქვა 4-4-2-ტაქტიკურ სქემაზე და არაერთხელ გამოცდილ 4-2-3-1-ს დაუბრუნდა, რომელშიც იბრაჰიმოვიჩს ხან ცენტრფორვარდის პოზიციაზე, ხანაც მის უკან ათამაშებს ხოლმე.

მაგალითად, ხორვატიასთან (29 თებერვალს) 3:1-ზე მოგებულ მატჩში იბრა გამთამაშებელი გახლდათ და ერთ გოლთან ერთად ორი საგოლე პასი მიითვალა.

როგორ იქნება ელმანდერის საქმე?
შვედეთის ნაკრების მთავარი პრობლემა დღეს იოჰან ელმანდერის ტრავმაა - საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 31 წლის ფორვარდი ამ კვირაში გამოჯანმრთელებას ვეღარ მოასწრებს და საერთოდ, დიდი შანსია, რომ ჯგუფური ეტაპი მთლიანად გაუცდეს.

ასეთ შემთხვევაში ჰამრენი იბრაჰიმოვიჩს, ალბათ, ისევ ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესებს, რადგან ზლატანს სწორედ ელმანდერის უკან მოიაზრებდა. როზენბერგს, ჰიზენს ან ტოივონენს კი ნაკლებად ენდობა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული